Facebook Twitter

საქმე #ბს-175(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 8 მაისს მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #09 დადგენილებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 აპრილის #431 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის სოციალურად დაუცველი და არ აქვს თავშესაფარი. ქალაქ რუსთავში, ... მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ ...ოსთან არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობა დაიკავა და აქცია საცხოვრებლად ვარგის ფართად. სარჩელის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #9 სადავო დადგენილებით მ. ბ-ი დაჯარიმდა 3000 ლარით. მითითებული დადგენილება გასაჩივრდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც 2018 წლის 23 აპრილის #431 ბრძანებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი. სარჩელის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობები დაკავებული აქვს რამდენიმე ოჯახს, თუმცა მოპასუხის მიერ მხოლოდ მოსარჩელე დაჯარიმდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის #09 დადგენილება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 აპრილის #431 ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბერის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად უნდა იქნეს დადგენილი მ. ბ-ი წარმოადგენს თუ არა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლით განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. ამასთან, სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა ...ოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში ელექტროენერგიის შეყვანა-გამრიცხველიანებაზე მასში მცხოვრები ოჯახებისთვის, რაც სასამართლოს აფიქრებინებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პოზიციის შეცვლაზე მოცემულ შენობაში მაცხოვრებელი ოჯახების სასარგებლოდ. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის მის მიერ მიღებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15, 25-ე, 43-ე და 44-ე მუხლებზე, ასევე „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის #26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე.

კასატორის განმარტებით, მერიამ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყო მ. ბ-ის საჩივრის განხილვა/გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის #09 დადგენილება, რომლის თანახმადაც, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მ. ბ-ს დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა და დაევალა უნებართვო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 აპრილის #431 სადავო ბრძანებით კი, მ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზემოაღნიშნული დადგენილება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43.1 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა - გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

დადგენილია, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დამრღვევის მიმართ, 2017 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა #36 მითითება, სადაც განიმარტა, რომ ქ. რუსთავში, ... მიკრორაიონის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე კედლები სამშენებლო ბლოკით ამოყვანილია უნებართვოდ. დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ. ბ-ს დაევალა შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ქ. რუსთავში, ... მიკრორაიონის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიაზე, ყოფილ ...ოსთან არსებულ დამხმარე ნაგებობაში მოსარჩელის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ სხვა ოჯახები, რომლებმაც თავიანთი სახსრებით გაარემონტეს შენობა-ნაგებობა და გახადეს საცხოვრებლად ვარგისი, თუმცა მის გარდა არავინ დაჯარიმებულა. აღნიშნულმა ოჯახებმა არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს და ითხოვეს მითითებული შენობა-ნაგებობების საკუთრებაში რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ამასთან საყურადღებოა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 06.12.2018წ. #02/16055 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სთხოვს სს „...ას“ რუსთავის სერვის ცენტრს, რომ უსაფრთხოების წესებით დადგენილი ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ქ. რუსთავში, ...-ში, ...ოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში ელექტროენერგიის შეყვანა-გამრიცხველიანებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა, ასევე ის გარემოება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის მის მიერ მიღებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა