საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-283(კ-21) 28 სექტემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ჰ. ო. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 8 ოქტომბერს ი. ჰ. ო. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ერაყის მოქალაქე, ჩამოვიდა საქართველოში სასწავლებლად და ამჟამად არის ...ის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. მას არაერთხელ ჰქონდა სასწავლო ბინადრობის ნებართვა.
2019 წლის 20 აგვისტოს მან კვლავ მიმართა სსიპ სერვისების განვითრების სააგენტოს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს №1000682269 გადაწყვეტილებით ი. ჰ. ო. ო-ს დაევალა წარმოედგინა ცნობა ნასამართლობის შესახებ ერაყიდან 2019 წლის 6 სექტემბრამდე.
სსიპ სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №1000682269 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ჰ. ო. ო-ის განცხადება და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოკლებულია რეალურ, და ფაქტობრივ საფუძვლებს. ვინაიდან, იგი 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში და უნდა მოეთხოვათ ნასამართლობის ცნობა საქართველოდან და არა ერაყიდან. ამასთან, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა არაგონივრული და არასაკმარისი იყო, რის გამოც ვერ მოხერხდა მის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს №1000682269 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №1000682269 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ი. ჰ. ო. ო-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ჰ. ო. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №1000682269 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ჰ. ო. ო-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელეს 2019 წლის 21 აგვისტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამის ინტერნეტგვერდზე განთავსებით დამატებით დაავალა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის 2019 წლის 6 სექტემბრამდე წარმოდგენა. აღნიშნული ვადა სააპელაციო პალატამ მიიჩნია არაგონივრულად და მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. მე-4 მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის დავალებული დოკუმენტის მისი წარმოშობის ქვეყნიდან გამოთხოვა და საჭიროების შემთხვევაში მისი აპოსტილით დამოწმება საჭიროებდა სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაზე მეტს, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით და დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა დადგენილი ხარვეზის კანონით განსაზღვრულ ვადამდე გაგრძელების შესახებ, რაც არ განუხორციელებია. ამდენად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელოვნურად შეიქმნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ სახით მიღების წინაპირობა, რაც დაუშვებელია.
გარდა აღნიშნულისა, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძვლის სასამართლოში წარდგენა მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 18.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.1 მუხლზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ი. ჰ. ო. ო-ს დაევალა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის წარდგენა, აღნიშნული გარემოების არარსებობის დადასტურება არის არსებითი მნიშვნელობის განმცხადებლისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად. ამასთანავე, განმცხადებელი ინფორმირებულ იქნა, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.7 მუხლის შესაბამისად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტომ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება ი. ჰ. ო. ო-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №1000682269 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მოპასუხისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გამოცემის დავალება. დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2019 წლის 20 აგვისტოს განცხადება და ი. ჰ. ო. ო-ს უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან, მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ერაყის რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ ცნობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის IV თავი არეგულირებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, კერძოდ, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.
ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“, რომლის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის, მე-2 პუნქტი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილია სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 8 იანვრის №1000410451 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2014 წლის 9 დეკემბრის №1000410451 განცხადება და იჰია ჰუსსეინ ოთმან ოთმანს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2015 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 8 იანვრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბრის №1000453670 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2015 წლის 13 ნოემბრის №1000453670 განცხადება და ი. ჰ. ო. ო-ს გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.
2019 წლის 20 აგვისტოს ი. ჰ. ო. ო-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 21 აგვისტოს №1000682269/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ი. ჰ. ო. ო-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 17 სექტემბრის SSG 2 19 00169982 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ი. ჰ. ო. ო-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს №1000682269/7 წერილით ი. ჰ. ო. ო-ის 2019 წლის 20 აგვისტოს განცხადებაზე №1000682269 დაუდგინდა ხარვეზი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ი. ჰ. ო. ო-ს დაევალა 2019 წლის 6 სექტემბრამდე აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა.
დადგენილა, რომ მოსარჩელე ი. ჰ. ო. ო-მა ხარვეზის დადგენის ვადებში, 2019 წლის 3 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგინა განცხადება, რომლითაც აცნობა, რომ ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენისათვის ესაჭიროებოდა 2 კვირა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №1000682269 გადაწყვეტილებით, ი. ჰ. ო. ო-ს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს ცნობის თანახმად, ი. ჰ. ო. ო- არ არის ნასამართლევი. ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საქმეთა სააგენტოს ცნობის თანახმად, ი. ჰ. ო. ო-ი ნასამართლევი არ არის.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის დავალებული დოკუმენტის მისი წარმოშობის ქვეყნიდან გამოთხოვა და საჭიროების შემთხვევაში მისი აპოსტილით დამოწმება საჭიროებდა სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაზე მეტს, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით და დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა
დადგენილი ხარვეზის კანონით განსაზღვრულ ვადამდე გაგრძელების შესახებ, რაც არ განუხორციელებია. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინება აგრეთვე ის გარემობაც, რომ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს ცნობის თანახმად, ი. ჰ. ო. ო-ი არ არის ნასამართლევი. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 17 სექტემბრის SSG 2 19 00169982 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომდეპარტამენტს ი. ჰ. ო. ო-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საქმეთა სააგენტოს ცნობა, რომლითაც ი. ჰ. ო. ო-ი, ნასამართლევი არ არის (ს.ფ. 115-116). შესაბამისად, საკასაციო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძვლის სასამართლოში წარდგენა, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.03.2021წ. №03735 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბერი განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.03.2021წ. №03735 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე