Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-510(კ-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბერი განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. კ-მა 2018 წლის 22 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის 2018 წლის 12 ივნისის №578 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, კომისიისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 4099 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 ივნისის №578 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 4099 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ (მომიჯნავე) მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მ. კ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე. კომისიამ ვერ დაადგინა მიწით სარგებლობის კვალი, რომელიც დაადასტურებდა კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. მიწის ნაკვეთი იყო ახალი შემოკავებული და ახალი დამუშავებული, რაც დასტურდებოდა განცხადებაზე დართული ორთოფოტოთიც. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ მიწის ნაკვეთი გაშენებულია ჩაის გაველურებული ბუჩქნარით. რაც შეეხება განმცხადებლის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებას, რასაც გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად დაეყრდნო ზუგდიდის რაიონული სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ის არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს და უდავო მტკიცებულებას. მას კომისია განიხილავს სხვა დოკუმენტებთან და გარემოებებთან ურთიერთშეჯერებით, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული გარემოებები კი, კასატორის მოსაზრებით, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთსისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. კ-ისთვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 ივნისის №578 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა მ. კ-ის განცხადება მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ მოტივით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდებოდა მითითებული მიწის ნაკვეთის ხანგრძლივად სარგებლობის ფაქტი. ასევე, დადგენილია და არც მხარები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, შემოღობილია ნაწილობრივ ძველი და ნაწილობრივ ახალი ღობით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას წარმოადგენს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან ხანგრძლივად სარგებლობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს ორთოფოტოზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ იკვეთება მომიჯნავე მიწით სარგებლობის ფაქტი, ვინაიდან ტერიტორია შემოღობილია ახალი ღობით და მასზე გაშენებულია ველური ჩაის ბუჩქები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ არის დამუშავებული და მასზე მოყვანილია ერთწლოვანი კულტურა, მასზე ნაწილობრივ გაშენებულია ჩაის პლანტაცია, შემოღობილია, ასევე, თვითნებურად ფლობისა და სარგებლობის ფაქტს ადასტურებს არაერთი მოწმე, კერძოდ, მოწმეები: ნ. ხ-ა, ი. კ-ი, ი. ყ-ა, ც. კ-ი, რ. ს-ა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ადასტურებდნენ, რომ 2000 წლიდან მოსარჩელე თვითნებურად ფლობს და სარგებლობს მისი საკუთრების მომიჯნავედ მდებარე 4099 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების აღიარებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება მოსარჩელე მ. კ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მ. კ-ს ისე უთხრა უარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 4099 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე