№ბს-273(კ-19) 30 სექტემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.01.2018წ. N2/ს ბრძანების მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 22.01.2018წ. N3/ს ბრძანების მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 26.01.2018წ. N5/ს ბრძანების 1-ლი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებისა და 01.03.2018წ. N5/კ ბრძანების ბათილად ცნობა. ლ. გ-მა ასევე მოითხოვა გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე მისი აღდგენისა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე იძულებითი განაცდურის მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.01.2018წ. N2/ს, 22.01.2018წ. N3/ს და 26.01.2018წ. N5/ს ბრძანებებით განისაზღვრა რეორგანიზაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის შტატების შემცირების გამო მოხელის მობილობასთან დაკავშირებული საკითხები. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 01.03.2018წ. N5/კ ბრძანებით ლ. გ-ი გათავისუფლდა საკრებულოს აპარატის ... ...ის ... ...ის ... ...ის თანამდებობიდან შტატების შემცირების მოტივით.
ლ. გ-მა აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობის შედეგად, 2015 წლის 16 ივნისიდან დაიწყო მუშაობა საკრებულოს აპარატში, ამ დროის მანძილზე არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა, გააჩნია უმაღლესი განათლება, გავლილი აქვს სხვადასხვა სატრეინინგო-სასწავლო კურსი და ფლობს არაერთ სერთიფიკატს. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საკრებულოს მიერ განხორციელებული ცვლილებებით არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა შტატების საერთო რაოდენობა 2 (ერთეულით). ამდენად, მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამებიან საქართველოს კანონმდებლობას და მოპასუხეს ეკისრება მისი აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება, რის გამოც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 01.03.2018წ. N5/კ ბრძანება და დაევალა მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2018წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2018წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა 20.08.2018წ. N23/კ ბრძანება, რომლითაც ლ. გ-ი გათავისუფლდა საკრებულოს აპარატის ... ...ის ... ...ის ... ...ის თანამდებობიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2018წ. განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2018წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებთან და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულების შედეგად საკრებულოს აპარატში შტატი არ შემცირებულა. შეიქმნა ახალი განყოფილება და გაიზარდა საშტატო რიცხოვნობა, შეიცვალა მხოლოდ თანამდებობის დასახელება და საშტატო თანამდებობის იერარქიული კატეგორია. საშტატო ნუსხა რეორგანიზაციის დაწყებამდე ითვალისწინებდა თანამდებობას: ...ის ... ...., მე-... რანგის მე-... კატეგორია, რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ: ...ის ... ... ...ის და ...თან ...ის საკითხებში, მე-... რანგის მე-... კატეგორია. სასამართლოს შეფასებით, ლ. გ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა და რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ არსებული საშტატო ერთეული ფუნქცია-მოვალეობებით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. კერძოდ, ეს უკანასკნელი იერარქიულად უფრო დაბალ თანამდებობას წარმოადგენს და მისი უფლებამოსილებათა წრე უფრო დაზუსტებული და დაკონკრეტებულია. უცვლელია მოხელისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები, ასევე თანამდებობის იერარქიული რანგისთვის გათვალისწინებული სპეციალური მოთხოვნები, თუმცა შეცვლილია თანამდებობისთვის დაწესებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 02.03.2018წ. N9/ს ბრძანებით, საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თანამდებობისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრა შემდეგი: მინიმალური განათლება - ბაკალავრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, სასურველია ჟურნალისტიკის, ფილოლოგიის სფეროში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა რეორგანიზაციის საფუძველზე ფუნქციურად ახალი სამსახურის ან საშტატო ერთეულის შექმნის ფაქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ მოხდა ლ. გ-ის გადაყვანა რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ არსებული საშტატო ერთეულის თანამდებობაზე, როდესაც იგი 2018 წლის პირველ მარტამდე აკმაყოფილებდა ამ ვაკანსიისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ლ. გ-ის გათავისუფლების შესახებ 01.03.2018წ. N5/კ ბრძანება გამოიცა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით წარმოადგენს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის, გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.08.2018წ. N23/კ ბრძანებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა იმაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სხვა, დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოების დავის საგანს, რის გამოც მის კანონიერებაზე მოცემული დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა. სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობა. სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება ბრძანების კანონდარღვევით გამოცემა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოცემულ საქმეზე სადავოა ლ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ბრძანებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოპასუხის ვალდებულების არსებობა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2018წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სადავო ბრძანებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ადმინისტრაციული ორგანისთვის ნორმატიულად დაკისრებული ვალდებულებების დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილება, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებას, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრებას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობა. ლ. გ-ის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოპასუხისთვის დავალება. 118.3 მუხლის მიხედვით, თანამდებობაზე აღდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობა ვაკანტურია (სუსგ ბს-376-376(2კ-18), 11.12.2018წ., სუსგ ბს-32(კ-20), 09.07.2020წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები განსხვავებულია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განხორციელდა უფლების დროებითი დაცვა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გასაჩივრებას არ აქვს სუსპენსიური ეფექტი, გასაჩივრება არ იწვევს ავტომატურად სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118 მუხ. მე-2 პ.), თუმცა სარჩელის განხილვის ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის ზომების (სასკ-ის 29-ე, 31-ე მუხ.) გამოყენება იძლევა იმავე თანამდებობაზე მოხელის აღდგენის შესაძლებლობას, ვინაიდან თანამდებობა, ასეთ შემთხვევაში, რჩება ვაკანტური, თანამდებობაზე არ ხდება სხვა პირის დანიშვნა (სუსგ ბს-909(2კ-19), 25.02.2021წ.). ამდენად, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს თანამდებობის ვაკანტურობა.
ასკ-ის 17.1 და 17.2 მუხლების თანახმად, ფაქტობრივი გარემოების მითითებისა და მტკიცების ტვირთი ეკისრებათ მხარეებს. სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ აქვს მინიჭებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია. საქმის მასალების მიხედვით, პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ... ...ის ... ...ის თანამდებობაზე გამოცხადდა დახურული კონკურსი: N48176 ვაკანსია, განცხადების შეტანის ბოლო ვადა იყო 11.03.2018წ., მოგვიანებით ამავე თანამდებობაზე გამოცხადდა ღია კონკურსი: N49672, განცხადების ბოლო ვადა იყო 06.05.2018წ.. გამართული კონკურსის შედეგებთან და შესაბამისად თანამდებობის ვაკანტურობასთან დაკავშირებით, მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, გამოკვლეული არაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - თანამდებობის ვაკანტურობა. ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ლ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, განსახილველ შემთხვევაში, ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობის არარსებობის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს არა არჩევანის თავისუფლება, არამედ ეკისრება ვალდებულება დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, კერძოდ, იმავე დაწესებულების სისტემაში, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო დაუყოვნებლივ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს მთლიანი საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობა არ განაპიროებებს მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.5 მუხლის თანახმად, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ამდენად, მოსარჩელის მთლიანი საჯარო სამსახურის სისტემაში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაშიც, მოპასუხეს ეკისრება მოხელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი