გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 104-კოლ 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 1 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ი. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960წ. სსკ-ს 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელს იხდის 2001წ. 9 აპრილიდან.
საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. ყ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ი. მ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 1995წ. სექტემბერში დედოფლისწყაროს რაიონში, მდინარე ალაზნის პირას, სხვა პირებთან ერთად მოიპარა ჰ. ს-ს კუთვნილი, 270 ლარად ღირებული ღორი, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა დაზარალებულს. მანვე 1995 წელს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “აკ-74” მარკის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. მანვე 1996წ. 28 თებერვალს ღამით, დაახლოებით 2 საათსა და 30 წუთზე, დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ქვემო ქედში, ფიზიკური შეურაცხყოფით განაწყენების გამო, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა ორი ადამიანი _ ბ. ხ. და ვ. ხ..
საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
1. წარდგენილ ბრალდებებში ი. მ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ. გამოძიებასა და სასამართლოს არ მოუპოვებიათ უტყუარი მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდნენ მსჯავრდებულის ბრალეულობას. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს, რაც კანონით დაუშვებელია;
2. გამოძიების მიერ დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით იქნა მიღებული ფ. და ზ. მ-საგან ი. მ-ს მამხილებელი ჩვენებები. აღნიშნულმა მოწმეებმა საქმის სასამართლო განხილვის დროს არ დაადასტურეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და დამაჯერებლად ახსნეს აღნიშნულ ჩვენებათა გამოძალვის ფაქტი, თუმცა სასამართლო კოლეგიამ ეს ახსნა არ გაიზიარა;
3. დაზარალებული მ. ხ. და მოწმე მ. ხ. საქმის შედეგით დაინტერესებული პირებია, ამიტომ მათი ჩვენებები მოგონილია ი. მ-ს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამ გარემოებას სასამართლო კოლეგიამ არ მისცა სათანადო შეფასება;
4. ქურდობის ნაწილში ბრალდება გამოიძების მიერ შეკოწიწებულია იმ მიზნით, რომ ზ. მ-სა და მ. მ-სათვის გამოეძალათ ი. მ-ს საწინააღმდეგო ჩვენებები;
5. დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი და საქმიდან ამოღებული ფ. და ზ. მ-ს ის ჩვენებები, რომლებიც მსჯავრდებულს ამხელენ;
6. იმის გამო, რომ ჰ. ს-ს კუთვნილი ღორის ქურდობის ფაქტზე აღძრული არ იყო სისხლის სამართლის საქმე, ამ ფაქტზე ზ. მ-ს და მ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე მთლიანად ცნობილ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად;
7. გამოძიების მიერ ამოღებული და გამოკვლეული არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მოკლულ იქნენ ბ. და ვ. ხ-ბი;
8. წინასწარი გამოძიებითა და სასამართლო გამოკვლევით უტყუარად დადგენილი არ არის, რომ ი. მ-მა უკანონოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
9. წინასწარი გამოძიებისას დაშვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები, ბრალდებულ ი. მ-ს არ მიეცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება, რითაც უხეშად შეილახა მისი დაცვის უფლება;
10. წინასწარი გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად და არასრულყოფილად. უსაფუძვლოდ არ იქნა დაკმაყოფილებული დაცვის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები დედოფლისწყაროს პროკურატურისათვის საქმის გამოძიების აცილების თაობაზე.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ყ-მა და მსჯავრდებულმა ი. მ-მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
ადვოკატმა ა. კ-მ, დაზარალებულმა მ. ხ-მა და პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიის მიერ საქმე განხილული არის საპროცესო ნორმების დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად. სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დადგენილ იქნა კანონიერი განაჩენი. სასჯელის ღონისძიება სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და ამდენად სამართლიანია.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს და არა _ უტყუარ მტკიცებულებებს. პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი დამყარებულია არაერთ უტყუარ მტკიცებულებაზე, რომლებიც სრულყოფილად და კანონიერად იქნა გამოკვლეული საქმის სასამართლო განხილვის დროს.
პალატა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით ფ. და ზ. მ-საგან იქნა მიღებული ი. მ-ს მამხილებელი ჩვენებები. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ფ. მ. მსჯავრდებულის მამაა, ზ. კი _ ძმა. ფ. მ. არის პოლიციის მაღალჩინოსანი და წლების განმავლობაში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე პოლიციის ორგანოებში, მათ შორის _ სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსად იმავე რაიონში. სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა რა ყოველივე ეს, სავსებით დასაბუთებულად უარყო ფ. და ზ. მ-ს მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული შეცვლილი ჩვენებები და ირწმუნა გამოძიების დროს მიცემული დამაჯერებელი მამხილებელი ჩვენებები. გამომდინარე აქედან, საჩივრის მოთხოვნა, რომ ფ. და ზ. მ-ის ჩვენებები მიჩნეულ იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად, სრულიად უსაფუძვლოა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ ვინაიდან დაზარალებული მ. ხ. და მოწმე მ. ხ. საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, ამიტომ მათი ჩვენებები მოგონილია ი. მ-ს საწინააღმდეგოდ. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ შემთხვევამდე მუ. და მი. ხ-ს არავითარი არაჯანსაღი დამოკიდებულება და პირადი ინტერესი არ ჰქონდათ ი. მ-ს მიმართ. მათი ჩვენებები გამომდინარეობენ მომხდარი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებიდან და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არაობიექტურ და მოგონილ ჩვენებებად.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის არც იმ მოთხოვნას, რომ დაუშვებელ მტკიცებად იქნეს მიჩნეული ჰ. ს-ს კუთვნილი ღორის ქურდობის ფაქტზე ზ. მ-ს და მ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე მთლიანად. აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულებს უკვე მოხდილი აქვთ სასჯელი და მათ მიერ განაჩენი გასაჩივრებულიც კი არ ყოფილა.
განაჩენის გაუქმების საფუძვლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის გარემოება, რომ გამოძიების მიერ ამოღებული არ არის ბ. და ვ. ხ-ს მკვლელობის იარაღი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ ი. მ. დაუყოვნებლივ მიიმალა, იგი იძებნებოდა ხუთი წლის განმავლობაში და დაკავებულ იქნა სხვა ქვეყანაში. აღნიშნულის გამო მკვლელობის იარაღის ამოღება და გამოკვლევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამასთან, არავითარ ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ბ. და ვ. ხ-ს სიცოცხლის მოსპობა მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
პალატა უსაფუძვლოდ თვლის საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ თითქოს დადასტურებული არ არის ი. მ-ს მიერ ცეცხლასაროლი იარაღის უკანონოდ შეძენის ფაქტი, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ი. მ. პერიოდულად ატარებდა ავტომატურ იარაღს, თუმცა ამისათვის სათანადო ნებართვა მას არ ჰქონდა. საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ ი. მ. ნათხოვარ ავტომატს იყენებდა, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან არ ათავისუფლებს.
პალატა არ ეთანხმება არც იმ მოსაზრებას, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად, დაირღვა ბრალდებულის უფლება, გაცნობოდა საქმის მასალებს და უსაფუძვლოდ არ იქნა დაკმაყოფილებული დაცვის შუამდგომლობა დედოფლისწყაროს პროკურატურისათვის საქმის გამოძიების აცილების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებული არის სრულყოფილად, ბრალდებულის უფლება, საქმის მასალების გაცნობის თაობაზე, გამოძიების მიერ შეზღუდული არ ყოფილა და დედოფლისწყაროს რაიონული პროკურატურისათვის საქმის გამოძიების აცილების კანონიერი საფუძველი საქმის მასალების მიხედვით არ არსებობდა.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 1 ოქტომბრის განაჩენი ი. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და იგი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების შემთხვევაში.