Facebook Twitter

№ბს-1170(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. დ-ი (მოსაჩელე); მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 16 ივნისს ვ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ა-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით ვ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 თებერვლის №... გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1992 წლის 27 ივნისს №95, №96 და №97 მიღება-ჩაბარების აქტებით სოფელ ...ში 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები, საკუთრებაში მიიღეს ძმებმა: რ. დავითის ძე, ე. (ო.) დავითის ძე და ო. დ. ძე დ-ებმა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს. რ. დ-მა მიწის ნაკვეთი №95 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტრირა 2007 წელს, ხოლო დავით დ-მა (ო. დ-ის მემკვიდრემ) №97 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტრირა 2010 წელს.

საქმეში წარმოდგენილი მცხეთის რაიონის, სოფელ თხინვალის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ 1992 წლის 27 ივნისს გაცემული №102 მიღება-ჩაბარების აქტით ირკვეოდა, რომ ვ. ა-ს საკუთრებაში გადაეცა 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი №106 მდებარე, მცხეთა, .... ამასთან, 2005 წლის 21 ივნისს ვ. ა-მა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 1992 წლის 27 ივნისს გაცემული №102 მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე მის საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 21 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ ვ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი მცხეთა, ..., მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მეტრი, 2005 წლის 21 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. ა-ის სახელზე. აღნიშნულის შემდეგ, ვ. ა-მა კიდევ არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და იმავე №102 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოითხოვა სხვადასხვა ადგილზე მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია, თუმცა ყველა შემთხვევაში ეთქვა უარი.

2016 წლის 02 თებერვალს ვ. ა-მა კვლავ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე (ნაკვეთი №106, მიწის ფართი: 1500 კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო 2016 წლის 03 თებერვალს ვ. ა-მა №... განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ ითხოვდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კოორდინატების დაზუსტებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 თებერვლის №...გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე (მიწის ფართი: 1500 კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე, 1992 წლის 27 ივნისის №102 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ვ. ა-ის საკუთრების უფლება.

2017 წლის 01 ივნისს, ვ. დ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, სოფელი ..., ფართობი: 1500 კვ.მ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 01 ივნისს მიღებული იქნა №...-03 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ ფიქსირდებოდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან, საკადასტრო კოდი: №..., მესაკუთრე ვ. ა-ი. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელი იყო წარდგენილი ყოფილიყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ზედდების ნაწილში.

სააპელაციო პალატის შეფასებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, 1992 წლის 27 ივნისის №96 მიწის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ვ. დ-ის მამკვიდრებლის (ე. ო. დ-ის) სახელზე რიცხულ და მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც მოსარჩელე მხარის მამკვიდრებელი ფლობდა და სარგებლობდა 1992 წლიდან, შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა სადავო მიწის ნაკვეთის ვ. ა-ის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტის კანონიერება, რაც საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ვ. ა-ის სახელზე გაცემულ №102 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმადაც მითითებული იყო ა-ის მიწის ნაკვეთის საზღვრები და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები: გზა, თ-ი, ა-ი, ქ-ე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკადასტრო კოდი ... მიწის ნაკვეთის 2005 წლის 21 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იყვნენ მიღება-ჩაბარების აქტი №102 განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეთა იდენტური, შესაბამისად აპელანტის მითითება იმის შესახებ რომ მისი მიწის ნაკვეთი თავდაპირველად არასწორად იქნა რეგისტრირებული არარელევანტური იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - ვ. ა-ის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

კასატორის მითითებით, 1992 წლის 27 ივნისს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები №95; №96 და №97 ძმებზე - რ. , ე.(ო.) და ო. დ-ებზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ვ. დ-ის მამკვიდრებლის ედუარდ დ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად იხელმძღვანელა რ. და ო. დ-ების მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული ადგილმდებარეობით, თუმცა კასატორს არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რ. და ო. დ-ების საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვთ არასწორად, შეუსაბამო მიწის ნაკვეთებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 1992 წლის 27 ივნისს №95, №96 და №97 მიღება-ჩაბარების აქტებით, სოფელ ...ში მდებარე სამი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში მიიღეს ძმებმა: რ. დ. ძე დ-მა, ე. (ო.) დ. ძე დ-მა და ო. დ. ძე დ-მა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს.

2016 წლის 11 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელე ვ. დ-ი წარმოადგენს ე. (ო.) დ. ძე დ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს - მეუღლეს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი მასში შემავალი აქტივებით და პასივებით (ტ.1. ს.ფ. 23-26).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ო. დ-ის სახელზე გაცემული №96 მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეთა გრაფაში, დასავლეთით მითითებულია - დ-ი რ., ხოლო აღმოსავლეთით - დ-ი ო.ი.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მცხეთის რაიონის, სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1992 წლის 27 ივნისს გაცემული №102 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ირკვევა, რომ ვ. ა-ს საკუთრებაში გადაეცა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი №106, მდებარე: სოფელი ..., პლანტაჟის მიწა. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ვ. ა-ის №106 მიწის ნაკვეთს მომიჯნავედ მითითებულია ჩრდილოეთით - გზა; სამხრეთით - ვ. თ-ი; აღმოსავლეთით - ნ. დ-ი; დასავლეთით - ტ. ქ-ე.

2005 წლის 21 ივნისს, ვ. ა-მა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და 1992 წლის 27 ივნისს გაცემული №102 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 21 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ვ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ფართობი: 1500 კვ.მეტრი, 2005 წლის 21 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. ა-ის სახელზე. (ტ.1. ს.ფ. 54-58)

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს 2005 წლის 21 ივნისის, საჯარო რეესტრის ამონაწერზე თანდართულ საკადასტრო რუკაზე, რომლის თანახმადაც, ვ. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწებად ფიქსირდება ჩრდილოეთით - გზა; სამხრეთით - ვ. თ-ი; აღმოსავლეთით - ნ. ა-ი; დასავლეთით - ტ. ქ-ე (ტ.1. ს.ფ. 74-76).

2016 წლის 02 თებერვალს ვ. ა-მა კვლავ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე (ნაკვეთი №106, მიწის ფართი: 1500 კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო 2016 წლის 03 თებერვალს ვ. ა-მა №... განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ ითხოვდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კოორდინატების დაზუსტებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 თებერვლის №...გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე (მიწის ფართი: 1500 კვ.მეტრი) უძრავ ნივთზე, 1992 წლის 27 ივნისის №102 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დარეგისტრირდა ვ. ა-ის საკუთრების უფლება (ტ.1. ს.ფ. 60-68; ს.ფ. 46-48).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს სწორედ 2016 წლის 3 თებერვალს განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიუთითებს, რომ ვ. ა-ის სახელზე 2005 წლის 21 ივნისს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი: ...) და თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მონაცემები შესაბამისობაში იყო №102 მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებთან, ხოლო 2016 წლის 3 თებერვალს განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაცია (მიწის ნაკვეთების კოორდინატების დაზუსტების შესახებ), არ ემთხვევა ვ. ა-ის სახელზე გაცემულ უფლების დამდგენ დოკუმენტს, კერძოდ, რეგისტრაციის შედეგად, აღმოსავლეთით და დასავლეთით - ნ. დ-ისა და ტ. ქ-ის ნაცვლად, ვ. ა-ის მიწის ნაკვეთს ესაზღვრება - რ. დ-ის და ო. დ-ის მიწის ნაკვეთები. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ძმები დ-ების მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა და რ. დ-ისა და ო. დ-ის მიწის ნაკვეთებს შორის სწორედ ე. ო. დ-ისათვის №96 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 3 თებერვლის №...გადაწყვეტილებით, ვ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა უფლების დამდგენი სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, რაც ვ. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორი ვ. ა-ის სასარგებლოდ გაცემული №102 მიღება-ჩაბარების აქტი და 2005 წლის 21 ივნისს განხორციელებული რეგისტრაცია ძალაშია და არ გაუქმებულა, რაც არ ართმევს მას უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. გ-ეს საკასაციო საჩივარზე 15.02.2021 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. გ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.02.2021 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე