საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-535(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. მ. თ. დ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ა. მ. თ. დ-იმ 2019 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოსთვის „მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაცი/ულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ. თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ა. მ. თ. დ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუმცა სახეზე არაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის შედეგი. მართალია, არსებობს მხარის მოლოდინი, კონკრეტულ დროში გამოიცეს მის მიმართ გადაწყვეტილება, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს მნიშვნელოვან პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ამდენად, ერთი მხრივ, არსებობს კონკრეტულ ვადაში საკითხის განხილვის ვალდებულება, მეორე მხრივ კი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ყოველმხრივ და სრულად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე, შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის, მე-2 პუნქტი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილია სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია, საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ეს სამართლებრივი დანაწესი არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით სასამართლო ორგანოებს. ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი ან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“ ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ ვადას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სააგენტოზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულაცია.
განსახილველ შემთვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქემ - ა. მ. თ. დ-იმ 2018 წლის 17 დეკემბერს განცახდებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ნორმებისა და მოთხოვნების დაცვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან ინფორმაცია გამოითხოვა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის №SSG ... წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ა. მ. თ. დ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ა. მ. თ. დ-იმ 2019 წლის 15 თებერვალს კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც 2018 წლის 17 დეკემბერს წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული წარმოების დროულად დაუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი, ასევე, მოსარჩელის მიერ მისი განცხადების დაჩქარებული წესით (20 დღეში) განხილვის ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ასევე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ არ მომხდარა რეაგირება ა. მ. თ. დ-ის წარდგენილ განცხადებაზე, ასევე, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მიუღია განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია, არსებითად არ გადაუწყვეტია სადავო საკითხი და შესაბამისი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია (ასეთი უმოქმედობა უტოლდება „ვირტუალურ“ უარს), ქმნის სააგენტოსათვის განცხადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 24 მარტს №04149 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე