Facebook Twitter

საქმე #ბს-431(2კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 1 სექტემბერს ნ. გ-მა, ნ. ჩ-მა, თ. გ-მა, ა. გ-მა და გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა „ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2019 წლის 27 დეკემბრის #1304/9 ბრძანების, ნ. გ-ისა და ნ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოადგილის (ვიცე მერის) 2020 წლის 24 ივლისის #889 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართეს განცხადებით, ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა განაცხადი და 2019 წლის 27 დეკემბრის #1304/9 ბრძანებით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის #37-14 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა.

სარჩელის თანახმად, ოჯახის არც ერთ წევრზე არ ირიცხება უძრავი ქონება. ოჯახის წევრთაგან სამი არასრულწლოვანია. ამასთანავე, ოჯახი სოციალურად დაუცველია და აქვს უმძიმესი მატერიალური მდგომარეობა. ერთ-ერთ ოჯახის წევრს - ნ. გ-ს კი, აქვს შშმ პირის სტატუსი და ჯანმრთელობის პრობლემები. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ნ. ჩ-საც. მოსარჩელეთა ოჯახი ამჟამად ცხოვრობს სახლში, რომელიც ეკუთვნის მათ ახლობელს ყ. კ-ეს, რომელმაც გაითვალისწინა ოჯახის მძიმე მდგომარეობა და მათ დროებით დაუთმო საცხოვრებელი. აღნიშნული გარემოება დასტურდება ყ. კ-ის მიერ ხელმოწერილი სანოტარო აქტით, სადაც ის ადასტურებს, რომ მას არანაირ ქირას არ უხდიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის გ. გ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2019 წლის 27 დეკემბრის #1304/9 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-ისა და ნ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოადგილის (ვიცე მერის) 2020 წლის 24 ივლისის #889 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის ოჯახის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-მა, ნ. ჩ-მა, თ. გ-მა, ა. გ-მა და გ. გ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2019 წლის 27 დეკემბრის #1304/9 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-ისა და ნ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე მერის) 2020 წლის 24 ივლისის #889 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია უშუალოდ უძრავი ქონების მესაკუთრის ყ. კ-ის განცხადება, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში 2019 წლის აპრილის თვიდან ცხოვრობენ მოსარჩელეები და არ უხდიან ქირას, აღნიშნულის საწინააღმდეგო, მოსარჩელეთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკითხის დადებითად გადაწყვეტის გამომრიცხავ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მხოლოდ და მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2019 წლის 2 აგვისტოს მომართვა, რასაც საფუძვლად უდევს სატელეფონო საუბარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო მითითებით, ხსენებული საფუძვლით მოსარჩელეთა უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხის უარი წინააღმდეგობაშია ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით გათვალისწინებულ პირობასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის #37-14 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ ოჯახის მიერ საცხოვრებელი ფართის ქირის დამოუკიდებლად გადახდის ფაქტის დასადასტურებლად საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2019 წლის 2 აგვისტოს წერილი და მასზე დართული მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელთა ოჯახი პირადად იხდის ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე მდებარე ბინის ქირას. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ადმინისტრაციული ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლები ვერ აკმაყოფილებდნენ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპლიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2019 წლის 31 ივლისის წერილით დასტურდება ოჯახის მხრიდან ქირის პირადად გადახდის ფაქტი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება მიუთითებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოების არსებობაზე იმდენად, რამდენადაც დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ უნდა ფიქსირდებოდეს საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ ოჯახი აკმაყოფილებდა უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2019 წლის 17 დეკემბრის #42 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა ნ. ჩ-ზე, ნ. გ-ზე, თ. გ-ზე, ა. გ-სა და გ. გ-ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის #37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო.

ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე, მითითებული დადგენილებით მოთხოვნილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 27 დეკემბრის #1304/9 ბრძანებით ნ. ჩ-ს, ნ. გ-ს, თ. გ-ს, ა. გ-სა და გ. გ-ს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის #37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ყ. კ-ის სანოტარო აქტით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ მოქალაქე ნ. გ-ი და ნ. ჩ-ი 2019 წლის აპრილის თვიდან დღემდე ცხოვრობენ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს გამზ. #32, ბ. #54. ნ. გ-მა, ნ. ჩ-მა, თ. გ-მა, ა. გ-მა და გ. გ-მა კი, თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით მიმართეს 2017 წლის 30 მარტს, 2019 წლის 25 ივნისს ნ. გ-მა მიმართა დაზუსტებული განცხადებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და მიუთითა ოჯახის შემადგენლობა: ნ. გ-ი, ნ. ჩ-ი, თ. გ-ი, ა. გ-ი და გ. გ-ი.

დადგენილია, რომ მოსარჩელეებს არც საკუთრებაში და არც მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნიათ რაიმე ფართი. ყ. კ-ის მიერ ფართის გადაცემა კი, ვერ ჩაითვლება დადგენილების მიზნებისათვის გათვალისწინებულ უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ გარემოებად, ვინაიდან მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან, ყოველგვარი პირობის გარეშე, დატოვონ ბინა (რაც დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი ნ. ჩ-ის 2020 წლის 9 ოქტომბრის განცხადებით, სადაც მესაკუთრემ მოსთხოვა ბინის დაცლა). ამასთან, საყურადღებოა 2020 წლის 24 აგვისტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დადგენილია, რომ ოჯახის წევრების: ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ისა და გ. გ-ის მოქმედი სარეიტინგო ქულა არის 52850 (ქულის მინიჭების თარიღი - 24.06.2020წ., დეკლარაციის შევსების თარიღი - 16.05.2020წ.). ამავე ამონაწერის თანახმად, მიღებული თანხები არის 01.01.2020წ. - 150 ლარი, 01.02.2020წ. - 150 ლარი, 01.07.2020წ. - 2000 ლარი, ხოლო 01.08.2020წ. - 400 ლარი, რაც გამორიცხავს მოსარჩელეთა მიერ დამოუკიდებლად ბინის ქირავნობის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ნ. გ-ის, ნ. ჩ-ის, თ. გ-ის, ა. გ-ისა და გ. გ-ის ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა