საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-686(კ-20) 21 სექტემბერი, 2021წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ბ. ბ-ა
მესამე პირები - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბ. ბ-ამ 2017 წლის 21 ივნისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ბ. ბ-ასთვის ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში კომისიის 2017 წლის 16 მაისის N11 სხდომის ოქმისა და მის საფუძველზე გამოცემული 2017 წლის 17 მაისის N83 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე - მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება - ქ. რუსთავში, ...ში ...-ში (...-ის მიმდებარედ) მდებარე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ბ. ბ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საქართველოს კილტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, ბ. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 მაისის N11 საოქმო გადაწყვეტილება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 17 მაისის N83 განკარგულება. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ქალაქის გენ.გეგმის რუქა ფრაგმენტით დგინდება, რომ ასაღიარებელი ობიექტი განთავსებულია კულტურისა და ...ის მიმდებარედ, ხოლო ...ი მდებარეობს კულტურისა და ...ში. მესამე პირად ჩართული სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის ახსნა - განმარტებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ობიექტი, მართალია, არ წარმოადგენს ...ის შემადგენელ ნაწილს და არ ექცევა მის ტერიტორიაზე, თუმცა მოქცეულია ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში - მოთხოვნილი ტერიტორიის ნაწილი ექცევა ფიზიკური დაცვის 50 მეტრიან არეალში, დანარჩენი კი ვიზუალური დაცვის არეალში. მისივე განმარტებით, თვითნებური განაშენიანება აფერხებს ძეგლის (...ის) აღქმას, ასევე მიწის სავარაუდო სამუშაოებმა შეიძლება გამოიწვიოს ...ის ხსენებული ნაწილის დაზიანება, შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ისეთ მიწის ნაკვეთს, რომლის აღიარებასაც კანონი არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ბ. ბ-ას დაინტერესებაში არსებული ობიექტი განთავსებულია ...ის მეორე მხარეს და არ ექცევა ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში და საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, ადმინისტრაციული ორგანო აღნიშულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სალეგალიზაციო ობიექტი განთავსებულია ძეგლიდან 50 მეტრში და ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების მიზნით, ადგილის დათვალიერებისას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების, მეზობლების გამოკითხვა გააჭიანურებს საქმის განხილვას, ამასთან, მოწმეთა გამოკითხვა ვერ დაადგენს სალეგალიზაციო ობიექტის საკუთრებაში გადაცემის სავალდებულოობას.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა არსებითად გადაეწყვიტა დავა და არ დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კერძოდ, მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ასევე - ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ბ-ამ ქ. რუსთავში, ...ში ...-ში (...-ის მიმდებარედ) მდებარე ... კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც განცხადება განსახილველად გაუგზავნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას, მიწის ნაკვეთის ფლობის დასადასტურებლად საკუთრების აღიარების კომისიას ბ. ბ-ას მიერ წარედგინა მოწმეთა განცხადება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება, რაც 2017 წლის 17 მაისის ქალაქ რუსთავის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №83 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა. განკარგულებაში უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი შედიოდა ...ში და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა ... და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვებელი იყო ასეთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საქმის მასალებით (ს.ფ. 37-49) ასევე დადგენილია, რომ ...ე მდებარეობს ...ის ერთ მხარეს, ...ის მეორე მხარეს განთავსებულია სადავო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. საქმეში არსებული ორთოფოტოსა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ... კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ...) რეგისტრირებულია თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, რომლის შემადგენლობაში შედის: ...ე, ...ი, ხოლო მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია ფიზიკური პირების საკუთრებად. გარდა ამისა, მესამე პირის - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთი მდებარეობს „...ის“ სიახლოვეს, ...ის მეორე მხარეს, სადავო ტერიტორია არ წარმოადგენს ...ის შემადგენელ ნაწილს და არ ექცევა მისი ტერიტორიის ფარგლებში, თუმცა ნაწილი მოქცეულია ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში, ხოლო ნაწილი - ფიზიკური დაცვის 50 მეტრიან არეალში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეზე არ არის გამოკვლეული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრებაში უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ ისეთ მიწის ნაკვეთს, რომელიც კანონის თანახმად საკუთრების უფლებით აღიარებას იმპერატიულად არ ექვემდებარებოდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება, უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ აქტში მითითებული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, ის რომ მიწის ნაკვეთი შედის ...ში და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა ..., არ წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს, აღნიშნული კი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არასრულყოფილ შესწავლაზე და იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ჩანაწერზე ფორმალური, ზოგადი მითითებით (სადავო განკარგულებაში არ არის მითიებული კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი), ამასთან არ გაითვალისწინა ის, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები ფიზიკური პირების საკუთრებას წარმოადგენდა, რა გარემოებაც კომისიას მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მითითებული გარემოებების კიდევ უფრო სიღრმისეულად გაანალიზებასა და დასაბუთებას ავალდებულებდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბ. ბ-ასათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებითა და დასაბუთებული არგუმენტაციით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტზე, რომლითაც სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 მაისის N11 სხდომის საოქმო გადაწყვეტილება, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა მხოლოდ მითითებული საოქმო გადაწყვეტილების ბ. ბ-ას ნაწილში ბათილად ცნობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით და ექვემდებარება ამ საპროცესო წესით შესწორებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა