Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-217(2კ-20) 7 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ა-მა 2016 წლის 24 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიმართ და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, 2000 წლის 21 ნოემბერს საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების, ამავე ქონებაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ 2001 წლის 31 იანვარს გაცემული №24/93-ა საკუთრების მოწმობით ზ. ა-ის მიერ (მცხოვრები ...ს რაიონი, სოფელი ....) ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინის - 1447 კვ.მ. ფართობით, აუქციონზე შეძენილად აღიარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ზ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით ზ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებული იქნა ფაქტი, რომ 2001 წლის 31 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ გაცემული №24/93-ა საკუთრების მოწმობით ზ. ა-ს საკუთრების უფლებით გადაეცა 1447 კვ.მ. ფართის ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებენ ერთი და იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ უფლების დადგენ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანს შეადგენს ერთი ნაგებობა, თუმცა სასამართლოს მიერ აღიარება მოხდა არა ერთი შენობის ფართის მიმართ, არამედ რამდენიმე შენობის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ მხარის მიერ წარდგენილი ნახაზის შესაბამისად, აიზომა არა ფერმის ძირითადი ნაწილი (პირუტყვის სადგომი), არამედ ფერმის ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე ფართი. სასამართლოს შეფასების გაზიარება დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საგნად მითითებული იქნებოდა ფერმის შენობა და არა „მეწველი საქონლის ბინა“, როგორც ეს აღნიშნულია №24/93-ა საკუთრების მოწმობაში. საკუთრების მოწმობით და იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულია, კონკრეტული ფუნქციის მატარებელი შენობა და იგი არ მოიცავს ფერმის ფუნქციონერებისათვის საჭირო დამხმარე ნაგებობების მიკუთვნებასაც.

კასატორების აღნიშვნით, მოსარჩელის მიერ 2010 წელს სადავო უძრავი ქონება აიზომა ცალ-ცალკე შენობა-ნაგებობად, თუმცა 2017 წლისათვის იგივე შენობა ერთიან აზომვითი ნახაზის ქვეშ მოექცა. ამასთანავე, საკუთრების მოწმობაში და იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ოჯარის საგანს წარმოადგენს შენობა, რომლის 1/3 დანგრეულია, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული არ იქნა შეფასებული და აღიარება მოხდა იმ ნაწილის მიმართ, რომელზედაც შენობა არ არის განთავსებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს აუქციონის ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. ა-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობით უძრავი ქონების შეძენილად აღიარება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია განიმარტოს მოცემული დავის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, ვინაიდან სახეზეა აღიარებითი სარჩელის არსებობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. აღიარებითი გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი კი მდგომარეობს განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობის დადგენაში. აღიარებით სარჩელში იურიდიული ინტერესი მიმართულია გარკვეული სამართალურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადასტურებაზე, რაც მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას მოპასუხის მიმართ ანიჭებს განსაზღვრულობის, უდავოობის ხარისხს და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მომავალში აღძრულ სარჩელზე წარმოებულ დავაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მის მიერ 2000 წლის 21 ნოემბრის №21.8 აუქციონის ოქმისა და 2001 წლის 30 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2001 წლის 31 იანვარს გაცემული №24/93-ა საკუთრების მოწმობით, ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინის 1447 კვ.მ. უძრავი ქონების შეძენილად აღიარება, იმისათვის, რომ სამომავლოდ მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზაცია - უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აღიარების აუცილებლობა კი გამოწვეულ იქნა უფლების დამდგენ დოკუმენტებში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობით, რის გამოც ვერ ხერხდებოდა სადავო ქონების იდენტიფიკაცია. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში უდავოა მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგად მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2000 წლის 10 იანვარს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებასა და ზ. ა-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სოფელ ...ში მდებარე ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 600 აშშ დოლარს. ამავე დღეს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც უფლებამოსილმა პირებმა ზ. ა-ს გადასცეს ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინის ერთსართულიანი შენობა, რომლის კედლებიც აშენებული იყო წვრილი საკედლე ბლოკით, ხის გადახურვებით, ბეტონის, გურული შიფრის, დანგრეული გვერდითი კედლებით. სახურავის კონსტრუქციის 30% იყო ჩანგრეული და არ არსებობდა, კარ-ფანჯრები არ გააჩნდა, ფერმის შიდა კონსტრუქციები იყო გაძარცვული, მეწველი საქონლის ბინა მოითხოვდა კაპიტალურ შეკეთებას. აღნიშნული ქონება პრივატიზების მიზნით 75%-იანი ფასდაკლებით გატანილ იქნა აუქციონზე. 2000 წლის 20 ნოემბერს ზ. ა-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებას და გამოთქვა სურვილი, შეეძინა ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინა, რომლის საწყისი ფასი იყო 326 აშშ დოლარი, ამასთანავე, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აიღო ვალდებულება, ხელი მოეწერა აუქციონის ოქმსა და ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებაზე. აუქციონში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი მყიდველი - ზ. ა-ი. შედეგად, აუქციონზე გატანილი ქონება მანვე შეიძინა. 2001 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებასა და ზ. ა-ს შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად „გამყიდველმა“ მინიჭებული უფლება-მოსილების საფუძველზე გადასცა, ხოლო აუქციონში გამარჯვებულმა „მყიდველმა“ მიიღო საკუთრებაში ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინა. 2001 წლის 31 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №24/93-ა, რომლის თანახმად, ზ. ა-ს საკუთრებაში გადაეცა ...ის სახელმწიფო საწარმოს მეწველი საქონლის ბინა, რომელშიც მიეთითა, რომ მიწის ფართობი დადგინდება დამატებით. უდავოა, რომ არცერთ უფლების დამდგენ დოკუმენტში (იჯარის ხელშეკრულებაში და პრივატიზაციის მასალებში) არ იქნა მითითებული და განსაზღვრული იჯარით გაცემული და აუქციონზე გატანილი შენობა-ნაგებობის დეტალური აღწერა, შენობა-ნაგებობის კონფიგურაცია, სტრუქტურა და შენობა-ნაგებობის შემადგენელი ოთახების რაოდენობა და ფართობი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ 2001 წლის 31 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №24/93-ა, ზ. ა-ისათვის ...ის სახელმწიფო. საწარმოს მეწველი საქონლის ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ვინაიდან ზ. ა-ს ანიჭებს საკუთრების უფლებას და პირს კანონიერი ნდობა გააჩნია მის მიმართ. საკუთრების მოწმობაში შენობა-ნაგებობის კონკრეტული მახასიათებლების მიუთითებლობით ვერ ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული, იურიდიული ძალის მქონე და კანონიერ ძალაში არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე საფუძვლიანია და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე