Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1121(კ-19) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), გურიის რეგიონული ცენტრი (გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ა“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ას“ წარმომადგენელმა 2018 წლის 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და ამავე ცენტრის 2018 წლის 21 მარტის №04-08/1475 (პაციენტების: ე. ჩ-ის, ნ. მ-ის, ლ. ღ-ის, მ. გ-ისა და მ. თ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში) და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №04/42160 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, პაციენტების: ე. ჩ-ის, ნ. მ-ის, ლ. ღ-ის, მ. გ-ისა და მ. თ-ის მიმართ, სადავო აქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით შპს „...ას“ სარჩელი განსჯად, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 21 მარტის №04-08/1475, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №04/42160 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს შპს „...ასთვის“ პაციენტების: ე. ჩ-ის, ნ. მ-ის, ლ. ღ-ის, მ. გ-ისა და მ. თ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების აღნიშვნით, სარჩელში მითითებულ პაციენტებზე გადაცემულია დიაგნოზი T62.9 - დაუზუსტებელ საკვებში არსებული სხვა მავნე ნივთიერებების მოქმედებით გამოწვეული ტოქსიკური ეფექტი, თუმცა პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებათ ინტოქსიკაცია საკვებით, რომელიც არ არის დაზუსტებული ICD კოდით, კერძოდ, მითითებულია არასწორი კოდი. ამრიგად, შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. აღნიშნული შემთხვევები კი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამრიგად, მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო აქტები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებით გამოცხადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (2.1 მუხ.), რომელიც განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით (2.2 მუხ.). ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა აგრეთვე „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით. ამასთანავე, „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულებით“ განისაზღვრა, რომ სააგენტო დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით (5.1 მუხ.). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანი სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი სამართალურთიერთობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. ზემოაღნიშნული დადაგენილებისა და ბრძანების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და გურიის რეგიონული ცენტრი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), გურიის რეგიონული ცენტრის (გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) მიერ კლინიკისთვის ასანაზღაურებელ თანხაზე უარის თქმის კანონიერება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი დაავადებების არასწორი კოდით ატვირთვა გახდა, რაც არ ემთხვეოდა პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ამდენად, დავის მართებული გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების გამორკვევა, ანაზღაურების საკითხის შეფასების პროცესში უნდა გასცდენოდა თუ არა მოპასუხე საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლებს.
ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა #IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, რევიზია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პრეროგატივაა, რომელსაც ახორციელებს გეგმური და არაგეგმური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს სჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგულირების სააგენტოს შორის მკვეთრადაა გამიჯნული უფლებამოსილებათა ფარგლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის - შპს „...ას“ ექიმის მიერ შევსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში მოსარგებლეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევათა რეესტრში შეყვანილი მონაცემები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებში ჯამური ფინანსური მონაცემები სწორად იყო მითითებული. ამრიგად, წარდგენილი დოკუმენტაცია და შეტყობინებებში დაფიქსირებული მონაცემები იყო იდენტური. მოპასუხეთა მხრიდან კი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება განხორციელდა „პროგრამის“ მე-14 მუხლის ფარგლებში, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირებას კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში და არა სამედიცინო დიაგნოზის შინაარსობრივი სისწორის დადგენის კონტროლს. ამრიგად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა შეეფასებინა „პროგრამის“ მე-14 მუხლში მოცემული საანგარიშგებო დოკუმენტაცია და არ უნდა გასცდენოდა მის ფარგლებს, რადგან აღნიშნული ნორმა არ იძლეოდა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) და გურიის რეგიონული ცენტრის (გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 22 ოქტომბერს #33771 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე