Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1349(კ-20) 21 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. გ-მა 2018 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს №1159 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში ...ს ქუჩის მე-5 ჩიხში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს №1159 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიის მიერ გამოკვლეული 2005 წლის, ასევე 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებზე ასახული სიტუაცია არ შეესაბამებოდა მოსარჩელის და სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებს იმის თაობაზე, რომ 2006 წელს მითითებულ მიწის ნაკვეთზე იყო მხოლოდ შენობის ნანგრევები და მ. გ-ის მიერ მოხდა შემდგომ კედლების აშენება და გადახურვა, რადგან 2005 წლის ორთოფოტოზე არსებული შენობის გაბარიტები და კონფიგურაცია არ შეცვლილა 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებზე. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მ. გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მ. გ-ის განცხადება არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რადგან არსებობდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შეუსაბამობა. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ დასტურდება თვითნებური დაკავების მოტივით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების მოთხოვნის უსაფუძვლობა და საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა აღიარების კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს №1159 განკარგულების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხოლოდ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე აღმოცენებული ფაქტის დამტკიცება წარმოშობს კომისიის ვალდებულებას - აღიაროს კერძო პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნა ემყარება შენობის არსებობის ფაქტს, მითითებული ნორმის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, ასევე აუცილებელი იყო დადგენილიყო შენობა-ნაგებობის მდგომარეობა და მისი დანიშნულება, რამდენადაც, საკუთრების უფლების აღიარებისთვის მითითებულ მახასიათებლებს არსებითი დატვირთვა გააჩნდა. კერძოდ, ისეთ პირობებში, როდესაც ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი ტიპის შენობა, ზემოაღნიშნული ნორმა შესაძლებლად მიიჩნევდა საკუთრების უფლების აღიარებას, მიუხედავად იმისა, შენობა დანგრეული იყო თუ აშენებული. კანონის ამჟამინდელი რედაქციით კი როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის სტატუსად კანონმდებელი მოიაზრებს როგორც აშენებულ, ისე მშენებარე ან დანგრეულ ნაგებობას.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირს ევალება მათ შორის მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და მოწმის ჩვენების წარდგენა; ხოლო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე წესის მე-10 მუხლის მიხედვით, დაინტერესებული პირის განცხადების განხილვის შედეგად, კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია დაიცვას აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც კონკრეტული ფაქტებითა და საქმის გარემოებებით განისაზღვრება გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი. ამასთან, აქტის დასაბუთების ვალდებულება განაპირობებს როგორც კანონიერი აქტის გამოცემას, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ეფექტურობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება უკავშირდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესს, რაც გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით აქტის გამოცემას, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება მოიცავს აქტის შინაარსს, კერძოდ, მასში ასახული ურთიერთობის მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ საფუძვლებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 ივნისის №663 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს №1159 განკარგულებით, მ. გ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს N5 ჩიხში მდებარე 320 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მისი ფლობის დაუდასტურებლობისა და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებული გზის მოდერნიზაციის დროებითი შეზღუდვის არსებობის მოტივით. ამავე განკარგულების თანახად, მ. გ-ის მიერ კომისიის სხდომაზე დადასტურდა, რომ შენობა, რომლის საფუძველზეც ითხოვდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, მის მიერ არ იყო აშენებული და აღნიშნული შენობით სარგებლობა დაიწყო 2007 წლის გაზაფხულიდან (მოსარჩელის განმარტებით, შენობას ჩაუტარა სრული რეაბილიტაცია და დღემდე ცხოვრობს მასში, რადგანაც სხვა საცხოვრისი არ გააჩნია). საგულიხსმოა, რომ 2018 წლის 7 ივნისის N663 სხდომის ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო განკარგულებას, არ შეცავს მითითებას არც მოსარჩელის ზემოაღნიშნულ განმარტებაზე და არც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით გათვალისწინებული შეზღუდვის არსებობის თაობაზე, რაც ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასათანადო გამოკვლევას, ხარვეზიანი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შედეგად გამოცემული აქტის დაუსაბუთებლობას. საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოპასუხე დაეყრდნო მხოლოდ ორთოფოტოებზე ასახულ მონაცემებს, ისე რომ არ განუხორციელებია საკითხის სათანადო შესწავლა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების სრულყოფილად გამოყენება. აღნიშნული ნორმის ფარგლებში, აღიარების კომისია არ არის შეზღუდული გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, მათ შორის ადგილზე დათვალიერებით დეტალურად გამოიკვლიოს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობის შესახებ მონაცემები და შესაბამისი დასაბუთებით მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მოცემულ საქმეზე მოპასუხის მიერ არ განხორციელდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. მართალია, მითითებული ნორმა ადგენს გარკვეული სახის შეზღუდვას და მიწის ნაკვეთის განკერძოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასათვალისწინებელ პირობას, თუმცა, ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და სათანადო მტკიცებულებების გარეშე მიიღოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოცემულ საქმეზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 15 დეკემბრის №60-0117349700 წერილით დადგენილია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისში, ...ს N5 ჩიხში მდებარე 320 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ-2) ზონაში და მასზე გათვალისწინებულია გზის მოდერნიზაციის დროებითი და სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა, თუმცა სადავო განკარგულება, არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, კონკრეტულად რა ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარება გზის მოდერნიზაციის თვალსაზრისით. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტზე, რომ გზის მოდერნიზაციის დროებითი შეზღუდვის გარდა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებობს სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საერთოდ არ შეფასდა აღნიშნული გარემოება და სადავო განკარგულებაში ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე მიეთითა მხოლოდ მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილ ვადამდე ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობისა და გზის მოდერნიზაციის დროებითი შეზღუდვის თაობაზე, რაც ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლებით აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა