საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-494(კ-21) 21 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ა-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იგ. ა-მა 2020 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის N2477 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე გ. ა-ის უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის N2477 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ საქმეზე, გ. ა-ის 2016 წლის 14 ივნისის განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა საკუთრების მომიჯნავედ 1441 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, კომისიის მიერ უარის თქმის გადაწყვეტილება (2017 წლის 10 ივლისის N620 განკარგულება) დაეფუძნა საქმეში არსებულ 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებსა და თავად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა (მეზობლების) ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც, გ. ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას მოსარჩელეს უდასტურებდნენ 2010 წლიდან ანუ ზემოხსენებული კანონის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ. ხელმეორედ, გ. ა-მა 2017 წლის 31 ოქტომბრის განცხადებით წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 1014 კვ. მ-ზე და ახალი მოწმეთა (მეზობელთა) ჩვენებები, რომლებიც მას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას უდასტურებენ 1998 წლიდან. კორექტირებული (შემცირებული) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია თავდაპირველად მოთხოვნილი 1441 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შეამცირა 1441 - 1014 = 427) ფარგლებში, რომლის ფლობასაც და სარგებლობასაც მის მიერვე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით ადასტურებდა 2010 წლიდან.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კომისია განმარტავს, რომ განმცხადებლისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის პირობებში, როდესაც არ დგინდება გ. ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი 2007 წლამდე, არ შეიძლება შემცირებული ფართის მქონე საკადასტრო აგეგმივითი/აზომვითი ნახაზი ჩაითვალოს მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად. ამ შემთხვევაში, უფრო ხელსაყრელი აქტი შესაძლებელია იყოს მხოლოდ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა კი არც ხელმეორედ წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში არ წარმოშობილა, ვინაიდან მან თავდაპირველად 1441 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ვერ დაადასტურა, ხოლო შემდგომ ამავე კონფიგურაციის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი მოითხოვა 1014 კვ.მ-ის ოდენობით. ამდენად, გ. ა-ის განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას 2017 წლის 10 ივლისის მიღებული ჰქონდა N620 განკარგულება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, განცხადების ხელახალა წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონმდებლობის ფარგლებში, შესაძლებელი იქნებოდა, თუკი იარსებებდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება. კომისიის მიერ საქმის განხილვისას კი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებისა და ორთოფოტოების ურთიერშედარებისა და შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ გ. ა-ის მიერ გასაჩივრებული აქტის ფარგლებში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი კონფიგურაციით და ფართობით ზუსტად ექცეოდა იმ ტერიტორიის შემადგენლობაში, რომლის აღიარებაზეც კომისიის მიერ ეთქვა უარი თავდაპირველად 2017 წლის 10 ივლისის N620 განკარგულებით. ახალი განცხადებით გ. ა-მა საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა იმავე, თუმცა 427 კვ.მ-ით მცირე მიწის ნაკვეთზე, რაც კომისიის განმარტებით ვერ მიიჩნევა ახალ განცხადებად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ რადგან წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა განმცხადებლის სასარგებლოდ უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა გ. ა-ის განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეზე არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს დამატებითი გამოკვლევის საგანი ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას მიიჩნევს უსაფუძვლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გ. ა-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ კომისიის მიერ საკითხი ერთხელ უკვე იყო განხილული და წარდგენილი განცხადებით არ დასტურდებოდა შეცვლილი გარემოების არსებობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას; კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 ივლისის N620 განკარგულებით დადგენილია, რომ გ. ა-ს უარი ეთქვა თბილისში, სოფელ ...ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული, N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 1441 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა მითითებული მიწის ნაკვეთის გ. ა-ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულის შემდგომ, კომისიისთვის განმეორებით მიმართვისას, გ. ა-მა განცხადებას დაურთო ახალი მტკიცებულებები, განაცხადში კი მიუთითა არა იგივე, არამედ განსხვავებული, განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მოწმეთა ჩვენებებით, გ. ა-ი 1998 წლიდან სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელიც წარმოადგენს სოფელ ...ში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) მომიჯნავე 1014 კვ.მ. მიწის ნაკვეთს; ასევე, 2017 წლის 3 ოქტომბრის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგინდა საზღვრები და გ. ა-ის სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის ფართი შემცირდა 1014 კვ.მ.-მდე. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წერილის თანახმად კი, მიწის ნაკვეთზე არ არის გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაცია. ამდენად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას კომისიისათვის წარდგენილი მტკიცებულებები და მითითებული გარემოებები, მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები გ. ა-ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 1998 წლიდან სარგებლობის შესახებ ფორმალური და შინაარსობრივი თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან. ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, ადმინისტრაციულ ორგანოს, 2019 წლის 12 ნოემბრის N2477 გასაჩივრებულ განკარგულებაში არსებითად არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის ახალ მტკიცებულებებს, რომელიც განმცხადებლისათვის განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო წინაპირობების შექმნას და მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ 2017 წლის 10 ივლისის N620 განკარგულებით კომისიას ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია გ. ა-ის განცხადების განხილვას ფორმალურად მიუდგა, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებდა არსებითად განხილვას და აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის N2477 განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნიდა მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა