საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-665(კ-21) 12 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ო. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ო. თ-მა 2020 წლის 5 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „ოჯახის დეკლარაციისა“ და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (80170) მინიჭების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებისა და „ო. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №04/19665 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მისთვის შესაბამისი სარეიტინგო ქულის (16720) მინიჭებისა და სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე. ასევე მოითხოვა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მის სასარგებლოდ მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება მისი შეწყვეტიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 თებერვლის „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (80170) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი „ო. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №04/19665 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ო. თ-ისათვის შესაბამისი სარეიტინგო ქულის (16720) მინიჭებისა და მისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ო. თ-ის სასარგებლოდ, მისთვის საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ ო. თ-ის ... საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სხვადასხვა დროს თორმეტჯერ გადამოწმდა. ბოლოჯერ ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა უფროსი სოციალური აგენტის მიერ 2020 წლის 15 თებერვალს გადამოწმდა. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“. „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N°141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, A7 პუნქტის კითხვაზე აგენტის მიერ მითითებულია, რომ ო. თ-ი ფლობს სარდაფს, ხოლო, ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონება რეგისტრირებული არ იყო მოსარჩელის სახელზე, „ოჯახის დეკლარაციის“ A8 პუნქტში ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაფიქსირდა შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი - 108 კვ.მ. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, განხორციელდა ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მონაცემების მიხედვით, რომლის საფუძველზეც ო. თ-ის ოჯახმა მიიღო 80170 სარეიტინგო ქულა, რაც ძალაში შევიდა 2020 წლის 16 მარტს და ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარებით - საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლება. ამასთან, მოსარჩელის მიერ ხელმოწერილია ოჯახის დეკლარაცია, რაც ადასტურებს სააგენტოს თანამშრომლის მიერ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიწოდებული ინფორმაციის დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახვას.
სარეიტინგო ქულის გადამოწმების საკითხთან დაკავშირებით, კასატორი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ მინიჭებული სარეიტინგო ქულის შეცვლა, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ მცირე ერთი წლის გასვლის შემდეგ. მანამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა რაიმე სახის სტატუსი, ოჯახის წევრი დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო. ასეთის არსებობის შემთხვევაში ოჯახის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს მომხდარი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კასატორის მოსაზრებით, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც შესაძლოა გახდეს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სადავო შემთხვევაში არ დადასტურდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს როგორც ო. თ-ის ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის - 80170 ერთეულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე შეწყვეტილი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ქულის ოდენობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გამოთვლის პროცედურა მოიცავს არა მხოლოდ მის მექანიკურ დაანგარიშებას, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ სუბიექტურ ინფორმაციას, საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში. ამრიგად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, რამდენადაც ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, საცხოვრებელი პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ო. თ-ის ოჯახი 2004 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2017 წლის 16 დეკემბრის „ოჯახის დეკლარაციის“ საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელე ცხოვრობდა 10 კვ.მ. ფართში, ოთახების რაოდენობა იყო 1 და მას არ ჰქონდა სარდაფი ან სხვა რაიმე ფართი და ოჯახს მიენიჭა 16 720 ქულა, 2020 წლის მარტამდე იღებდა საარსებო შემწეობას. ამ პერიოდში მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა რამდენჯერმე. საბოლოოდ, 2020 წლის 15 თებერვლის „ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, იმავე მისამართზე მოსარჩელე ო. თ-ის საცხოვრებელი ფართი ფიქსირდება 108 კვ.მ. და შედგება 6 ოთახისაგან. ამასთან, იმავე დეკლარაციის შესაბამისად მას ასევე აქვს სარდაფი, რაც წინააღმდეგობაში მოდის წინარე დეკლარაციებში დაფიქსირებულ მონაცემებთან. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, 2020 წლის 16 მარტს მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 80170 სარეიტინგო ქულა და შეუწყდა საარსებო შემწეობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდისათვის მოსარჩელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითაც შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საგულისხმოა, რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის მითითებული სოციალური დახმარების მიმღების - ო. თ-ის მხრიდან არასწორი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ამდენად, საკასასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 2020 წლის 15 თებერვლის დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სააგენტოს უფლებამოსილი წარმომდგენლის მიერ ო. თ-ის საცხოვრებელ ერთსა და იმავე მისამართზე ჩატარდა არაერთი შემოწმება და ოჯახის არსებითად უცვლელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში 2017 წლის 16 დეკემბრისა და 2020 წლის 15 თებერვლის დეკლარაციებში დაფიქსირდა ურთიერთშეუსაბამო ინფორმაცია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოჯახის დეკლარაციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენა, კერძოდ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითება, რის შედეგადაც ო. თ-ს შეუწყდა საარსებო შემწეობა და მიადგა ზიანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნის წინაპირობას.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის მარტიდან მიუღებელი სოციალური დახმარების თანხის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალებას, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სადავო აქტების კანონშეუსაბამობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი საარსებო შემწეობის მიუღებლობა, აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და ო. თ-ს უნდა აუნაზღაურდეს სოციალური დახმარების შეწყვეტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ნ. ქადაგიძე
ბ. სტურუა