საქმე #ბს-201(2კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 29 მაისს შ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ი. ო-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (საქმეში მესამე პირად ჩაბმული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) და შ. ჯ-ას ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ო-ას შორის გაფორმებული 2009 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების, შ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში „სახელმწიფო ქონების და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის შ. ჯ-ას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, შ. ჯ-ა არის აფხაზეთიდან დევნილი. 2009 წლის 9 თებერვალს, ი. ო-ასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებასა და მისი მშობლების დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტში მითითებულია, რომ მყიდველი ვალდებულია შ. ჯ-ა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მას თანხმობა არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით არ განუცხადებია (მით უმეტეს, რომ მის დევნილ ოჯახს დამოუკიდებელი საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა მინიჭებული), რაც გულისხმობს თავად ხელშეკრულებაში მოხსენიებას მისი ნებისგან დამოუკდებლად. მოსარჩელის მითითებით, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, მყიდველ პირად მოხსენებულია ი. ო-ა, რომელიც 2019 წლის 19 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 50.40 კვ.მ ფართზე მესაკუთრედ არის რეგისტრირებული. მხარეთა შორის აღნიშნული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მას დადების მომენტში ინფორმაცია არ ჰქონდა და მისთვის სრულიად უცნობი იყო ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების არსებობის გამო მისი ოჯახის დაკმაყოფილებლად მიჩნევა და ამ მიზეზით მისთვის ფართის გადაცემაზე უარის თქმა, წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიასთან, დევნილის ნაბეყოფლობითი და ღირსეული განსახლების თვალსაზრისით. მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ - სამინისტრო უარს ეუბნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, თითქოს მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია. აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ კი, მისთვის ცნობილი გახდა სწორედ სამინისტროსთვის მიმართვის შემდეგ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეების მიერ არსებითად დაირღვა მისი უფლებები, რის გამოც ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ, შ. ჯ-ას ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულება; შ. ჯ-ას ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ო-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. ..., მე-4 სართულზე არსებული 50,4 კვ.მ 6 ოთახად; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის მითითებით, სასამართლო დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართთან დაკავშირებით მსჯელობისას არ უნდა დაყრდნობოდა არასათანდო მტკიცებულებებს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა განკარგულების გამოცემისას მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავდა იმ წესებსა და პერიოდს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს დევნილის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ წესის დაცვით რეგისტრირებული მონაცემები შეიძლება ჩაითვალოს სათანადო მტკიცებულებად, რაც სახეზე არ არის.
სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონით 6.1 მუხლით. კასატორი ასევე არ იზიარებს ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობას.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების დროს სახელმწიფო უწყებები ჩართულნი იყვნენ მათი კომპეტენციის გათვალისწინებით. მთელი სამთავრობო პროგრამა მიმართული იყო დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისკენ. ამავე პროგრამით გაწერილი იყო თითოეული სტრუქტურის ფუნქცია პროგრამის შესრულების ფარგლებში. ოჯახის ერთ-ერთი წევრზე ხელშეკრულების გაფორმება სამთავრობო პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა და აღნიშნული აიხსნებოდა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენდა დევნილი ოჯახის ყველა წევრის დაკმაყოფილება და ამ მიზნისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის პროცედურების გამარტივება.
კასატორის მითითებით, დამაჯერებლობას არის მოკლებული სარჩელში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელემ წლების განმავლობაში არ იცოდა გასაჩივრებული გარიგების შესახებ. ამასთან, მისთვის ცნობილიც რომ ყოფილიყო სადავო გარიგების თაობაზე, კასატორის მოსაზრებით, მისი პრეტენზია უნდა მიემართოს მხოლოდ ოჯახის წევრის მიმართ.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების დადებისას აუცილებელი იყო შ. ჯ-ას ინფორმირებულობა. ამასთან, სამინისტრო არ იზიარებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2009 წლის 2 თებერვალს გამოსცა „სახელწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ #62 განკარგულება, რომლის თანახმად, მოცემული განკარგულების #1 და #2 დანართებით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა ამავე განკარგულების დანართებში მითითებულ პირებს, რის საფუძველზეც, ქ. თბილისში, დიდუბე, ...ის ქ. ..., სართული #4, ოთახების რაოდენობა - 6, ფართი - 50,4 კვ.მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა ი. ო-ას (ოჯახის უფროსი), ჯ. ჯ-ას, შ. ჯ-ას, ლ. თ-ას, ლ. ჯ-ას. ერთ-ერთ საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით.
ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 9 თებერვალს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორე მხრივ, ი. ო-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი. ო-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. ..., სართული #4, ოთახების რაოდენობა - 6, ფართი - 50,4 კვ.მ. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ი. ო-ამ აიღო ვალდებულება, რომ ჯ. ჯ-ა, შ. ჯ-ა, ლ. თ-ა და ლ. ჯ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვდნენ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად კი, მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული შ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. გ-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და შ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილსის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულება. შესაბამისად, სადავოა საკითხი იმის შესახებ, რომ შ. ჯ-ა, როგორც დევნილი, ითვლება თუ არა სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც ი. ო-ასთან გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ი. ო-ამ აიღო ვალდებულება მოსარჩელე ეცხოვრებინა სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ბინაში. ამასთან, მოსარჩელის მიერ ასევე მოთხოვნილია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის შ. ჯ-ას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდებოდა შ. ჯ-ას ჩართულობა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულების გამოცემის პროცესში, ასევე არ დასტურდებოდა მისი შემხებლობა იმ საცხოვრებელ ფართთან, რომლითაც სადავო განკარგულების გამოცემითა და მის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებით ჩაითვალა იგი დაკმაყოფილებულად. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არ დგინდებოდა შ. ჯ-ას ი. ო-ასთან ერთად ერთ ოჯახად, ერთ მისამართზე დარეგისტრირების ან/და ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი 2005 წლის შემდგომ და მითითებულ მისამართზე მცხოვრებ პირებთან ერთად შინასამეურნეო საქმიანობა, რაც ამ აქტის გამოცემის განმაპირობებელი არსებითი გარემოება უნდა ყოფილიყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ის აუცილებელი გარემოებები, რისი შესწავლაც და გათვალისწინებაც ევალებოდათ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებს.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 2.5. პუნქტით მოსარჩელეს ისე აეკრძალა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია მისთვის, არ მიუწვევია ის ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მისი არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელის მიმართ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რა დროსაც აუცილებელია მისი მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ამასთან, ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ან/და პრეზიდენტის განკარგულების არსებობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი გასაჩივრებული აქტების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის #04/3211 წერილამდე, რომლითაც შ. ჯ-ას ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მის ოჯახს კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, დიდუბე, ...ის ქ. ..., კორპ. #2, „... ...“ მდებარე საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა