ბს-965(კ-19) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.18წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...ამ“ 06.02.17წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 06.01.16წ. მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.17წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ვ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.17წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.18წ. განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.17წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ მიერ 12.12.16წ. გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. ვ. გ-ემ საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა კლინიკის მიერ ელექტრონულ სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართულ ხელშეკრულების პროექტში არსებული კანონშეუსაბამო ჩანაწერის გაუქმება. აღნიშნული საჩივრის საფუძვლად ვ. გ-ემ დაასახელა შემსყიდველ ორგანიზაციასთან 2014-2015წწ.-ში დადებული მსგავსი სახის დისკრიმინაციული ხელშეკრულებები და აღნიშნა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან არაერთხელ დარღვეულა ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, ანგარიშსწორება ხდებოდა ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაგვიანებით, აღნიშნულის შედეგად მას მიადგა ზიანი. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 06.01.17წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...ას“ დაევალა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება წინამდებარე გადაწყვეტილების გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ სადავო აქტში აღნიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი არ ითვალისწინებდა შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე სატენდერო დოკუმენტაციის (მათ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის) მოთხოვნების ჩამოყალიბებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი, არადისკრიმინაციული და თანაბარი პირობების დადგენას.
სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიზნის განმარტება და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად სახელმწიფო შესყიდვები საჯარო მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება როგორც მმართველობის კანონიერებაზე, ასევე თავად სამეწარმეო სუბიექტებისთვის ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების, კანონიერი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფაზე (სუსგ 21.07.14წ. Nბს-667-642 (კ-13)). პალატამ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი ხარჯების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საჭიროებისთვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა,სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში). პალატამ ყურდღება გაამახვილა შპს „...ის“ მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის მე-14 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად ხელშეკრულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი უხდის შემსყიდველს ჯარიმის სახით ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს და საქონლის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს შესასრულებელი ვალდებულების 0.02%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების პროექტი წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, შესაბამისად სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ არადისკრიმინაციული და სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფა შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პალატამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია. პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების პროექტის სადავო მუხლით მხოლოდ მიმწოდებლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, რაც არღვევს შესყიდვების მონაწილის მიმართ სამართლიანი, არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...ის“ სარჩელი უსაფუძვლობის გამო მართებულად არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“.
კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, გაურკვეველია მოპასუხე მხარის მოსაზრების გაზიარების საფუძვლები, არასწორია ხელშეკრულების პროექტის სადავო დებულების განმარტება. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულების პროექტის სადავო მუხლის ერთ-ერთ მიზანს სახელმწიფო ხარჯების რაციონალურად განაწილება და ხარჯვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, შესაბამისად, ბუნდოვანია საჩივრის ავტორის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ხელშეკრულების პროექტის სადავო მუხლის კანონშეუსაბამოდ ცნობა. დისკრიმინაცია არის არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა რაიმე ნიშნით, კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტი, ისევე როგორც პირგასამტეხლოს ოდენობა, ტენდერში მონაწილე თითოეული პრეტენდენტისთვის საერთო იყო, რის გამო გაუგებარია კლინიკის მიერ თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მითითება. კასატორს მიაჩნია, რომ შემსყიდველზე მეტი თავისუფლებით მიმწოდებელი სარგებლობს, რომელსაც შეუძლია აირჩიოს რომელ ტენდერზე წარადგინოს წინადადება.
კასატორი აღნიშნავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია არის სამედიცინო დაწესებულება და შესყიდვების უმრავლესობა მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნიკას შეადგენს. შესყიდვების განხორციელება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც კლინიკისათის ასევე დაწესებულებაში არსებული თითოეული პირისათვის. შესაბამისად, ხელშეკრულების პროექტის მე-14 მუხლი მიზნად ისახავს არა დისკრიმინაციულ მოპყრობას, არამედ პრეტენდენტთათვის დამატებით მოტივაციასა და ერთგვარი გარანტიის შექმნას, რომ მიმწოდებლებმა დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. კასატორს მიაჩნია, რომ კლინიკა მიმწოდებლის ვალდებულების დარღვევსითვის საკუთარ თავს ვერ დაუდგენდა პირგასამტეხლოს. ამასთანავე აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები შემსყიდველ ორგანიზაციას უზღუდავს დამატებითი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების დადგენის შესაძლებლობას, რაც არღვევს შემსყიდველის უფლებებს, ამასთანავე პოტენციური მიმწოდებელი ისედაც თავისუფალია არჩევანში, შევიდეს თუ არა შემსყიდველის შემოთავაზებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა მათ მიერ გამოყენებული სამართლებრივი დებულებები და დაუსაბუთებლად შეზღუდა შემსყიდველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ყველა თანასწორია სამართლის წინაშე, აკრძალულია ყოველგვარი დისკრიმინაცია. სზაკ-ი აღიარებს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს (მე-4 მუხ.), ამ პრინციპის ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ასახვა ემსახურება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებების დაცვას, რომელიც გულისხმობს, სამართალურთიერთობის რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლებების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლის, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭების, ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღების დაუშვებლობას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა სახეზეა, როდესაც არ იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობა ექცევა საჯარო სამართლის მოწესრიგების სფეროში და მასზე უპირველესად ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა. სზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სკ-ის 325-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების პირობები ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შეზღუდვის დაუშვებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ურთიერთობის მონაწილეებს აღჭურავს ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის შესაძლებლობით, ამასთანავე სახელშეკრულებო თავისუფლების არსებობა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განმტკიცებული უფლებების დაცვის ფარგლებშია შესაძლებელი. სახელშეკრულებო თანასწორობის პირინციპის უზრუნველყოფა გულისხმობს სახელშეკრულებო პირობების ცალმხრივად განსაზღვრის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებისგან შედარებით სუსტი მხარის დაცვას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და თანასწორობის კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპის დაცვის მიზნით შესაძლებელია ზემოხსენებული პრინციპის შეზღუდვა. სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ბოჭავს კეთილსინდისიერების პრინციპით, რაც გულისხმობს მათ მიერ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხოლოდ ერთი მხარისთვის პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. ამასთანავე პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პროექტის სადავო ნორმით დაირღვა კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი. სზაკ-ის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და ამ კოდექსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია ხელშეკრულების პროექტი, ისევე როგორც პირგასამტეხლოს ოდენობა, საერთო იყო ტენდერში მონაწილე თითოეული პრეტენდენტისთვის, თუმცა ხელშეკრულების პროექტის სადავო მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები დისკრიმინაციულ მიდგომას აწესებს ხელშეკრულების მხარეებს, კერძოდ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის და არღვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
რაც შეეხება სახელმწიფო ხარჯების რაციონალურად განაწილებასა და ხარჯვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მითითებაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხსენებული ნორმის მითითებით ზოგადად განმარტა კანონის მიზნები და შემდგომ იმ მიზანზე განაგრძო მსჯელობა, რომელიც სადავო ურთიერთობაში მიიჩნია დარღვეულად (შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა). ხელშეკრულების დადება სახელმწიფო ხარჯების რაციონალურად განაწილების მიზნით არ გამორიცხავს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობის დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფის საჭიროებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.18წ. განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 14.12.18წ. N614005 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი