Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1309(კ-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. შ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. შ-ემ 2018 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №1652 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, კომისიისთვის ქალაქ თბილისში, ...ის, მე-... მ/რ-ის, მე-... კორპუსის მიმდებარედ 592 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №1652 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. შ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქ. შ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე. საკუთრების აღიარებისთვის საჭირო იყო სადავო მიწის ნაკვეთზე, საკუთრების აღიარების მოთხოვნის დროს, შენობის არსებობის ფაქტის დადასტურება, მაგრამ საქმეში წარდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მიხედვით, რომელზეც დატანილია ორი შენობა, №1 შენობა ფიქსირდება მხოლოდ 2005 წლის ორთოფოტოზე, ხოლო №2 შენობა საერთოდ არ არის აღნიშნული 2005, 2010 და 2015 წლის ორთოფოტოებზე. კომისიის სხდომაზე განმცხადებელმა განმარტა, რომ იგი ხანძრის შედეგად განადგურდა, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კომისიაში არ წარუდგენია. მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით დგინდება, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არსებული შენობა აშენებულია კანონის ამოქმედების შემდეგ. აღნიშნული გარემოებები კი, კასატორის მოსაზრებით, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქ. შ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთის ფლობის, ასევე, მასზე განთავსებული შენობის 2007 წლამდე არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის, მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვეთნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე როდიდან და რა დანიშნულების შენობა-ნაგებობა არსებობდა. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №675 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული, ამავე კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №1652 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ქ. შ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ მოტივით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდებოდა მითითებული მიწის ფლობისა და მასზე განთავსებული შენობის კანონის ამოქმედებამდე არსებობის ფაქტი. ამასთან, კასატორი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს ორთოფოტოებზე და აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე შენობის არსებობა არ დასტურდებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ქ. შ-ის უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც შესაძლოა სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დადგენილიყო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით სარგებლობდა 2007 წლამდე, თუმცა ხანძრის შედეგად განადგურდა 2009 წლის ივლისში. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისთვის, მათ შორის თ. ღ-ის, მ. გ-ის, ი. მ-ის 2018 წლის 25 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებისთვის, რომლის თანახმად, აღნიშნული პირები ადასტურებენ ქ. შ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 1990 წლიდან დღემდე ფლობისა და სარგებლობს ფაქტს. ამასთან, მოსარჩელის მიერ მასზე გაშენებულია მრავალწლიანი კულტურული მცენარეები, თავიდანვე ჰქონდა აშენებული მცირე ზომის საცხოვრებელი კაპიტალური სახლი, რომელიც 2009 წლის ზაფხულში დაიწვა (ხანძარი ლიკვიდირებული იქნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ, იქვე იყო საპატრულო პოლიცია) და დარჩა ბლოკის კედლები. ნაგებობა აღდგენილი იქნა რამდენიმე წლის შემდეგ. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 23 ივლისის NES61800045033 ცნობისთვის, რომლითაც ირკვევა, რომ 2005 წლიდან 2010 წლამდე ... ...ში, მე-... მკ.რ-ის, ... და ... კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ხანძარი ვერ მოიძებნა (მომხდარი ფაქტის) ხანდაზმულობის გამო. ამდენად, კომისიის მიერ შეფასებას საჭიროებს ზემოაღნიშნული გარემოებები, ასევე, საქმის მასალებში დაცული დამოუკიდებელი აუდიტორისა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის ექსპერტიზის დასკვნები. ამასთან, საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ ნაკვეთზე არსებული ნაგებობის (ნანგრევის) დანიშნულების განსაზღვრა სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა სათანადო გამოკვლევის შედეგად უნდა მოხდეს.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან განკარგულებაში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე