Facebook Twitter

საქმე #ბს-161(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 19 აგვისტოს ი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ.

მოსარჩელემ „საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის #MIA 01901998369 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ი. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო ...ის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (...ი) ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ი. მ-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს სასაზღვრო ძალებში. 1999 წლის 1 იანვრიდან კი, ჩართული იყო ნამდვილ სამხედრო სამსახურში და მიენიჭა სამხედრო ძალების კაპიტნის წოდება. სარჩელის თანახმად, ი. მ-ე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად. არ აქვს არც ერთი დისციპლინური სახდელი. ამასთან, არაერთხელაა წახალისებული სიგელითა თუ ფულადი პრემიით.

მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 1 მარტს სასაზღვრო პოლიციის ...ის სამმართველოს ახალმა უფროსმა იხმო თანამშრომლები, მათ შორის, მოსარჩელე და განუცხადა, რომ მას სჭირდებოდა სხვა ხალხი, მათ კი გაანაწილებდა სხვა სამსახურში, რის გამოც მოსთხოვა დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე პატაკების დაწერა, თარიღის მიუთითებლად. ამასთან, შეპირდნენ, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დააკმაყოფილებდნენ შესაბამისი სამსახურებით. მოსარჩელემ 01.03.2016წ. დაწერა პატაკი თარიღის მიუთითებლად. მოსარჩელის მითითებით, მას ორი თვის განმავლობაში უხდიდნენ ხელფასს, შემდეგ კი, გადახდა შეუწყვიტეს, რის გამოც დარჩა უსახსროდ. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მისი სამსახურში აღდგენა არ მომხდარა. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ის თანამდებობა, რომელიც ბოლოს ეკავა, ვაკანტურია. სადავო გადაწყვეტილებით კი, განთავისუფლებულია თანამდებობიდან იმ დასაბუთებით, რომ ამოიწურა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის #MIA 01901998369 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე ი. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო ...ის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (...ი) ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ი. მ-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ი. მ-ე სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილ იქნა ისეთ პირობებში, როდესაც მას არ სურდა სამსახურიდან დათხოვნა და ეს გამოხატა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, საფუძველი, რომელიც მოსარჩელე ი. მ-ის კადრების განკარგულებაში აყვანას დაედო, აღმოიფხვრა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსამსახურის სურვილი, აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას, თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით, უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან.

პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. პალატის მითითებით, მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა, შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე საკუთარი ნების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30.1 და 29.1, მე-7 მუხლებზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23.1 მუხლზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33.3 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ვერ ექნებოდა გარანტია ან დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას აუცილებლად სხვა თანამდებობაზე გადაიყვანდნენ. მას გააზრებული უნდა ჰქონოდა ის რისკები, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის მიერ შედგენილ პატაკს. მოსარცელის მიერ გამოხატული ნება არის ნამდვილი.

კასატორის განმარტებით, 2019 წლის 10 ივლისის პატაკი ვერ ჩაითვლება ნების გამოვლენად და ვერ გამოიწვევს აქტის ბათილობას. მოსარჩელეს არ მოუთხოვია მის მიერ შედგენილი პატაკის განუხილველად დატოვება. მის მიერ შედგენილი ახალი პატაკი ვერ იქნება საბუთი მისი ახალი ნების გამოვლენისა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორად იქნა განაწილებული მტკიცების ტვირთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია „საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის #MIA 01901998369 ბრძანება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ი. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო ...ის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (...ი) ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ 2019 წლის მარტს ი. მ-ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსს და სთხოვა მას ეშუამდგომლა სასაზღვრო პოლიციის უფროსთან, რათა იგი დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ და კადრების განკარგულებაში აეყვანათ (ი. მ-ის აღნიშნულ პატაკს არა აქვს რეგისტრაციის ნომერი და თარიღი). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 26 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე ი. მ-ე აღნიშნული პატაკის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. მოცემული წესის 34.1 მუხლის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთან შრომითი ურთიერთობა წყდება მისი სამსახურიდან დათხოვნის და არა მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველზე. ამასთან, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე მხოლოდ მაშინ დაითხოვება სამსახურიდან, თუ დადასტურებულია ის საფუძველი, რომელიც მისი კადრების განკარგულებაში აყვანის პირობა გახდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 10 ივლისს, ი. მ-ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და განმარტა, რომ იგი კადრების განყოფილებაში იმყოფებოდა 2019 წლის 26 მარტიდან, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პირობით. იგი იმყოფებოდა საარსებო სახსრების გარეშე, ვინაიდან აღარ ერიცხებოდა ხელფასი და ითხოვა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე - 2019 წლის 25 ივლისამდე, შესაბამისი სამსახურისთვის მისი მომავალი საქმიანობის განსაზღვრის დავალება. დადგენილია, რომ აღნიშნული პატაკის მიუხედავად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანებით ი. მ-ე კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, 2019 წლის 27 ივლისიდან გათავისუფლდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა მისი ნების საწინააღმდეგოდ იმ პირობებში, როდესაც მართალია, ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი სურვილის საფუძველზე გამოსცა მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა კადრების განკარგულების ვადის გასვლამდე, კანონით დადგენილი წესით არ გამოიკვლია და არ შეაფასა მის მიერ გამოხატული ნება, არ დათხოვნილიყო სამსახურიდან. ი. მ-ეს არ სურდა სამსახურიდან დათხოვნა და ეს გამოხატა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება - დაითხოვოს მოსამსახურე სამსახურიდან კადრების ვადის გასვლის გამო, მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა იმ მიზნით, რომლისთვისაც ჰქონდა მინიჭებული იგი ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, პირადი პატაკის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურის, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, სამსახურიდან დათხოვნის უფლებამოსილება სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს მხოლოდ შესაბამისი მოსამსახურის სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებული ნების რეალიზაციის მიზნით და არა მის საწინააღმდეგოდ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო ...ის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (...ი) ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მოსარჩელე ი. მ-ის აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით კასატორს არანაირი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა