საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-753(3კ-19) 28 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - რ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირები - 1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (კასატორი); 2. გ. წ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 10 ნოემბერს რ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება ...ში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1837 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული უფლება დადგენილი წესით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ იმავე კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 28 დეკემბრის ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №15 საოქმო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო მითითებული გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელე, როგორც დაინტერესებული პირი, სხდომაზე არ მიუწვევიათ.
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისთვის საკუთრების უფლების გაუქმების ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და კომისიას დაევალა საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ. სასამართლო დავა დასრულდა 2014 წლის ბოლოს და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მისი არაერთი წერილისა, კომისიამ დიდ ხანს არ განიხილა მისი საკითხი. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების გაუქმება და ძალაში დარჩა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება. მოსარჩელის განმარტებით, იგი ამჯერადაც არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მისთვის უცნობი იყო ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი არის კანონსაწინააღმდეგო, რითიც ილახება მის საკუთრების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილების, რ. ბ-ის ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: გ. წ-ე და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 გადაწყვეტილება რ. ბ-ის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება რ. ბ-ის ნაწილში; ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ბ-ეზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 28 დეკემბერის N15 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა რ. ბ-ის ნაწილში ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება კომისიის მიერ 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე რ. ბ-ეზე გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება რ. ბ-ეზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში და კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხების თაობაზე მსჯელობას; მეტიც, კომისიამ არ უზრუნველყო რ. ბ-ის, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1837 კვ.მ მიწის ნაკვეთი რ. ბ-ეზე საკუთრების უფლებით აღიარებულ იქნა ისე, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ნაკვეთი ზღვის ზოლიდან 50-60 მეტრის დაშორებით მდებარეობს. „ზღვის, წყალსატევების და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განისაზღვრა სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ტერიტორიების საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, მკაცრი ზედამხედველობის ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები რჩება საკუთრებაში და მათი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა არის სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მკაცრი ზედამხედველობის ზოლი არის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს. საქმის მასალებით არ დგინდება რ. ბ-ეზე საკუთრების უფლებით აღიარებული მიწის ნაკვეთი ექცევა თუ არა მკაცრი ზედამხედველობის ზოლის არეალში და შესაბამისად, სადავო მიწის საკუთრებაში აღიარება შესაბამისობაში იყო თუ არა იმ დროისთვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მოთხოვნებთან (მუხლი 15.3), მითითებული გარემოება კი, დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, რომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აღნიშნული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და რ. ბ-ემ.
კასატორ - რ. ბ-ის განმარტებით, სასამართლოს მიერ კომისიას ერთხელ უკვე დავალებული ჰქონდა საქმის გარემოებების შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა, რაც კომისიამ არ შეასრულა, ამიტომ გაუგებარია კვლავ რატომ დაუბრუნა სასამართლომ კომისიას საკითხი ხელახლა შესასწავლად. რა უნდა შეისწავლოს კომისიამ მაშინ, როცა აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული სივრცითი და სტრატეგიული განვითარების გეგმა ...ის საკრებულომ დაამტკიცა მხოლოდ 2008 წელს ანუ 2007 წელს ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ არსებობდა, რას უნდა შეუსაბამოს კომისიამ თავისი გადაწყვეტილება. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ დასაბუთებაში იზიარებს აპელანტების მოსაზრებას და განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აუცილებელია საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფო საკუთრებას და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, დავის გადაწყვეტის დროს არ გაითვალისწინა, რომ სადავო ტერიტორია მოქცეულია იმ საკადასტრო კოდში (თავდაპირველი №... საკადასტრო კოდი შეიცვალა და გახდა №..., რომელსაც რამდენიმე საკადასტრო კოდის გაერთიანების შედეგად მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №...), სადაც 490 000,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2009 წლიდან რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიას ადგილზე გასვლით მაინც უნდა დაეთვალიერებინა მიწის ნაკვეთი, გამოეკითხა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მოსარგებლეები და მესაკუთრეები, ამასთან, შეეფასებინა ის გარემოება, რ. ბ-ე 2001 წლიდან საქვეიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა იმავე მიწის ნაკვეთის მოიჯარეს, რაც აღიარებულ იქნა საკუთრების უფლებით, თუ სხვა მიწის ნაკვეთის, ასევე უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დროს მოქმედებდა თუ არა საიჯარო ურთიერთობა მხარეებს შორის.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ რაიონის გამგეობის მიერ 1999-2005 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ“ ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის N163 გადაწყვეტილებას, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ შპს ,,...სთან" გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საქვეიჯარო ხელშეკრულებები გაუქმებულია.
იმის მიუხედავად, რომ სადავო მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია გამორიცხავდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 06 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მართებულობას სააპელაციო სასამართლო ასაბუთებს იმგვარად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს (კომისიას) ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩართვითა და პოზიციის დაფიქსირებით, დამატებით არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის შესაბამისად, აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რ. ბ-ის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება დღეისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (ს.კ. ...), შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უნდა განიკარგოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-276-274 (კ-16), გაუქმებულ იქნა ქვედა ინსტანციების სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლითაც უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის საკუთრებად აღიარება კანონშეუსაბამოა, ვინაიდან, სახელმწიფოს საკუთრებას აღარ წარმოადგენდა და იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება.
კასატორის განმარტებით, 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილებით, რ. ბ-ისათვის საკუთრების უფლების გაუქმება განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების პერსპექტიულ ზონაში, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. აღნიშნული ნორმა გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესშიც.
,,საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის N655 ბრძანებულების თანახმად, ...ს თემი და უშუალოდ სოფელი ... წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში. აღნიშნული გარემოება 2007 წლის 28 დეკემბერს გათვალისწინებული რომ ყოფილიყო კომისიის მიერ, საკუთრების უფლების მოწმობას არ გასცემდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ დაადგინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებულ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო აქტის გამოცემისას არ იყო დაცული ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები აღნიშნავს, რომ თუ კი დაინტერესებული პირი მოწვეული იქნებოდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ის გამოიყენებდა შესაძლებლობას: წარმოედგინა სათანადო დოკუმენტები, დაედასტურებინა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი (რომელიც ვერ მოახერხა საქმის სასამართლო განხილვის დროს), თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ვერ შეიცვლებოდა მისაღები გადაწყვეტილება არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობების პირობებში. ამასთან, სადავო ნაკვეთი მდებარეობს ზღვის სანაპიროს მიმდებარედ და იგი ამჟამად ფუნქციურად წარმოადგენს სტრატეგიულ ტერიტორიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისია უფლებამოსილებას ახორციელებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო საკუთრების უფლების მოწმობებს გასცემს მთავრობის N376 დადგენილების ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' მოთხოვნათა დაცვით.
იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია იმ საკადასტრო კოდში, სადაც ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად და მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი არ შეესაბამება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის ,,გ“ ქვპუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. კომისიის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეჯერების საფუძველზე, დგინდება რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება მიწის თვითნებურად დამკავებლად.
ამასთან, კასატორის განმარტებით, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იგი ქალაქის ტურისტული განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა და მისი გასხვისება ხელს შეუშლის საჯარო ინტერესის განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხოლო 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს რ. ბ-ის ნაწილში ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება კომისიის მიერ 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე რ. ბ-ეზე გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო აქტის გამოცემის წინაპირობა და საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება რ. ბ-ეზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში და კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში სადავო განკარგულება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა გასაჩივრებული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლო გადაწყვეტილების მითითებები. უფრო მეტიც, სადავო აქტში ნაცვლად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა, უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებებზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. ამასთან, არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენა არ შეესაბამება დღეს მოქმედ კანონმდებლობას. ნაკვეთი მდებარეობს ზღვის სანაპიროს მიმდებარედ და ფუნქციურად ამჟამად წარმოადგენს სტრატეგიულ ტერიტორიას. კომისიამ ასევე არ უზრუნველყო მოსარჩელის - რ. ბ-ის, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ასევე ჩამოთვლილია სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ ექვემდებარებიან საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეს არის საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო და დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი, დაცული ტერიტორია. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილებით, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1837 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რ. ბ-ეზე საკუთრების უფლებით აღიარებულ იქნა ისე, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ასევე დადენილია, რომ აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობს ზღვის ზოლიდან 50-60 მეტრის მანძილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითია ასევე იმის დადგენა სადავო მიწის ნაკვეთი არის თუ არა სანაპირო ზოლი, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
საკასაციო სასამართლო უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხზე მსჯელობისას დეტალურად არ შეუსწავლია და არსებული თუ დამატებით მოსაძიებელი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კასატორების - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეეგისტრაცია გამორიცხავდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ უნდა იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს მიერ მის განკარგვად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებისთვის, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში გადაცემით არ იცვლება მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი, აღიარების მიზნებისთვის. კანონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა აუცილებლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოებით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება.
გასათვალისწინებელია, რომ საკითხის მსგავსი გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანს, რომელიც აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013წ. N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). ამდენად, ნათელია, რომ კანონის მიღება ემსახურებოდა ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას, რაც თანაბრად ავრცელებდა მის მოქმედებას როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც (იხ. სუსგ 28.10.2019წ. Nბს-504-501(კ-17)). პალატა მიიჩნევს, რომ კანონის მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტება უნდა გავრცელდეს აგრეთვე აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებითაც. (იხ. სუსგ 28.06.2021წ. Nბს-535(კ-20)).
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კასატორის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.07.2016წ. Nბს-276-274(კ-16) განჩინებაზე, განსახილველ შემთხვევაში არ არის რელევანტური, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების (ოქმი N7) რ. ბ-ის ნაწილში კანონიერებას და არა ზოგადად აჭარის ა/რ-ის ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე თ. ა-ის მიერ 25.06.2019 წ. საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ა-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი№300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. თ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 25.06.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე