Facebook Twitter

ბს-897(2კ-კს-20) 23 სექტემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. გ-ის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-მა 20.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ სამინისტროსათვის სარჩელის შეტანიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე საოჯახო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების - ყოველთვიურად 800 ლარის, სარჩელის შეტანიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე ღამის მომვლელის ხარჯის ანაზღაურების - ყოველთვიურად 900 ლარის, სარჩელის შეტანიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე ...ის ... ...ის და ...ის ...ში ჩასატარებელი სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის საფასურის - ყოველთვიურად 1080 ლარის, სარჩელის შეტანიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურის - ყოველთვიურად 600 ლარის და ეტლის საფასურის - 5362 ევროს (ეკვივალენტი ლარში) ანაზღაურების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ი. გ-მა დააზუსტა სასარჩელო მთხოვნები და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო კურსის ხარჯს და ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურს ითხოვს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. ამავე სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად საქმეში ჩაერთო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.2019წ. გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა სარეაბილიტაციო ხარჯის - 1080 ლარის და ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურის - ყოველთვიურად 600 ლარის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.2019წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. გ-ის სარჩელი ღამის მომვლელის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე ღამის მომვლელის ხარჯის ანაზღაურება, რაც სარჩელის შეტანის დროისთვის ყოველთვიურად შეადგენს - 900 ლარს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის 207-ე, სკ-ის 408-ე, 409-ე, 412-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების მთავარი მიზანია მიყენებული დანაკლისის გამოსწორება, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს დამზიანებლისაგან ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას. სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებამ შესაძლებელია განაპირობოს დაზარალებულის მოთხოვნილებათა გაზრდა დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ შემთხვევაში აუცილებელია სახეზე იყოს დაზიანებით გამოწვეული, ხანგრძლივი და რეგულარული ხასიათის მქონე დანახარჯები, რამაც უნდა გამოასწოროს უნარშეზღუდულობით გამოწვეული ზიანი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა, ასევე, 2013 წლის 16 დეკემბრიდან ყოველთვიურად სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯი 1180 ლარის ოდენობით და სარჩელის შეტანიდან 800 ლარის ოდენობით სარჩოს ანაზღაურება. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ განათლების სამინისტროს თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საფუძველზე ი. გ-ს მიადგა ზიანი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ ი. გ-ის დიაგნოზია G82 პარაპლეგია, თანმხლებ დაავადებებად განსაზღვრულია რკინადეფიციტური ანემია, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C, ქოლეცისტიტი. ი. გ-ს დაკარგული აქვს შრომის უნარი, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ესაჭიროება მუდმივი რეაბილიტაციური მკურნალობა სპეციალიზებულ კლინიკაში. ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 20.04.2018 წ. №01/22669 წერილის თანახმად სამედიცინო მომსახურებების (მათ შორის სარეაბილიტაციო ღონისძიებების) ღირებულება განისაზღვრება იმ სამედიცინო დაწესებულების შიდა სტანდარტით, სადაც ხდება მომსახურების გაწევა, ადაპტირებული ტრანსპორტით შშმ პირთა მომსახურება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ არის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 27.04.2018 წ. წერილის თანახმად მერიამ 2016 წელს შეისყიდა 143 ერთეული ...-ის მარკის „... ...“-ის მოდელის (12 მეტრიანი) ავტობუსები, (ტევადობა 87 მგზავრი), რომლებშიც ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადაპტირებულია ერთი ადგილი. აღნიშნული კატეგორიის ავტობუსები განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა გადაყვანის მიზნით, რომლებიც ჩართულია დედაქალაქში მომუშავე სხვადასხვა 12 მარშრუტზე (N..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...). ამასთან, შპს „თ...ას“ მუნიციპალური ტრანსპორტის სახით შშმ პირებისათვის სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე შპს „...ის ... ...ის და...ის ...ის“ 22.11.2017წ. კალკულაცია, რომლის თანახმად ი. გ-ისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ღირებულებაა: კიდურის მასაჟი 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 240 ლარი; ელექტროსტიმულაცია 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 240 ლარი; ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიში 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 240 ლარი; ჰიდროკინეზოთერაპია 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 360 ლარი; სულ გადასახდელი თანხა 1080 ლარი. ამასთან, „ა...ის“ 18.02.2018 წ. №2 ინვოისის თანახმად, ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების (20 დღე) ღირებულება შეადგენს 600 ლარს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსაზრება, რომ მოსარჩელეს, სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით, ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა, რომლის მიღების შესაძლებლობას იძლევა შპს „...ის ... ...ის და...ის ...ი“. ამასთან, მოსარჩელეს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, ხოლო სახელმწიფო სოციალური პროგრამების ფარგლებში ასეთი მომსახურება არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს როგორც სარეაბილიტაციო მკურნალობის, ისე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ხარჯები. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს წარმოეშვა დამატებითი საჭიროებები, მოპასუხე ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი დამატებითი ხარჯების დაფარვა.

სასკ-ის მე-4, მე-17, სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეა ვალდებული დაასაბუთოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა. პალატამ მიიჩნია, რომ არ წარმოდგენილა სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელისათვის დღის განმავლობაში საოჯახო მომვლელის დანიშვნის აუცილებლობის დასადასტურებლად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ი. გ-ს ჰყავს სამედიცინო მომვლელი. ეტლის შესაძენად გასაწევი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 20.04.2018წ. წერილზე, რომლის თანახმად 29.12.2017წ. N601 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულ ერთ-ერთ ქვეპროგრამას წარმოადგენს დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომელიც მოიცავს, მათ შორის, სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტს. წერილის მიხედვით „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის“ მიზანია შშმ პირების ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა. კომპონენტის ღონისძიებები ითვალისწინებს: სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემას და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით; საჭიროების შემთხვევაში სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწილებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემას; სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას; გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურებას მინიმუმ 24 თვის განმავლობაში; საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) - მის უფასო შეცვლას, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში; ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში დამატებით: ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას და გადაცემას ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე; მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟებით. ასევე, სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებას; ელექტრო სავარძელ-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს;ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180 W; დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ.. რაც შეეხება სავარძელ-ეტლების ღირებულებას, მომწოდებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში-560 ლარად, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში - 3580 ლარად, რაც ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის შშმ პირებისათვის გადაცემული ვაუჩერით. აღნიშნული დამხმარე საშუალების მისაღებად სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან არ დასაბუთებულა მის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული ეტლის სამედიცინო საჭიროების აუცილებლობა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ იქნა საფუძვლიანად მიჩნეული.

რაც შეეხება ღამის მომვლელის ხარჯის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას სააპელაციო პალატამ საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია რომ ი. გ-ს მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, იგი მიჩნეულია შრომისუნარდაკარგულად და საჭიროებს მომვლელს. პალატამ მიუთითა „კ...ის“ მიერ 25.01.2018წ. გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად ი. გ-ისთვის 2018 წლის იანვარში კოალიციის პერსონალის მიერ ჩატარებული გამოკვლევით უძლურების ინდექსმა შეადგინა 15 (ნორმა 100), რაც ნიშნავს იმას, რომ ის საჭიროებს მნიშვნელოვან დახმარებას მზრუნველისგან ან გადაყვანას სპეციალურ მოვლით დაწესებულებაში. ამასთან, შეფასდა ი. გ-ის ბინაზე მოვლის საჭიროებები და დაიყო დღის და ღამის ნაწილად. აღნიშნული ცნობის თანახმად, ი. გ-ის ღამის მოვლის მომსახურების ღირებულების გაანგარიშებაა - ჰიგიენური მოვლა: საწოლის მოწესრიგება, ჰიგიენურ პროცესში დახმარება ჯამში - 150 ლარი, სამედიცინო მოვლა: სასიცოცხლო მაჩვენებლის კონტროლი, პროფილაქტიკური ღონისძიებები ჯამში 247,5 ლარი, მეთვალყურეობა: მარტივი, ძირეული ჯამში 720 ლარი. ამდენად, მომსახურების ღირებულება სულ შეადგენს 1117.50 ლარს. „...ის“ 23.01.2018წ. №17 ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ი. გ-ის ერთი თვის ღამის მოვლის ღირებულება შეადგენს სულ 1050 ლარს. პალატამ მიუთითა ი. გ-სა და თ. ლ-ს შორის 10.11.2017წ. გაფორმებულ ღამის მომვლელის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, მომვლელი კისრულობს ვალდებულებას მოსავლელ პირს ჩაუტაროს ყველა საჭირო პროცედურა და მეთვალყურეობა, რაც მოსავლელ პირს ღამით ესაჭიროება, ხოლო ი. გ-ი იღებს ვალდებულებას ღამის მომვლელს გადაუხადოს 900 ლარი ყოველთვიურად, მას შემდეგ რაც დაიწყება მომვლელის ხარჯის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. საქმის მასალებზე მითითებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ ი. გ-ის დედას - მ. შ-ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისი დიაგნოზია: საშვილოსნოს იმტრამურალური და სუბსეროზული მიომები, არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი), კორონარული სტენტირების შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია, ქრონიკული ვენური უკმარისობა (პერიფერიული). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 20.12.2011 წ. გაწყვეტილებით სწორედ მ. შ-ი არის დანიშნული ი. გ-ის მზრუნველად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ი საჭიროებს ღამის მომვლელს; ი. გ-ის დედის - მ. შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას არ შესწევს თავისი შვილის მოვლის უნარი, განსაკუთრებით ღამის საათებში, რის გამო ღამის მომვლელის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს. რაც შეეხება აღნიშნული თანხის ანაზღაურების პერიოდს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი ანაზღაურება უნდა მოხდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, რადგან ღამის მოვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების „4.ა“ პუნქტის თანახმად, ი. გ-მა ღამის მომვლელის მომსახურების ღირებულების გადახდა იკისრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-მა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

კასატორმა ი. გ-მა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ნათლად ადასტურებენ ი. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუს, შრომის უნარის დაქვეითებას, მისთვის როგორც საოჯახო, ისე ღამის მომვლელის ყოლის საჭიროებას. სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია ღამის მომვლელის მომსახურების თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს საოჯახო მომვლელის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა. სამედიცინო მომვლელის ყოლა არ გამორიცხავს საოჯახო (საყოფაცხოვრებო) მომვლელის ყოლის საჭიროებას, რადგან მათ სრულიად განსხვავებული ფუნქციები ეკისრებათ. რაც შეეხება მოსარჩელის დედისათვის მზრუნველის სტატუსის ქონას, კასატორი აღნიშნავს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა მის მიერ საყოფაცხოვრებო საკითხებში მოსარჩელის მუდმივად დახმარების შესაძლებლობას. მზრუნველის დანიშვნის საჭიროება ძირითადად განპირობებული იყო გარკვეულ იურიდიულ პროცედურებში მონაწილეობის, მოსარჩელის უფლებების დაცვის საჭიროებით. კასატორი თვლის, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა მის მიერ მითითებული ეტლის შეძენის საჭიროება. მართალია სახელმწიფო გარკვეული პროგრამების ფარგლებში შშმ პირების ეტლით უზრუნველყოფას ახდენს, თუმცა ასეთი ეტლების ხარისხი იმდენად დაბალია, რომ მისით ნორმალური სარგებლობა სრულიად შეუძლებელია. გამომდინარე იქედან, რომ ი. გ-ს მთელი დღის განმავლობაში უწევს ეტლით სარგებლობა, მისთვის შეუქცევადი ზიანის მომტანია უხარისხო ეტლით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ეტლი არ არის მორგებული კასატორის ინდივიდუალურ პარამეტრებს, აღნიშნული იწვევს ხერხემლის დაზიანებას და გაუსაძლის ტკივილებს. ამდენად, არსებითია, რომ ეტლი იყოს ხარისხიანი და მოსარგებლეზე ინდივიდუალურად მორგებული. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს წელის მეორე მალის ადგილას გადანერგილი აქვს თეძოს და ნეკნის ძვლები, რომელიც ლითონის ფირფიტებითაა დაფიქსირებული და ხერხემლის გამრუდება შეადგენს 28 გრადუსს. კასატორის მიერ შერჩეული ეტლი მორგებულია მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არის ყველაზე მსუბუქი - 2.1 კგ.. არსებითია, რომ ეტლი იყოს მსუბუქი, რათა კასატორმა შეძლოს მისი ტარება, ბინაში გადაადგილება, კლინიკაში ვიზიტისას ავტომობილში მოთავსება და არ დაზიანდეს ხერხემალი. საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია ან სერვისი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ეტლებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება, ინდივიდუალური მობილობისთვის საჭიროებების დადგენა და სათანადო ეტლის შერჩევა. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი გამოწვეულია სამინისტროს ბრალით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ ჩაანაცვლებს სამინისტროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კასატორმა წარმოადგინა ოკუპაციური თერაპევტის დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოში წარმოებული ეტლი არ მიესადაგება ი. გ-ის საჭიროებებს, ხოლო ეტლი, რომლითაც ამჟამად ი. გ-ი სარგებლობს მოძველებულია, ჩარჩო დეფორმირებულია, არის ვიწრო და ქმნის ნაწოლის გაჩენის საფრთხეს მენჯ-ბარძაყის სახსარში. გასათვალისწინებელია, რომ უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით (19.05.2014წ. განჩინება Nას-998-956-2013 საქმეზე), პროთეზირების წარმატების ხარისხის განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის მეტად მნიშვნელოვანია თვითონ პაციენტის მოტივაცია და მიმართება ორთოპედიული მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციისა და ორთოპედიული პროდუქტის მიმართ, ასევე მისი მოლოდინი მკურნალობის შესაძლო შედეგის თაობაზე, პაციენტის არჩევანს თუ სად და რა სახის პროთეზი დაიმზადოს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ღამის მომვლელის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ თანხის დაკისრება უნდა დაწყებულიყო სარჩელის შეტანის დღიდან, თუმცა დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ანაზღაურება მოხდება მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება აღნიშნული პერიოდიდან ხარჯის დაკისრების შესახებ და იმის გათვალისწინებით, რომ ი. გ-ი უკვე სარგებლობს ღამის მომვლელის მომსახურებით, ადგება მნიშნელოვანი ზიანი.

კასატორმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის წერილით დასტურდება ქალაქში ისეთი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელიც ეტლით მოსარგებლე პირებისათვის ადაპტირებულია ერთი ადგილი. შესაბამისად, სწორედ ამ ტრანსპორტით უნდა ისარგებლოს მოსარჩელემ, რის გამო ადაპტირებული ტრანსპორტის მომსახურების ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების სამინისტროსათვის დაკისრების წინაპირობა გამოირიცხება. სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ ტრანსპორტის მომსახურების საფასური დათვლილია თვეში ოც დღეზე, ხოლო რეაბილიტაციის ცენტრის კალკულაციის თანახმად, დასახელებული 4 სამედიცინო მომსახურების რაოდენობა არის 12, შესაბამისად, 20 ვიზიტის ხარჯი არ უნდა ანაზღაურდეს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსი (მასაჟი და ა.შ.) შესაძლოა დაფინანსდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა ღამის მომვლელის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები, რადგან კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ი. გ-ს დანიშნული ჰყავს სამედიცინო მომვლელი, ხოლო ი. გ-ის მზრუნველად დანიშნულია მ. შ-ი. სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა მიაღებინა ი. გ-ის დედას მ. შ-ს, თუმცა მას არ ჰქონდა სააპელაციო პალატაში წარმომადგენლობის უფლება.

ი. გ-მა 10.07.2020 წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2020წ. განჩინებით ი. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2019 წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე და მეოთხე პუნქტები, რომლითაც გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.2019წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. გ-ის სარჩელი ღამის მომვლელის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება; დაეკისრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ღამის მომვლელის ხარჯების ანაზღაურება, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის ყოველთვიურად შეადგენს - 900 ლარს.

პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 268.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილებები დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. სამინისტრომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით მხარეს წაერთვა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია. სააპელაციო პალატის განჩინება არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მიზანშეწონილობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2021წ. განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ი. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კასატორ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაზრება, რომ ი. გ-ს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ქ. თბილისში არსებული ავტობუსებით, რომელთა ნაწილი შეიცავს შშმ პირთათვის ადაპტირებულ ერთ ადგილს, არ ასაბუთებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უსაფუძვლობას, რადგან როგორც მოსარჩელის ახსნა განმარტებიდან დგინდება, მას ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება ესაჭიროება სარეაბილიტაციო ცენტრამდე გადაადგილების მიზნით, ამავე მითითებით არის დაანგარიშებული ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების ღირებულება ა(ა)იპ „ქალი, ბავშვი და სოციუმის“ მიერ, კერძოდ, დათვლილია ტრანსპორტის მომსახურება მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილიდან (თბილისი, ყიფშიძის ქ.) სარეაბილიტაციო ცენტრამდე (თბილისი, ს. ეულის ქ.). სამინისტროს არ დაუსაბუთებია, რომ აღნიშნულ მისამართებს შორის გადაადგილდება მის მიერ მითითებული ადაპტირებული ავტობუსები. ის, რომ ქალაქში ზოგადად მოძრაობს ასეთი ავტობუსები, იმთავითვე არ ნიშნავს მოსარჩელის მიერ მათი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ არ დასტურდება საცხოვრებელი სახლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონკრეტულ გაჩერებამდე და შემდგომ სარეაბილიტაციო ცენტრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე ეტლით მოსარგებლე პირის გადაადგილების შესაძლებლობა. ამდენად, გაურკვეველია ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები, მათი მოძრაობის სიხშირე, ასეთი ტრანსპორტის გაჩერებამდე მოსარჩელის მისვლის შესაძლებლობა, რის გამო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მოსარჩელისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. ამ მოთხოვნის საფუძვლიანობას არ გამორიცხავს აგრეთვე სამინისტროს მითითება, რომ ა(ა)იპ-ის მიერ ინვოისი შედგენილია ოც დღეზე, ხოლო სარეაბილიტაციო ცენტრის კალკულაციის მიხედვით დაგეგმილია 12 ვიზიტი, რადგან „...ის ... ...ის და...ის ...ის“ კალკულაციის მიხედვით, გათვალისწინებულია 4 სახის სამედიცინო მომსახურება: კიდურის მასაჟი, ელექტროსტიმულაცია, ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიში, ჰიდროკინეზოთერაპია. თითოეული მათგანი უნდა ჩატარდეს თვეში 12-ჯერ, რაც იმთავითვე თვეში 12 ვიზიტს არ გულისხმობს. თითოეული სამედიცინო მომსახურების ხანგრძლივობის და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლოა ოთხივე მომსახურების მიღება არ იყოს შესაძლებელი ან ეფექტიანი ერთ დღეს, ერთ ვიზიტზე, რამაც 12 ვიზიტზე მეტის განხორციელების საჭიროება წარმოშვას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სარეაბილიტაციო კურსის ნაწილის დაფინანსების აბსტრაქტული შესაძლებლობა ასევე არ ქმნის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან გაურკვეველია ქ. თბილისის მერიის მიერ ასეთი კურის დაფინანსების ფარგლები და ხანგრძლივობა, ასეთ პროგრამებზე მიმართული ფინანსური რესურსის საკმარისობა. ამდენად, არ დგინდება, რომ ქ. თბილისის მერია უტყუარად დააფინანსებს ი. გ-ის სარეაბილიტაციო კურსს და ეს დაფინანსება იქნება ი. გ-ის საჭიროებების შესაბამისი.

სამინისტროს მოსაზრება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ღამის მომვლელის დანიშვნის საჭიროება, არ არის დასაბუთებული. ი. გ-ის დიაგნოზი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, „კ...ი-ს“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, ა(ა)იპ მოძრაობის „ხ...სთვის“ მიერ შშმ პირთა მოვლის თავისებურებებზე შედგენილი სახელმძღვანელოს შინაარსი, ასევე ი. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ი. გ-ს მათ შორის ღამის საათებში ესაჭიროება სპეციალური მოვლა: საწოლის მოწესრიგება, ჰიგიენურ პროცესებში დახმარება, სამედიცინო მოვლა, მეთვალყურეობა, გართულებების თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რისი დამოუკიდებლად განხორციელების უნარი ი. გ-ს არ შესწევს, ამასთანავე, მის მზრუნველს - დედას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (არტერიული ჰიპერტენზია, ქრონიკული ვენური უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, ჩაუტარდა კორონალური სტენტირება), რაც მის მიერ ღამის საათებში ი. გ-ის საჭიროებების დაკმაყოფილებაში სრული და ადეკვატური დახმარების გაწევას მნიშვნელოვნად ართულებს, რის გამო დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა ღამის მომვლელის ხარჯის ანაზღაურების სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ.

კასატორ ი. გ-ის მოსაზრება, რომ ღამის მომვლელის ხარჯის ანაზღაურება უნდა დაწყებულიყო სარჩელის შეტანის მომენტიდან მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგან ღამის მომვლელის ხელშეკრულების თანახმად, ი. გ-მა ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან. საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე ი. გ-ის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე სარეზოლუციო ნაწილი განსხვავებული რედაქციით გამოაცხადა, რადგან საქმეში დაცული სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ი. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილების ათვლის პერიოდად მოსამართლემ მიუთითა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის და არა სარჩელის აღძვრის დროზე.

კასატორ ი. გ-ის მოსაზრება საოჯახო მომვლელის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ ასევე არ არის საკმარისად დასაბუთებული. ი. გ-ის ჯანმრთელობის მგომარეობა იმთავითვე არ ადასტურებს საოჯახო მომვლელის დანიშვნის საჭიროებას, რადგან ი. გ-ს დანიშნული ჰყავს სამედიცინო მომვლელი, რომელიც დღის მანძილზე ამ მიმართულებით კასატორის მოვლას უზრუნველყოფს და ამასთანავე, ი. გ-ს დანიშნული ჰყავს მზრუნველი - დედა მ. შ-ი, რომელსაც მართალია აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, მათში ასახული რეკომენდაციები არ შეიცავს მ. შ-ის მიმართ რაიმე ისეთი სახის აკრძალვას, რაც გამორიცხავს მის მიერ საოჯახო საქმის შესრულებას, ამ მიმართულებით ი. გ-ისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობას. კასატორ ი. გ-ის მიერ საოჯახო მოვლისა და ღამის მოვლის გათანაბრება არ არის დასაბუთებული, თავად ი. გ-ის მიერ საოჯახო მომვლელის ფუნქციებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებიდანაც დასტურდება, რომ საოჯახო მომვლელისა და ღამის მომვლელის ფუნქციები არსებითად განსხვავებულია, ღამის მოვლა ხასიათდება განსახორციელებელ ქმედებათა მეტი სირთულითა და ინტენსივობით, ასევე ღამის მოვლისას შესაძლოა დადგეს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარების საჭიროება, რაც საოჯახო საქმეების შესრულებისას (როგორიცაა მაგ.: საცხოვრებლის ჰიგიენის უზრუნველყოფა, საკვებით უზრუნველყოფა და სხვ.) არ დგება. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება საოჯახო საქმეთა ი. გ-ის ან მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულების შეუძლებლობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა.

მართებულია აგრეთვე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ეტლის ღირებულების ანაზღაურების საფუძვლების არარსებობის შესახებ, რადგან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 20.04.2018წ. წერილის თანახმად, 29.12.2017წ. N601 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულ ერთ-ერთ ქვეპროგრამას წარმოადგენს დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომელიც მოიცავს, მათ შორის, სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტს. წერილის მიხედვით „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის“ მიზანია შშმ პირების ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა. კომპონენტის ღონისძიებები ითვალისწინებს: სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემას და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით; საჭიროების შემთხვევაში სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწილებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემას; სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას; გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურებას; ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში დამატებით: ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას და გადაცემას ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე; მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟებით. მართვის პულტი მონტაჟდება ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით. ეტლის ღირებულება ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული დამხმარე საშუალების მისაღებად სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთანავე, ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 31.12.2020წ. N825 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“ კვლავ ითვალისწინებს ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამას (მე-2 მუხ. „ბ.ა“ ქვ.პ.). ქვეპროგრამა ვრცელდება შშმ პირებზე (N825 დადგენილების 1.2.1 დანართის 3.2 მუხ.) და მოიცავს: ეტლების ბენეფიციარზე გაცემას და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით; ეტლთან ერთად ზეწოლის შემამსუბუქებელი სპეციალური ბალიშის გაცემას; ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას; გაცემული ეტლების საგარანტიო მომსახურებას; ელექტრო-ეტლის შემთხვევაში, დამატებით: ელექტრო-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას და გადაცემას ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე; მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟებას, მართვის პულტის ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით დამონტაჟებას (N825 დადგენილების 1.2.1 დანართის მე-2 მუხ.). ზემოაღნიშნული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია ი. გ-ის მოსაზრება, რომ საქართველოში არ ხდება ეტლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება. ი. გ-ს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს სოციალური პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს თავის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ეტლით. მართალია ეტლით უზრუნველყოფას სახელმწიფო განახორციელებს სოციალური პროგრამის ფარგლებში, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს კომპლექსური ორგანიზაციული მოწყობის გათვალისწინებით, აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი არსით წარმოადგენს ხელისუფლების ერთიან შტოს. მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში მოქმედების მიუხედავად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სახელმწიფოს ფუნქციებისა და მიზნების, არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოქმედებენ ერთობლივად. ამდენად, ვალდებულების ნატურით შესრულება შესაძლებელია როგორც უშალოდ ზიანის მიმყენებელი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოს, მაგ.: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უკეთუ აღნიშნულზე მოვალის - სახელმწიფოს ნება არსებობს. სკ-ის 409-ე მუხლი მოვალეს აღჭურავს უფლებით, აირჩიოს ვალდებულების შესრულება ნატურით ან ფულადი ანაზღაურების საშუალებით (სუსგ 24.06.2021წ. ბს-737(2კ-19)). სახელმწიფოს მიერ შშმ პირთა ეტლით უზრუნველყოფის ვალდებულების დადგენით სახელმწიფომ ფაქტობრივად არა მარტო შშმ პირთა სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი სახე განსაზღვრა, არამედ სათანადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, ვალდებულების ნატურით შესრულების - ეტლით უზრუნველყოფის და არა ეტლის შესაძენად გაწეული ხარჯის ანაზღაურების გზა აირჩია. სკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამდენად, ეტლით უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობის არსებობა გამორიცხავს ეტლის შესაძენად გასაწევი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ი. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო საჩივარს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესის, ი. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საჭიროებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის განჩინება თავისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. სამინისტროს მოსაზრება მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვის შესახებ არ არის დასაბუთებული, სამინისტრომ შეძლო საკასაციო საჩივრის წარდგენა და საკასაციო პალატამ იმსჯელა აღნიშნული საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებზე. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა წინასწარ არ განსაზღვრავს დავის შედეგს და არ გამორიცხავს აღსასრულებლად მიქცეული კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილება;

5. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2020წ. განჩინება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი