ბს-1361(კს-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „ვ...ო“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „მ...მა“ 05.02.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ შპს „მ...ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მოპასუხის 24.09.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.2016წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება სხვა საქმის გადაწყვეტამდე. ამავე სასამართლოს 24.07.2018წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „მ...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ვ...ო“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ვ...ოს“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინებით შპს „ვ...ოს“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. პალატამ მიუთითა სსკ-ის 369.1, სასკ-ის მე-12, სსკ-ის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2019წ. გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეებს განემარტათ გასაჩივრების წესი და ვადა, შპს „ვ...ოს“ 02.10.2020წ. ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას წარედგინა 19.10.2020წ., სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი იყო ამავე თარიღში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ვ...ოს“ მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ შპს „ვ...ოს“ საკანცელარიო საქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2019წ. გადაწყვეტილება ჩაბარებულ იქნა 05.10.2020წ., რის შემდეგაც გატარდა პროგრამაში, შესაბამისად, სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაწყებულიყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 02.10.2020წ. ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რომელიც არ არის შპს „ვ...ოს“ თანამშრომელი, იგი ახორციელებდა მხოლოდ შენობის დაცვას. 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო, შპს „ვ...ო“ გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, რის გამო სამუშაო საათების განმავლობაში, კომპანიის ოფისებში თანამშრომელთა ყოფნა არ არის სავალდებულო, მათ შორის კანცელარიის თანამშრომელს არ ევალება სრული სამუშაო დროის სამუშაო ადგილზე გატარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით.
სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2019წ. გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელეს - შპს „ვ...ოს“ საქმეში მითითებულ მისამართზე, გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს „...-ს“ შეტყობინების ბარათის მიხედვით, კორესპონდენცია 02.10.2020წ. ჩაიბარა პირმა, რომლის თანამდებობის გრაფაში მითითებულია ადმინისტრაცია (ს.ფ. 264). კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირი არ იყო კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი, რადგან დასაქმებული იყო სხვა კომპანიაში და მხოლოდ შენობის დაცვის მოვალეობას ასრულებდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ნაგებობის დაცვის მოვალეობის შემსრულებლისთვის გზავნილის ჩაბარება არ ითვლება იმ კომპანიისათვის გზავნილის ჩაბარებად, რომელიც კონკრეტულ ნაგებობაში ახორციელებს საქმიანობას, რადგან სხვა კომპანიაში დასაქმებული დაცვის განმახორციელებელი პირი არც თანამდებობრივად და არც სტრუქტურულად არ არის დაკავშირებული გზავნილის ადრესატთან, მისი თანამდებობრივი ფუნქციები როგორც წესი არ მოიცავს საფოსტო გზავნილების ჩაბარებას ან/და დამუშავებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება. გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს „...-ს“ შეტყობინების ბარათის მიხედვით, კორესპონდენცია 02.10.2020წ. ჩაიბარა ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ხოლო შპს „ვ...ოს“ მიერ რაიმე საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, არ დგინდება, რომ კორესპონდენციის ჩამბარებელი პირი იყო სხვა კომპანიის თანამშრომელი და ასრულებდა მხოლოდ შენობის დაცვის მოვალეობას. ცნობა, ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელიც გზავნილის ჩამბარებელი პირის სხვა კომპანიაში დასაქმებას დაადასტურებს ან მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებზე მიუთითებს, საქმეში დაცული არ არის. გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს „...-ს“ შეტყობინების ბარათის შინაარსის გათვალისწინებით, მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის მითითება ხელმომწერი პირის სხვა კომპანიაში დასაქმების შესახებ, არ ადასტურებს გზავნილის ჩაბარების დასტურზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების არქონას. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომელზეც პირი ამყარებს თავის მოთხოვნას, სწორედ ამ პირს ეკისრება (სსკ-ის 102.1 მუხ.). შპს „ვ...ომ“ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ კორესპონდენცია ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა. აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებს აგრეთვე კერძო საჩივარზე თანდართული ამონაწერი შპს „ვ...ოს“ ელექტრონული პროგრამიდან, რადგან აღნიშნულ პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა ხდება შპს-ს თანამშრომლების მიერ, რის გამო არ ივარაუდება პროგრამაში შეყვანილი მონაცემების უტყუარობა, ამასთანავე, დოკუმენტის შედგენის ფორმატი არ გამორიცხავს მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცულია სხვა გზავნილების ჩაბარების დამდგენი შეტყობინების ბარათებიც, ორ შემთხვევაში გზავნილები ჩაბარებული აქვთ პირებს, რომლებიც უთითებენ, რომ დაცვის თანამშრომლები არიან. ამდენად, როცა გზავნილი შენობის დაცვის განმახორციელებელმა პირმა ჩაიბარა, ამის შესახებ მიეთითა გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში. განსახილველ შემთხვევაში შპს „...-ს“ შეტყობინების ბარათი მსგავს მითითებას არ შეიცავს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 73.8 მუხლი მართალია ახდენს მითითებას ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენციის კანცელარიისთვის ჩაბარების საჭიროების შესახებ, თუმცა იქვე მითითებულია, რომ კანცელარიის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. განსახილველ შემთხვევაში მართალია გზავნილი არ ჩაბარებია კანცელარიას, თუმცა მისამართზე, გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს „...-ს“ შეტყობინების ბარათის მიხედვით, კორესპონდენცია 02.10.2020წ. ჩაიბარა პირმა, რომლის თანამდებობის გრაფაში მითითებულია ადმინისტრაცია (ს.ფ. 264). ორგანიზაციის ადმინისტრაცია როგორც წესი გულისხმობს ორგანიზაციის მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ განყოფილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით, ჩაბარების დრო აგრეთვე უწყების მეორე ეგზემპლარზე აღინიშნება და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5, 73.8 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას თუ უწყებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხის განსაზღვრისას. უკეთუ მხარე არ ეთანხმება და სადავოდ ხდის ჩაბარების დასტურში მითითებულ მონაცემებს, ჩამბარებელი სუბიექტის ვინაობას, მის უფლებამოსილებას ან ჩაბარების თარიღს, მან შესაბამისი - საწინააღმდეგო გარემოების დამდგენი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ვ...ოს“ არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება ჩაბარების დასტურზე ხელმომწერი პირის დასაქმების ადგილისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, რის გამო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ჩაბარების შეტყობინების ბარათში მითითებულ მონაცემებს და თვლის, რომ 02.10.2020წ. შპს „ვ...ოსათვის“ გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაიბარა შპს-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და ამდენად, უფლებამოსილმა პირმა.
შპს „ვ...ოს“ გენერალური დირექტორის მიერ 10.12.2020წ. გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით შპს-ს თანამშრომლები გადაყვანილი არიან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, არ ასაბუთებს კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, რადგან თავად კერძო საჩივრის შინაარსიდან იკვეთება, რომ თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის მიუხედავად, მათ არ ეკრძალებოდათ სამუშაოს შესასრულებლად შესაბამის ოფისში მისვლა. შპს „ვ...ოს“ განმარტების მიხედვით, თანამშრომლებს არ ევალებოდათ სრული სამუშაო დროის სამუშაო ადგილზე გატარება, ამდენად, არ გამოირიცხება დროის გარკვეულ პერიოდში თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნა.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2019წ. გადაწყვეტილება შპს „ვ...ოს“ უფლებამოსილ წარმომადგენელს 02.10.2020წ. ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტას წარედგინა 19.10.2020წ.,- სსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 63-ე, 73-ე, 369-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ...ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი