Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-619(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-მა 2019 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიის 2018 წლის 26 აპრილის №125 და 2018 წლის 7 დეკემბრის №290 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ გურჯაანში, ... ...ის ქუჩა N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 126502 კვ.მ. მიწის ფართობებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გ. გ-ის საკუთრებად აღიარება მოითხოვა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოიკვლია და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინ ისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 30 მაისის №2/122 განკარგულებით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ ქვეშ განთავსებულ მიწის ნაკვეთებზე გ. გ-ის საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. რაც შეეხება 126502 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 29 ერთეულ შენობა-ნაგებობას, მათი რეგისტრაციისთვის ზემოაღნიშნული განკარგულება ვერ იქნებოდა გამოყენებული საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად, ხოლო სხვა საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიების მიზნით, მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოითხოვა ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №6/15559 წერილის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის (რომლის საკადასტრო მონაცემების ზედდება დაფიქსირდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთთან) პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არქივში არ ინახება. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით, არავითარი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ კახეთის სააღსრულებო ბიუროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას. მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შემდეგ, შუამდგომლობით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც №290 გადაწყვეტილების მიღებით არ დააკმაყოფილა გ. გ-ის მოთხოვნა. ამრიგად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არასწორ სამართლებრივ მოლოდინს უქმნის მოსარჩელეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საკასაციო სასამართლო მსჯელობას იქონიებს მხოლოდ „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიის 2018 წლის 26 აპრილის №125 და 2018 წლის 7 დეკემბრის №290 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, აღნიშნული აქტები მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ისინი შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში კანონმდებელმა მიუთითა, რომ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარება. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. ამდენად საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სწორედ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადრე, ისე დღეს მოქმედი კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთ წინაპირობად მითითებულია, რომ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, უფლებამოსილი პირის მიერ, საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივ საფუძველს წარმოდგენს ის გარემოება, ადგილი აქვს თუ არა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ამ კანონის ამოქმედებამდე. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო პალატის შეფასებით, იკვეთება რეგისტრაციამოთხოვნილი/აღიარებამოთხოვნილი უძრავი ქონების (გურჯაანი, ქოროღლიშვილის ქუჩაზე მდებარე 126502 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთდროულად, ადგილი ვერ ექნება მითითებული უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ გურჯაანში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ნივთების (ს/კ №..., ს/კ №..., ს/კ №...) მესაკუთრედ №2/122 განკარგულების საფუძველზე რეგისტრირებულია მოსარჩელე გ. გ-ი (შენობა - ნაგებობის ფართები: 2370,20 კვ.მ.; 974,40 კვ.მ.; 1572,60 კვ.მ.); ასევე დასტურდება, რომ ქალაქ გურჯაანში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...; შენობა - ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 129.60 კვ.მ.) მესაკუთრედ №16/127ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, №831 ნასყიდობის ხელშეკრულებისა და №51 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული იყო გ. გ-ის საკუთრების უფლება, ხოლო №... განკარგულების საფუძველზე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „ვ...ას“ საკუთრების უფლება.

ასევე, დადგენილია, რომ კომისიამ განიხილა 2018 წლის 30 მარტის №... მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი გ. გ-ის დოკუმენტაცია, ქალაქ გურჯაანში, ქოროღლშვილის ქუჩაზე მდებარე 126502,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით დაკანონების თაობაზე, რომელმაც 2018 წლის 26 აპრილის №125 გადაწყვეტილებით, გ. გ-ს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კომისიამ კვლავ განიხილა 2018 წლის 19 ოქტომბრის №... მიმართვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი გ. გ-ის დოკუმენტაცია, ქალაქ გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩაზე მდებარე 126502,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით დაკანონების თაობაზე. კომისიის 2018 წლის 7 დეკემბრის №290 გადაწყვეტილებით, გ. გ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კონკრეტული მოტივაციის მითითების გარეშე. აღიარების კომისიის წარმომადგენელმა კი, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე განმარტა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა აღიარებამოთხოვნილი მიწის ფართის სახელმწიფოს სახელზე განკარგვა. რის გამოც, იგი ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან - ....

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხზე მსჯელობისას დეტალურად არ შეუსწავლია და არსებული თუ დამატებით მოსაძიებელი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების რეგისტრაციისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.

გარდა ამისა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია წარმოადგენს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია კვლავ მიმართოს აღიარების კომისიას მტკიცებულებათა მოძიებისა და შეფასების მიზნით, მით უფრო, რომ სასამართლოების დასკვნით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობა არ წარმოადგენს აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ წინაპირობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის სადავო აქტის კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას, რის გამოც საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 12 ივლისს №15029 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე