Facebook Twitter

ბს-403(2კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. პ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. პ-ემ 03.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიმართ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის 10.01.2017წ. N... მომართვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28.02.2017წ.N... მომართვის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.2018წ. გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 10.01.2017წ. მიმართვა მოსარჩელე გ. პ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობაზე, მის სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28.02.2017წ. მიმართვა მოსარჩელე გ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. პ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. პ-ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 11.01.2016წ. ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელის გამო, გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო გ. პ-ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, კერძოდ, ხონის მაგისტრატი სასამართლოს 23.12.2015წ. დადგენილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება), თუმცა აღნიშნული დადგენილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. დადგენილებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ხონის მაგისტრატი სასამართლოს 16.06.2016 წ. დადგენილებით, გ. პ-ე კვლავ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს 13.07.2016წ. დადგენილებით გაუქმდა ხონის მაგისტრატი მოსამართლის 16.06.2016წ. დადგენილება და გ. პ-ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ამდენად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა არ დადასტურდა, თუმცა აღნიშნული ფაქტის დადგენამდე - 11.01.2016წ. გ. პ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის შრომითი უფლების შეზდუღვის საფუძველი გაქარწყლებულია.

პალატამ მიუთითა, რომ გ. პ-ემ 15.12.2016 წ. განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აცნობა სააპელაციო სასამართლოს 13.07.2016წ. დადგენილებით სამართალდარღვევის თაობაზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 10.01.2017 წ. წერილით გ. პ-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.11.2016 წ. განჩინებით მისი სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი, სამინისტრო მოკლებული იყო გ. პ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული წერილი გ. პ-ემ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რომლის 28.02.2017წ. წერილში მიეთითა, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა იხილება სასამართლოს მიერ, რის გამო თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო წარდგენილი მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობას. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული მიმართვები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო, რადგან აღნიშნული მიმართვებით გ. პ-ეს უარი ეთქვა შეცვლილი გარემოებების გამო შრომითი უფლების აღსადგენად წარდგენილი განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რაც უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 11.01.2016წ. ბრძანება ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტია და აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ სარჩელზე დაწყებული სამართალწარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.2016 წ. განჩინებით, შეწყდა სარჩელის ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო პალატამ ერთმანეთისგან გამიჯნა აქტის გაუქმების სამი შემთხვევა და აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული აქტის შესრულება სავალდებულოა თვით მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც, თუმცა ეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონმდებელი უშვებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასეთი აქტის საკუთარი ინიციატივით გაუქმების შესაძლებლობას. პალატამ აღნიშნა, რომ გ. პ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გაუქმდა, აღარ არსებობს ის გარემოება, რაც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამასთან, პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ორგანომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო უტყუარად დადასტურებული გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება, იგი სადავოდ იყო გამხდარი და მიმდინარეობდა სამართალწარმოება, რის შედეგადაც არ დადასტურდა მოსარჩელის ბრალეულობა. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება სასამართლოში არ ყოფილა არსებითად განხილული, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა სარჩელის ხანდაზმულობის გამო ისე, რომ გასაჩივრებული აქტის კანონიერებაზე არ უმსჯელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის ფარგლებში საკუთარი აქტის მართლზომიერებაზე მსჯელობის დამაბრკოლებელ გარემოებას. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ორგანოს უნდა ემსჯელა თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებაზე შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც არ მომხდარა. ამასთანავე, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საჩივრის ავტორს მიუთითა მხოლოდ იმ ნორმაზე, რომელიც ითვალისწინებს გათავისუფლების შესახებ ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას და არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, სადავო აქტის გამოცემის შემდგომ შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა გათავისუფლების შესახებ აქტის კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობაზე იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არ იყო დადასტურებული გათავისუფლებული პირის მიერ გადაცდომის ჩადენა. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების შესწავლა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განხილვის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის დაცვით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე საკითხის გადაწყვეტის, შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები სრულად დაუსაბუთებელია, არ ირკვევა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე უარის თქმის სათანადო საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. პ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ.

კასატორმა გ. პ-ემ აღნიშნა, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, საქმის მასალებით უტყუარად დგინდებოდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რაც იმთავითვე წარმოშობდა გ. პ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ ორგანოს ვალდებულებას. პალატამ თავადვე დაადგინა გათავისუფლების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება, თუმცა ამის მიუხედავად სარჩელი სრულად არ დააკმაყოფილა.

კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ძალაში იყო შესული. აღნიშნული ბრძანება გ. პ-ის მიერ სასამართლოში იყო გასაჩივრებული, თუმცა საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის ვადის დარღვევით წარდგენის გამო. კასატორი თვლის, რომ სადავო წერილები არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამასთანავე, გ. პ-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ბრძანებით, რომლის კანონიერების შეფასება სასამართლოს ქვემდებარე საკითხია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს აგრეთვე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. პ-ე სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელის გამო, გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. გათავისუფლების ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო გ. პ-ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ხონის მაგისტრატი სასამართლოს 23.12.2015წ. დადგენილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დადგენილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2016წ. დადგენილებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ხონის მაგისტრატი სასამართლოს 16.06.2016 წ. დადგენილებით, გ. პ-ე კვლავ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს 13.07.2016წ. დადგენილებით გაუქმდა ხონის მაგისტრატი მოსამართლის 16.06.2016წ. დადგენილება და გ. პ-ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ამდენად, არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა. აღნიშნულის მიუხედავად, სამართალდარღვევის საქმეზე მიმდინარე სასამართლოს წარმოების დასრულებამდე გამოიცა გ. პ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებების არსებითად შეცვლის, გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების გაქარწყლების მიუხედავად გ. პ-ე სამსახურში არ აღდგენილა, გ. პ-ის მიმართვის მიუხედავად გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა. საკასაციო პალატა ყუარდღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის 10.01.2017წ. მომართვა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28.02.2017წ. მომართვა, ანუ ის დოკუმენტები, რომლითაც გ. პ-ეს უარი ეთქვა განცხადების/საჩივრის განხილვაზე. განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, რომლის გასაჩივრების ვადაც გასულია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის/სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდგომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიჩნევა კანონიერ ძალაში შესულად და იგი შესასრულებლად სავალდებულოა მათ შორის მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალისგან განსხვავებით, აქტის კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური და დაიშვება აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა. ეს შესაძლებლობა გამომდინარეობს მმართველობითი საქმიანობის თავისებურებებიდან, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებიდან კანონიერად განახორციელოს მმართველობითი საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრას უკვე განხორციელებული მმართველობითი საქმიანობის ხარვეზები და მმართველობითი აქტები შეუსაბამოს რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებს, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს კერძო და საჯარო ინტერესების თანაზომიერების პრინციპი. ამასთანავე, მართალია საკუთარი ინიციატივით კანონიერ ძალაში მყოფი აქტის ბათილად ცნობა მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევებში, განსახილველი საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები არსებითად შეიზღუდოს და ფაქტობრივად ვალდებულებად მოდიფიცირდეს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემა ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობას არ გულისხმობს. დისკერციული უფლებამოსილების შესაბამისად გამოცემული აქტის დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას (სზაკ-ის 53.4 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტების გამოცემისას რაიმე არსებითი საკითხი არ შეფასებულა, გ. პ-ის განცხადება/საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სადავო აქტში მითითება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.11.2016წ. N3/4359-16 განჩინებაზე, არ ქმნის აქტის დასაბუთებას. აღნიშნული განჩინებით გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით გ. პ-ის მიერ წარდგენილ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება სასამართლოში სარჩელის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ შეტანის გამო. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ განჩინებაში საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის საფუძვლიანობაზე, არ შეუფასებია გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერება. ამდენად, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას არის მოკლებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერების განხილვაზე უარის თქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.11.2016წ. N3/4359-16 განჩინებაზე მითითებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად უგულებელყო გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დრო, კერძოდ, ის გარემოება, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმის წარმოება, ორგანო არ დაელოდა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ საბოლოო შედეგს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 23.12.2015წ. დადგენილების მიღების შემდგომ გამოსცა 11.01.2016წ. ბრძანება გ. პ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2016წ. დადგენილებით გ. პ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ამდენად, დადგინდა, რომ ფაქტი, რის გამოც გ. პ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა, არც არსებულა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოებების დადგენა შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ორგანომ უარი თქვა საკუთარი ინიციატივით თავისი გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შეფასებაზე ისე, რომ არ დაუსაბუთებია სზაკ-ის 601.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე უარი, არ უმსჯელია გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემის შემდგომ არსებითად შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშედარებაზე, არ გაუთვალისწინებია გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული ფაქტის გაქარწყლება და სხვ..

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხზე არსებითი მსჯელობის არარსებობის პირობებში, განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. პ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე