№ბს-1226(კ-19) 10 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ლ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 14 ივლისს ლ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (ლ. შ-ის სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ), 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2016 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 22.07.1996 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით AA2013017515-03 საარქივო ცნობაში მითითებული უძრავი ქონების ლ. ლ-ის სახელზე აღირიცხვის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინიტრაციული-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა (დაზუსტებული სარჩელი 2017 წლის 22 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი).
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. შ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ლ. შ-ის სახელზე შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის №AA2013017515-03 საარქივო ცნობაში მითითებული უძრავი ქონების ლ. ლ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში (სააპელაციო საჩივარი ტ.1. ს.ფ. 333, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2019 წ. სხდომის ოქმი 11:39-11:46 წთ)).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, შენობა-ნაგებობის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ლ. შ-ის სახელზე შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ერთი თვის ვადაში, საქმის გარემოებების ერთობლიობაში, ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ლ. ლ-ი ოჯახთან ერთად 1988 წლიდან (ქორწინების შემდეგ) ცხოვრობდა მცხეთის რაიონში სოფელ ...ში. ლ. ლ-ი, მისი გარდაცვლილი მეუღლე თ. შ-ი, შვილები ლ. და მ. შ-ები იყვნენ ერთ კომლად რეგისტრირებულნი. თ. შ-ი დაბადებიდან ცხოვრობდა მცხეთის რაიონი, სოფელ ...ში დედასთან მ. შ-თან და ნახევარდასთან ლ. შ-თან ერთად, რომელთანაც ოჯახის შექმნის შემდგომ გამუდმებით ჰქონდა პრობლემები და სასამართლო დავა ქონებასთან დაკავშირებით.
მცხეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინების თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს სურვილი საქმის მორიგებით დამთავრებაზე; მორიგებას საფუძვლად დაედო ...ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება; სასამართლოს აღნიშნული განჩინების მიხედვით ლ. ლ-სა და თ. შ-ს იზოლირებულად გამოეყოთ და მიეკუთვნათ სახლის პირველი სართულის ორი ოთახი და აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სამზარეულო; მ. შ-სა და ლ. შ-ს კი მიეკუთვნათ საცხოვრებელი ბინის მეორე სართული, მთლიანად ორი ოთახი და პირველი სართულის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ორი ოთახი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 25 ივლისის დადგენილებით, ლ. ლ-ს განცხადების (№ლ-4460, 22.07.13წ) პასუხად, რომლითაც ლ. ლ-ი ითხოვდა ინფორმაციას მოქალაქე თ. ი-ს ძე შ-ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ, ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ სოფელ ...ის სელექციის დასახლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2002 წლის მონაცემებით), მოქალაქე თ. შ-ს, აღრიცხულს 48-ე რიგით ნომრად (გვ. 78), ერიცხებოდა 0.55 ჰა მიწის ფართობი.
2013 წელს თ. შ-მა საჯარო რეესტრს მიმართა ქონების რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამდე თ. შ-ი გარდაიცვალა. ლ. ლ-მა კი მისი მეუღლის მიერ შეტანილი დოკუმენტები უკან დაიბრუნა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინების შესაბამისად მხარეებმა დაიკავეს მიკუთვნებული ფართები, მოსარჩელე ლ. ლ-მა 2014 წლის 26 თებერვალს მიიღო თ. შ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, თ. შ-ის კანონისმიერი მემკვიდრე გახდა ლ. ლ-ი.
ლ. ლ-მა 2016 წლის 10 მარტს განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს კომლის ქონების რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 15 მარტს №... გადაწყვეტილებით ლ. ლ-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ამ ქონებაზე სხვისი უფლება იყო რეგისტრირებული და მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია ვეღარ განხორციელდებოდა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2015 წლის 31 აგვისტოს ლ. შ-ის მიერ (მცხოვრები: ს....ი, 55-ე ქ. №31) წარედგინა განცხადება №..., რომლითაც მოთხოვნილი იყო მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მცხეთა, სელექცია (ზონა: მცხეთა, სექტორი: ძალისი). განცხადებაზე თანდართული იყო წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სამკვიდრო მოწმობა და ნახაზები; მინდობილობა; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ.ვერსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით რეგისტრაცია დასრულდა და მცხეთა, სელექციის დასახლებაში მდებარე 1681 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა ლ. შ-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2013 წლის 10 მაისის №AA2013014969-04 საარქივო ცნობაზე, რომლის შესაბამისად, დუშეთის არქივში დაცული მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს 2001-2005 წწ. სოფელ სელექციის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილი იყო მ. შ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. შ. მ ი-ის ის ასული - ოჯახის უფროსი (ხაზი იყო გადასმული); 2. შ. ლ. ზ-ის ასული - შვილი. კომლს პირად საკურებაში ერიცხებოდა შენობის II სართული მთლიანად და I სართული ჩრდილოეთის მხარე, ორი ოთახი. საფუძველი - სასამართლოს განჩინება 22.07.1996 წელი, მიწა არ ეწერა. შენიშვნის სახით აღნიშნული იყო, რომ სოფელ სელექციის 1986-1990 წწ. (რეკვიზიტები შეტანილია 2000 წ.) საკომლო წიგნში ჩანაწერი მ. შ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის ეროვნული არქივის 2013 წლის 29 მაისის №AA2013017515-03 საარქივო ცნობის თანახმად, დუშეთის არქივში დაცული მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 2001-2005 წწ. სოფელ სელექციის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილი იყო თ. ი-ს ძე შ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. შ. თ. ი-ს ძე - ოჯახის უფროსი, 2. ლ. ლ. ა-ის ასული - ცოლი; 3. მ. შ-ი (ხაზი იყო გადასმული) მ. თ-ის ასული - შვილი; 4. შ-ი ლ. თ-ის ძე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა შენობის I სართულის ორი ოთახი და სამზარეულო აღმოსავლეთ მხარეს. საფუძველი - სასამართლოს განჩინება 22.07.1996 წ. მიწა არ ეწერა. შენიშვნის სახით მითითებული იყო, რომ სოფელ სელექციის 1986-1990 წწ. (რეკვიზიტები შეტანილია 2000 წ.) საკომლო წიგნში ჩანაწერი თ-ი ილიას ძე შ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გამოკვლეული უნდა ყოფილიყო წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინებით ლ. შ-სა და თ. შ-ს შორის დავა დასრულდა მორიგებით, გაიყო კომლი და კომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამდენად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ლ. შ-ის სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ....) რეგისტრაციამდე სარწმუნოდ უნდა დაედგინა (მათ შორის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის ეროვნული არქივიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) კონკრეტულად შენობა-ნაგებობის რა ნაწილი ირიცხებოდა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის მ. შ-ისა და ლ. შ-ის კომლის სახელზე და მხოლოდ ამის შემდგომ განეხორციელებინა რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან ლ. შ-ს საკუთრების უფლება დარეგისტირებული აქვს სრულად კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე, რომელიც ამავე მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილია. მხარეთა მორიგების საფუძველზე ლ. შ-ის კომლის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მოხდა მხოლოდ საცხოვრებლად, სარგებლობის მიზნით ფართი გამოყოფა, რაც ვერ გახდებოდა და არ გამხდარა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. ხოლო მას შემდეგ გასულია ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. ამდენად, კასატორის მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი, მოსარჩელის კანონიერი ინტერესები ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქმეზე დადგენილია, რომ მცხეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინების თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს სურვილი საქმის მორიგებით დამთავრებაზე; მორიგებას საფუძვლად დაედო ...ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება; სასამართლოს აღნიშნული განჩინების მიხედვით ლ. ლ-სა და თ. შ-ს იზოლირებულად გამოეყოთ და მიეკუთვნათ სახლის პირველი სართულის ორი ოთახი და აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სამზარეულო; მ. შ-სა და ლ. შ-ს კი მიეკუთვნათ საცხოვრებელი ბინის მეორე სართული, მთლიანად ორი ოთახი და პირველი სართულის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ორი ოთახი (ტ.1 ს.ფ. 29; 207).
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2013 წლის 10 მაისის №AA2013014969-04 საარქივო ცნობის შესაბამისად, დუშეთის არქივში დაცული მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს 2001-2005 წწ. სოფელ სელექციის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია მ. შ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. შ. მ ი-ის ის ასული - ოჯახის უფროსი (ხაზია გადასმული); 2. შ. ლ. ზ-ის ასული - შვილი. კომლს პირად საკურებაში ერიცხებოდა შენობის II სართული მთლიანად და I სართული ჩრდილოეთის მხარე, ორი ოთახი. საფუძველი სასამართლოს განჩინება 22.07.1996 წელი (ტ.1 ს.ფ. 20).
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის ეროვნული არქივის 2013 წლის 29 მაისის №AA2013017515-03 საარქივო ცნობის თანახმად, დუშეთის არქივში დაცული მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 2001-2005 წწ. სოფელ სელექციის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია თ. ი-ს ძე შ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. შ. თ. ი-ს ძე - ოჯახის უფროსი, 2. ლ. ლ. ა-ის ასული - ცოლი; 3. მ. შ-ი (ხაზია გადასმული) მ. თ-ის ასული - შვილი; 4. შ-ი ლ. თ-ის ძე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა შენობის I სართულის ორი ოთახი და სამზარეულო აღმოსავლეთ მხარეს. საფუძველი სასამართლოს განჩინება 22.07.1996 წ. (ტ.1 ს.ფ. 18).
საკასაციო სასამართლო მითითებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინება აღსრულებულია და ასახულია ორივე კომლის, კერძოდ, მ. შ-ისა და თ. შ-ის ოჯახის საკომლო ჩანაწერებში. შესაბამისად, კასატორის მითითება შესაბამისი განჩინების ხანდაზმულობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ საკომლო წიგნის ჩანაწერების შეფასების შედეგად უნდა განეხორციელებინა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მთელს ქონებაზე (შენობა-ნაგებობა სრულად) ლ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, საარქივო ცნობების შესაბამისად უნდა გამოეკვლია და დაედგინა განმცხადებლის - ლ. შ-ის კომლზე რიცხული კონკრეტული ქონების არსებობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ვ. ვ-ს საკასაციო საჩივარზე 22/08/2019 წ. საგადახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ვ. ვ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22/08/2019 წ. საგადახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი