საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-743(კ-21) 24 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ. ჩ-მ 2021 წლის 27 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 2021 წლის 02 თებერვლის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, რ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და განემარტა, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა კერძო საჩივრით. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ჩ-მ, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება საჩივრდებოდა კერძო საჩივრით, შესაბამისად, დაევალა წერილობითი ფორმით (ნაბეჭდი სახით) შედგენილი კერძო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის 3/352-21 განჩინების გაუქმების თაობაზე, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ განჩინება საჩივრდებოდა კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე, ქ. თბილ ისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.
რ. ჩ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებდა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ამდენად, ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს მხარის მიერ კერძო საჩივრის სააპელაციო საჩივრის ფორმით წარდგენა ან სასამართლო გადაწყვეტილებაში გასაჩივრების უფლების არასწორად მითითება. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესი დგინდება არა საჩივრის კონკრეტულ ფორმაში წარდგენის გზით, არამედ მისი შინაარსიდან გამომდინარე წყდება სააპელაციო საჩივრად უნდა იქნეს მიჩნეული მხარის მიერ წარდგენილი პრეტენზია თუ კერძო საჩივრად და ამის შესაბამისად ხორციელდება სამართალწარმოების ის კონკრეტული სახე, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კანონით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია კერძო საჩივრად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად განუმარტა მხარეს მისი საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება, რაც ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 399-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებაზე რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა