საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-434(კ-21) 21 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჟ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ჟ. ქ-მა 2019 წლის 14 თებერვალს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაინულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის N1149 გადაწყვეტილების და 2018 წლის 31 დეკემბრის N1289 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 7080 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ჟ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის N1149 გადაწყვეტილება და 2018 წლის 31 დეკემბრის N1289 განკარგულება. ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ჟ. ქ-ი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს რადგან, მისი განცხადების განხილვისას ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ასევე მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეეპუნტით გათვალისწინებული მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ორთოფოტოსი და მოწმეთა ჩვენებისა. მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს უდავო მტკიცებულებას, ხოლო ორთოფოტოზე არ ფიქსირდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა და მასზე ასახულია მხოლოდ ცემენტის ფილების კონტური. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს ჟ. ქ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობას. გარდა ამისა, საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ჟ. ქ-მა 2020 წლის 24 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სახელმწიფოს მიერ როგორც მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება, რაც გამორიცხავდა ამ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების მოტივით საკუთრებაში აღიარების მოთხოვნის განხილვას. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხევაში სადავოა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის N27 სხდომის ოქმის (მე-2 საკითხი)თანახმად 2018 წლის 20 დეკემბრის N1149 გადაწყვეტილებისა და და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 31 დეკემბრის N1289 განკარგულების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. კერძოდ, შესაფასებელია, ჟ. ქ-ის მოთხოვნა აკმაყოფილებდა თუ არა თვითნებურად დაკავების მოტივით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის ზემოაღნიშნული კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესრულდა თუ არა მისთვის კანონით დაკისრებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლების ვალდებულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა - ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარებას როგორც საცხოვრებელ, ასევე არასაცხოვრებელ შენობაზე მიუხედავად იმისა, დანგრეულია თუ აშენებული ის. პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. ამრიგად, მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია კანონის ძალაში შესვლამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენაზე და იმ შემთხვევაში თუ საკუთრების აღიარების შესახებ მოთხოვნა ემყარება შენობის არსებობის ფაქტს, ფლობასთან ერთად ასევე აუცილებელია დადგინდეს მისი არსებობა. მხოლოდ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე აღმოცენებული ფაქტის დამტკიცება წარმოშობს კომისიის ვალდებულებას - აღიაროს კერძო პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს ევალება მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენების წარდგენა; ხოლო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს: ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველ საქმეზე არ განხორციელდა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს ჟ. ქ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ზუგდიდის სოფელ ...ში მდებარე 7080 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 120 კვ.მ. დანგრეულ საცხოვრებელ შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს.ფ.15-17). მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან დამატებით მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 და 2001-2005 (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების წიგნებში ჟ. ქ-ი კომლის უფროსად/წევრად არ ფიქსირდება. რეგიონულ არქივში ზუგდიდის რაიონის ...ის საკრებულოს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ სიები, მიწის განაწილების სიები და 2007 წლის საკომლო წიგნები დაცვაზე არ შესულა. ასევე, ჟ. ქ-ი მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიაში არ ფიქსირდება (ს.ფ. 19-20).
ჟ. ქ-ის განცხადება და საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია 2018 წლის 6 დეკემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსახილველად გაუგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ჟ. ქ-მა კომისიას დამატებით წარუდგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობის ასლი, ორთოფოტო, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ და ნოტარიალურად დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები (ს.ფ. 25). 2018 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომელშიც აღინიშნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი დანიშნულების შენობა (არც აშენებული, არც დანგრეული), ასევე მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული საძირკველი იყო ახალი დასხმული. ჟ. ქ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისია დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების ოქმს და მასში მითითებული გარემოებები გამეორდა 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომის N27 ოქმში, რომლის მე-2 საკითხით მიღებული N1149 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრის N1289 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ჟ. ქ-ის მოთხოვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ჟ. ქ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა როგორც აღიარების შესახებ კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოწმეთა ჩვენებები, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორთოფოტო, რომლის მიხედვითაც, სადავო ტერიტორიის ნაწილზე მოჩანს გარკვეული ნაგებობა (ს.ფ. 18), თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და სადავო აქტებში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარებისთვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია ჟ. ქ-ის მიერ წარდგენილი ორთოფოტო, ასევე არ გაიზიარა მოწმეთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც დადასტურებულია, რომ ჟ. ქ-ი 2004 წლიდან დღემდე (11.12.2018 წ. განცხადების შედგენის თარიღი) ზუგდიდის სოფელ ...ში თვითნებურად ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით - 7080 კვ.მ, რომელზეც განლაგებული იყო დანგრეული საცხოვრებელი (ს.ფ. 25). ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ფორმის მეორე გვერდზე, საიდანაც ირკვევა, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა არის დანგრეული საცხოვრებელი. მიუხედავად ამისა, ჟ. ქ-ის მოთხოვნა ისე იქნა უარყოფილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომ ნანგრევის (საძირკვვლის) ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და განკარგულებაში, ასევე, საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრებები არ გამხდარა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი; კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შენობის ნანგრევი (საძირკველი) ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, რაც ცალსახად ადასტურებს საკითხის ხელახალი განხილვის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობას, ამასთან იმ პირობებში, როდესაც ნაგებობის მიწის ნაკვეთზე განთავსების ხანდაზმულობა სპეციალური ცოდნის გამოყენების საჭიროებას მოითხოვს, დაუსაბუთებელია კომისიის წევრების მიერ დათვალიერების ოქმში ამ მიმართებით გამოთქმული მოსაზრება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სავალდებულოა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. საგულისხმოა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას გასაჩივრებული აქტების სათანადო დასაბუთებასა და ნაკვეთზე არსებულ შენობის არარსებობასთან დაკავშირებით, რადგან სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის შესრულებული საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამოკვლევისა და სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი ვალდებულება.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულებას და იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მოცემულ საქმეში სახეზეა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ადმინისტრაციული ორგანოს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რამდენად აკმაყოფილებდა ჟ. ქ-ი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.
რაც შეეხება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჟ. ქ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრებებს, საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტუქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართალია, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით, უფლებამოსილება მიენიჭა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ ის გარემოება, რომ გარკვეული სახის კომპეტენცია, რომელიც აღიარების კომისიას გააჩნდა, დროებით გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, არ შეიძლება გახდეს საკანონმდებლო ცვლილებამდე, კერძოდ 2018 წლის 31 ოქტომბერს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი და ამ ორგანოს მიერ კომისიისთვის 2018 წლის 6 დეკემბერს გადაგზავნილი მოთხოვნის უარყოფის საფუძველი. ამასთან, სხვადასხვა ადმინისტარციულ ორგანოში სადავო საკითხის განხილვის პარალელიზმის გამორიცხვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს კასატორის მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცესში.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა