საქმე #ბს-218(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 26 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა. შ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ა. შ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის - 10 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ა. შ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: მუნიციპალიტეტი ქედა, სოფელი ..., საკადასტრო კოდი ... (მოპასუხის საკუთრებაში არსებული წილის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის - 10 000 ლარის ფარგლებში) ყადაღის დადებაზე იშუამდგომლა.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 5 მაისს, ა. შ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის #358 ბრძანებით დამტკიცებული #358 კონტრაქტი, რომლის 6.2.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 3 აგვისტოს #4583 ბრძანებით ა. შ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-16 პუნქტის (ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობა) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის #737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2018 წლის 5 ნოემბერს ა. შ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 3 აგვისტოს #4583 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ...ის (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) თანამდებობაზე აღდგენა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 3 აგვისტოს #4583 ბრძანებით ა. შ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვილ იქნა სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-16 პუნქტის მოთხოვნა - ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობა. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის #02 ბრძანების მე-2 მუხლს, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონე დგინდება მათი სქესის, ასაკისა და ჯანმრტელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატივები შეიძლება შეიცვალოს ამ წესით გათვალისწინებული ალტერნატიული ნორმატივით - 4000 მეტრზე თავისუფალი სიარულით, თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეუწონელია 3200 სირბილი ან მას შეუსრულდა 50 წელი.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის შ. გ-ის მიერ გაცემული 2018 წლის 28 ივნისის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ ერთ-ერთი ფიზიკური აქტივობისას მიიღო მუხლის ტრავმა, რის გამოც ექიმის მიერ გაცემულ იქნა რეკომენდაცია, რომ ფიზიკური დატვირთვა - სირბილი შეცვლილიყო სხვა ალტერნატიული ტესტით. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სირბილი არ იქნა შეცვლილი ალტერნატიული ნორმატივით, შესაბამისად, აღნიშნული ვერ ჩაითვლება ა. შ-ის მხრიდან ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ა. შ-ს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ქედა, სოფელი ..., (ს/კ ...ა; ...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ა. შ-ის საკუთრებაში არსებული წილის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის 10 000 ლარის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ა. შ-ის შეგებებული სარჩელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 3 აგვისტოს #4583 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინიასტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ა. შ-ს არც ერთი ტესტირების გავლის პერიოდში ხელმძღვანელობისთვის არ წარუდგენია სამედიცინო ცნობა, რაც გახდებოდა მისი ტესტირებაზე გასვლის საპატიო მიზეზი. უფრო მეტიც, მას არც სიტყვიერად განუცხადებია რაიმე პრეტენზია საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 3 აგვისტოს #MOD3 18 00004583 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-16 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის #MOD 9 17 00000737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ...ი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი #...) უფროსი ლეიტენანტი ა. შ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
დადგენილია, რომ ა. შ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობა. თავად ა. შ-ი კი, მოცემული შედეგების (ნორმატივების ჩაუბარებლობა) გაბათილების მიზნით მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განმარტავს, რომ ერთ-ერთი ფიზიკური ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა, რის გამოც ექიმის მიერ გაცემულ იქნა რეკომენდაცია, რომ ფიზიკური დატვირთვა - სირბილი შეცვლილიყო სხვა ალტერნატიული ტესტით. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია 2018 წლის 28 ივნისის პაციენტის გასინჯვის ფურცელი (ფორმა #IV-200-5/ა), რომლის მიხედვით, ა. შ-ს საბოლოო დიაგნოზი განესაზღვრა M17.3 პოსტტრავმული გონართროზები, მარჯვენა კვირისთავის საკუთარი იოგის კალცინოზი, ართროტომიის და ხრტილოვანი ფრაგმენტის ამოკვეთის შ/მდგომარეობა. ექიმი შ. გ-ის მიერ რეკომენდირებულია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, სირბილის შეცვლა სხვა ალტერნატიული ტესტით. 2017 წლის 31 მარტს სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ ჰოსპიტლის დირექტორის განკარგულების მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმებულია ა. შ-ი; ანამნეზის თანახმად, ა. შ-ს აღენიშნებოდა ტკივილი და მოძრაობის გაძნელება მარჯვენა მუხლში, მიღებული აქვს ტრავმა ვარჯიშის დროს, ექოსკოპიური გამოკვლევით დადგინდა მარჯვენა მუხლის ხრტილის დაზიანება, ქ. ქუთაისში ჩაუტარდა ოპერაცია მუხლის სახსრის ხრტილის ღია ამოკვეთა, იმყოფებოდა გამოკვლევაზე და 31.03.2017წ. მკურნალობდა სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ამბულატორიულად. ავადმყოფობის მოწმობის შესაბამისად, მარჯვენა მუხლის სახსრის ხრტილის დაზიანება ოპერაციული მკურნალობის კიდურის ფუნქციის დროებითი დარღვევით, დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში, ხოლო ამავე ავადმყოფობის მოწმობის შესაბამისად, დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის ესაჭიროება შვებულება ავადმყოფობის გამო 45 დღით.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის #02 ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონე დგინდება მათი სქესის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატივი შეიძლება შეიცვალოს ამ წესით განსაზღვრული ალტერნატიული ნორმატივით – 4 000 მეტრზე სპორტული სიარულით, თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეუწონელია 3 200 მეტრზე სირბილი ან მას შეუსრულდა 50 წელი.
აღსანიშნავია, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს გასცემს თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში და დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ასევე საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული ტ. მ-ის ჩვენება, სადაც იგი მიუთითებს, რომ ა. შ-ს მის ბატალიონში გადანიშვნის დროსაც ჰქონდა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, მან იცოდა ა. შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისთვის განმარტებულ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის ნორმატივების ჩაბარებამდე, თუმცა ა. შ-მა ჯანმრთელობის ცნობა წარუდგინა ნორმატივების ჩაბარების შემდგომ. შესაბამისად, აღნიშნული ორი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო საქმის კურსში უნდა ყოფილიყო მასთან დასაქმებული სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისგან გამომდიონარე, კონკრეტული სახის ნორმატივის ჩაუბარებლობის გამომწვევი მიზეზების შესახებ, ის არ იყო უფლებამოსილი მოცემული გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიეღო პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა. შ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება, აღნიშნული გამორიცხავს მისი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას და შესაბამისად, ხელშეკრულების დარღვევის თანმდევ შედეგს - ჯარიმის დაკისრებას, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა