Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 115-დად 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

თ. ლალიაშვილი,

მ. ისაევი

განიხილა ც. დ.-გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 15 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ვანის რაიონული პროკურატურის 2002 წ. 4 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების შეცვლას, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ პროკურატურის 2002 წ. 4 დეკემბრის დადგენილების გაუქმებას და საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წ. ოქტომბერში იმერეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა ც. დ-მ, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ სოფელ მუქედის გამგეობიდან გაცემული არასწორი ცნობების საფუძველზე ვანის რაიონის ტექაღრიცხვის ტერიტორიულ და მიწის მართვის სამსახურებში მისი საცხოვრებელი სახლი ყოფილი მამამთილის _ ნ. გ-ს კომლშია აღრიცხული. ამით ისარგებლა ნ. გ-მ და საშუამავლო ფირმა “აიარსის” მეშვეობით იპოთეკით დატვირთა ეს სახლი. აღნიშნულის გამო ითხოვა იმ პირთა დასჯა, ვინც გასცა და გამოიყენა არასწორი ცნობები.

განცხადება შესასწავლად გადაეცა ვანის რაიონის პროკურატურას. შემოწმებით არ დადასტურდა განცხადებაში აღნიშნული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ვინმეს მიერ გაცემული ან გამოყენებულ იქნა ყალბი საბუთები. ამის გამო პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. პროკურატურის ეს დადგენილება ც. გ-მ გაასაჩივრა ვანის რაიონულ სასამართლოში და ითხოვა მისი გაუქმება. სასამართლომ პროკურატურის დადგენილება მიიჩნია რა დასაბუთებულად და კანონიერად, საჩივრის ავტორს უარი უთხრა მის გაუქმებაზე.

კერძო საკასაციო საჩივარში ც. დ. მიუთითებს, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლიეს მისი საჩივარი და მიიღეს უკანონო გადაწყვეტილებები, რის გამოც ითხოვს მათ გაუქმებას და დამნაშავე პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ვანის რაიონის პროკურატურამ ც. დ-ს განცხადება გამოიკვლია სრულყოფილად და გამოიტანა დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პროკურატურის დადგენილებას და კანონის სრული დაცვით არ მიიღო მისი გაუქმების გადაწყვეტილება.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი, რომელიც მისი ავტორის მიერ ხელმოწერილიც კი არ არის, ვერაფრით ასაბუთებს, რაში გამოიხატება პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა უკანონობა, რატომ უნდა ჩაითვალოს მოქალაქე ნ. გ-ს ან სხვა რომელიმე პირის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად და რომელი ოფიციალური ცნობა თუ ჩანაწერი არის შეგნებულად ყალბად დამზადებული და გამოყენებული.

პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს თავის ყოფილ მამამთილთან აქვს საკუთრების თაობაზე სამოქალაქო დავა, რასაც თვით საჩივარიც ნათლად ადასტურებს და რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პროკურატურამ განცხადების შემოწმების დროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. დ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 15 აპრილის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ც. დ-ს საჩივარი რაიონული პროკურატურის 2002 წ. 4 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.