Facebook Twitter

ბს-156(2კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ.კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-ემ 18.02.2016წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მოპასუხის 31.07.2001წ. განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 27.04.2016წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. კ-ე, ხოლო 25.08.2016წ. განჩინებით - რ. ს-ე.

რ. ს-ემ 26.09.2016წ. მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ წარადგინა სარჩელი მოპასუხის 31.07.2001წ. განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 18.10.2016წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ს-ე და მ. კ-ე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინებით გ. ს-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ. ს-ის მიერ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.01.2017წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებით გ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.01.2017წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 31.07.2001წ. განკარგულება ქ. რუსთავში, ...ის ქ., ბინა 14/25-ის 1/4 წილზე ქონების შემძენად მ. კ-ის გამოცხადების ნაწილში. პალატამ აღნიშნა, რომ 2004 წლამდე უძრავი ნივთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და საარქივო ჩანაწერების გაკეთება უძრავ ნივთებსა და მათ უფლებებზე ხორციელდებოდა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურების მეშვეობით. 2004 წელს განხორციელდა ტექინვენტარიზაციის სამსახურების რეორგანიზაცია და ტექინვენტარიზაციის არქივები გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებს. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.5 მუხლით განისაზღვრა, რომ ადგილობრივი მმართველობის ტექინვენტარიზაციის სამსახურებში, ამ სამსახურების ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნოდა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 09.12.2016წ. №... წერილის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში ქ. რუსთავი, ...ის ქ. №14-ის სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილია 23.05.1996წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. რუსთავში ...ის ქ. №14-25-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ფართით 47.77 კვ.მ., გადაეცა გ. ს-ეს. არქივში ასევე ინახება 06.11.1997წ. გადაწყვეტილება (საქმე №2-598-97), რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ სააღრიცხვო მასალაში არსებულ ჩანაწერებში და თავფურცელზე შეტანილია ცვლილება, სადაც დაფიქირებულია გ. ს-ე - 3/4 წილი, რ. ს-ე - 1/4 წილი. წერილში აღნიშნულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.11.1997წ. №2-598-97 გადაწყვეტილების არქივში წარდგენის თარიღი უცნობია, ამასთანავე, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაკეთებულია მინაწერი - შემ. №224 1.07.1998. საქმეში ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.10.2011წ. ცნობა - დახასიათება, რომლის შენიშვნაშიც მითითებულია, რომ სააღიცხვო ბარათში ინახება რუსთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე N2-598-97), რომლის საფუძველზეც შეტანილია ცვლილება გ. ს-ის 23.05.1996წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში და ბინის თანამესაკუთრედ 1/4 წილზე ცნობილია რ. ს-ე. პალატამ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით დაკისრებული ვალდებულება მოვალის ქონების მოძიების შესახებ, აღმასრულებელს ავალდებულებდა მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მოეპოვებინა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარე, აღმასრულებელი აუქციონზე უძრავი ქონების გატანამდე ვალდებული იყო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით დაედგინა ქ. რუსთავში, ...ის ქ. №14-25-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის უფლებრივი მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების აუქციონზე გატანის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.11.1997წ. №2-598-97 გადაწყვეტილების არქივში წარდგენის თარიღის დასადასტურებლად რაიმე განცხადება ან მოხსენებითი ბარათი საარქივო მასალაში არ ინახება, თუმცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლზე გაკეთებულია მინაწერი შემ. №224, 1.07.1998, რამაც პალატას მისცა იმის მტკიცების საკმარისი საფუძველი, რომ გადაწყვეტილება 01.07.1998წ. მდგომარეობით აღრიცხული და დაცული იყო არქივში. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აღრიცხვა სადავო უძრავ ნივთზე და მასზე არსებულ უფლებებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და რ. ს-ის საკუთრების უფლება უძრავი ქონების 1/4 ნაწილზე სადავო არ არის. ამასთანავე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მითითებული სააღრიცხვო ჩანაწერის საფუძველზე, საკუთრების უფლება 1/4 წილზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია რ. ს-ის სახელზე. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია 2001წ. მიმდინარე იძულებითი აღსრულების შესახებ, რის გამო არ ირკვევა აღსრულებასთან დაკავშირებით რ. ს-ის ინფორმირება, სადავო უძრავ ნივთთან მიმართებით თავისი უფლებების განცხადებისთვის შესაძლებლობის მიცემა. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული აქტის გარდა სხვა დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის კანონიერების შეფასება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.01.2016წ. N4614 წერილის თანახმად, სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეს წარმოადგენს გ. ს-ე (31.07.2001 წ. აუქციონის მასალები) ვერ იქნა მოძიებული აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა, უპირველესად, სააღსრულებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების შეფასების შედეგადაა შესაძლებელი. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა სააღსრულებო წარმოების მასალები, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ აღმასრულებელმა მის ხელთ არსებული რესურსის გამოყენების მიუხედავად, ვერ შეძლო სადავო უძრავ ქონებაზე არსებული უფლებრივი მდგომარეობის დადგენა და ადმინისტრაციულ ორგანოს აუქციონზე უძრავი ქონების გატანისას, ვერ ექნებოდა ინფორმაცია ბინის 1/4 წილზე რ. ს-ის უფლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ. კ-ის მიერ.

კასატორმა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღნიშნა, რომ არ დასტურდება რ. ს-ის საკუთრების შესახებ უფლებამოსილ ორგანოში მონაცემების ასახვა აუქციონის ჩატარებამდე, ამდენად, აღმასრულებელი აღნიშნულ ინფორმაციას ვერ მოიძიებდა. სააღსრულებო წარმოების მოვალე იყო გ. ს-ე, შესაბამისად აღმასრულებელი არ იყო ვალდებული რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა რ. ს-ისთვის. სადავო აქტი გამოიცა კანონის შესაბამისად. კასატორი აღნიშნავს, რომ ბინის 1/4 წილი ამჟამად რეგისტრირებულია რ. ს-ის სახელზე, ამდენად, მისი ინტერესი უკვე დაკმაყოფილებულია.

კასატორმა მ. კ-ემ აღნიშნა, რომ სარჩელით სადავოდ არის გამხდარი 31.07.2001წ. განკარგულება, რომლის გამოცემიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 15 წელზე მეტი, საერთო ხანდაზმულობის ვადა კი შეადგენს 10 წელს. დაუშვებელია პირს ჰქონდეს განუსაზღვრელი დრო თავისი უფლებების დასაცავად. სადავო განკარგულების გამოცემას წინ უსწრებდა სასამართლო პროცესი გ. ს-ისთვის თანხის დაკისრებასთან, ხოლო შემდგომში გამოსახლებასთან დაკავშირებით, ამდენად, შეუძლებელია რ. ს-ეს არ ჰქონოდა ინფორმაცია აღნიშნული გარემოებების და აუქციონზე ბინის გაყიდვის შესახებ. სასამართლოს 1997წ. განჩინება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, რის გამო მარეგისტრირებელი ვერ შეძლებდა მის აღსრულებას. მ. კ-ე არის ბინის კეთილსინდისიერი შემძენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2019წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის - რ. ს-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. საკასაციო პალატის 20.09.2019წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, რ. ს-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაებნენ ზ. ს-ე, ლ. ს-ე და მ. კაჭიევი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს აგრეთვე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ 23.05.1996წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით გ. ს-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. რუსთავში, ...ის ქ. N14-25-ში მდებარე 47,77 კვ.მ. ბინა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.11.1997წ. განჩინებით დამტკიცდა მორიგება გ. ს-ესა და რ. ს-ეს შორის, რომლის თანახმად გ. ს-ე შვილებთან ერთად შესახლდა აღნიშნულ ბინაში, ხოლო 23.05.1996წ. პრივატიზების ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ბინის თანამესაკუთრედ 1/4 წილზე მიჩნეულ იქნა რ. ს-ე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 09.12.2016წ. წერილის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში, ქ. რუსთავი, ...ის ქ. N14-ის სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილია 23.05.1996წ. პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბინა გადაეცა გ. ს-ეს, თუმცა აქვე ინახება სასამართლოს 06.11.1997წ. განჩინების ასლი და სააღრიცხვო მასალის ჩანაწერებში შეტანილია ცვლილება, ბინის 1/4 წილზე უფლების მქონე პირად მითითებულია რ. ს-ე. სასამართლოს 06.11.1997წ. განჩინებაზე გაკეთებულია მინაწერი: შემ. N224, 1.07.1998წ.. კასატორ მ. კ-ის მოსაზრება, რომ სასამართლოს განჩინების ასლი დაუმოწმებელია, არ არის დასაბუთებული. საქმეში დაცულია სააღრიცხვო ბარათში არსებული სასამართლოს 06.11.1997წ. განჩინების ასლი, რომლის მეორე გვერდზე დასმულია ბეჭედი და კანცელარიის გამგის ხელმოწერა, რომლითაც დასტურდება ასლის დედანთან სისწორე. რაც შეეხება სასამართლო განჩინების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის თარიღს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას განჩინებაზე გაკეთებულია მინაწერის (შემ. N224, 1.07.1998წ.) იმგვარად განმარტების შესახებ, რომ 01.07.1998წ. მდგომარეობით განჩინება დაცული იყო არქივში. სააპელაციო პალატის აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სათანადო დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია. მხოლოდ ის გარემოება, რომ კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, არ ქმნის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გარდა საქმეში არ არის დაცული 2001წ. სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული მასალები. ამასთანავე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2016წ. წერილის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსთვის აღნიშნულ უძრავ ნივთზე გაცემული რაიმე ინფორმაცია სააღრიცხვო მასალაში დაცული არ არის. შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ აღსრულება ჩატარდა კანონშესაბამისად, აღმასრულებელმა სრულად მოიძია ინფორმაცია აუქციონზე გასატანი უძრავი ნივთის უფლებრივ მდგომარეობაზე და მხოლოდ შემდეგ გაიმართა აუქციონი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს აღსრულების პროცესთან დაკავშირებით რ. ს-ისათვის ინფორმაციის მიწოდებას, აღსრულების პროცესში მისი უფლებების გათვალისწინებას საქმეში დაცული არ არის. მართალია რ. ს-ე არ იყო სააღსრულებო წარმოების მხარე, თუმცა იგი იყო იმ უძრავი ნივთის წილის მესაკუთრე, რომლის აუქციონზე რეალიზაციაც იგეგმებოდა, შესაბამისად, მას უნდა მისცემოდა თავისი საკუთრების უფლების დაცვის ობიექტური შესაძლებლობა.

კასატორ მ. კ-ის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სააღსრულებო წარმოების ან სადავო აქტის შესახებ რ. ს-ის ინფორმირებას. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ სადავო განკარგულების საფუძველზე გ. ს-ის ოჯახის სადავო ფართიდან გამოსახლება არ დასტურდება, საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ს-ე აგრძელებდა აუქციონზე გასხვისებული ფართის ფლობასა და სარგებლობას, იყო აბონენტად რეგისტრირებული, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მტკიცება, რომ რ. ს-ეს ექნებოდა ინფორმაცია სადავო განკარგულების შესახებ, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია რ. ს-ის საკუთრებაში რიცხული წილის ნაწილში ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 31.07.2001წ. განკარგულების ბათილად ცნობა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ.კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. გადაწყვეტილება;

3. პ. ჯ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.01.2019წ. N12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.01.2019წ. N00156 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი