Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1278(კ-20) 21 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

ი. კ-მა 2018 წლის 15 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N915 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, ...ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N915 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, ...ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1885 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ი. კ-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N915 სადავო განკარგულება გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც კომისიას დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და შეფასება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, რადგან არ დგინდებოდა, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება ი. კ-ის მოთხოვნაზე არა სრულად - 1885.00 კვ. მ-ზე, არამედ კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის ხელახლა განხილვისას გამოეკვლია იმედა კალავიშვილის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ი. კ-ი თვითნებურად სარგებლობდა თუ არა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, ...ის ქუჩის ბოლოს მდებარედ 1885.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთით მთლიანად, თუ მხოლოდ ნაწილით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებათა უკეთ შესწავლის მიზნით, კომისიამ დაადგინა, რომ კომისიის წევრებს განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ადგილზე დაეთვალიერებინათ. ამასთან, განმცხადებელს დაევალა, წარმოედგინა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ტიპის დასადგენად, რადგან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი ითხოვს საკუთრების აღიარებას მიწაზე შენობის არსებობის საფუძვლით, მასზე განთავსებული უნდა იყოს შენობა, შენობაში კი, ამავე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად მოიაზრება სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციულ სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული შენობაც არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შენობის მახასიათებლებს და ქმნის დროებითი შენობის ცნების განმსაზღვრელი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობას. ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით კომისიამ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა, რომლის საფუძველზეც ი. კ-ი ითხოვდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შენობის მახასიათებლებს და ქმნიდა დროებითი შენობის ცნების განმსაზღვრელი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობას. კერძოდ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა, ი. მ. „...ის“ მიერ 2018 წლის 21 აპრილს შესრულებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, რომლითაც მოსარჩელე ადასტურებდა მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტს, არ წარმოადგენდა კონსტრუქციულ სისტემას, იგი მიწასთან დაკავშირებული იყო მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და მას არ გააჩნდა მიწისქვეშა სათავსები, რაც ქმნიდა ი. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებო23

ბის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, შესაფასებელია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ი. კ-ისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N915 განკარგულების კანონიერება, კერძოდ, გასაჩივრებული განკარგულების მიღების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოხდა თუ არა უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე შენობის არსებობის ფაქტის სათანადო გამოკვლევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა - ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარებას როგორც საცხოვრებელ, ასევე არასაცხოვრებელ შენობაზე მიუხედავად იმისა, დანგრეულია თუ აშენებული ის. ამრიგად, მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია კანონის ძალაში შესვლამდე (2007წ.) მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენაზე და იმ შემთხვევაში თუ საკუთრების აღიარების შესახებ მოთხოვნა ემყარება შენობის არსებობის ფაქტს, ფლობასთან ერთად ასევე აუცილებელია დადგინდეს მისი არსებობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში მიუთითოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გასაჩივრებული 2018 წლის 18 ივლისის N915 განკარგულება გამოიცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, ...ის ქუჩის ბოლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე ი. კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის მიუხედავად, მოპასუხემ გამოსცა აქტი, რომლითაც ი. კ-ს უარი ეთქვა 1885 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე - კომისიამ ადგილზე დათვალიერების შედეგზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნაკვეთზე არსებული შენობა წარმოადგენდა არა მიწასთან მყარად დაკავშირებულ შენობას, არამედ - დროებით ნაგებობას.

საკასაციო პალატა 2018 წლის 18 ივლისის N915 განკარგულებაში მითითებული საფუძვლებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ ი. კ-ის მიერ 1885 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სრულად ფლობისა და მასზე ნაგებობის არსებობის თაობაზე უნდა გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად უნდა ემსჯელა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა აღიარების კომისიამ სადავო განკარგულებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად (კომისიას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ადგილის დათვალიერების ოქმი), არ გაიზიარა შენობის კონსტრუქციასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2018 წლის 21 აპრილის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით მიიღო სადავო აქტი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული 2018 წლის 18 ივლისის N915 განკარგულება არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად

ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოთქმულ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა