Facebook Twitter

ბ-1357-9 (გან-21) 04 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ტ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2021წ. განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე№ბს - 1232 (კ-20)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ტ-მა 10.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.04.2017წ. №MOD 2 17 00002891 ბრძანების ბათილად ცნობა, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელის საკითხის განხილვისა და მოსარჩელის ... ...ის თანამდებობაზე დანიშვნის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.10.2019წ. გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.04.2017წ. №MOD 2 17 00002891 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ა. ტ-ის კადრების განკარგულებაში აღდგენა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.10.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2021წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინება.

30.09.2021წ. ა. ტ-მა საქმეზე №ბს-1232 (კ-20) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2021წ. განჩინების განმარტების მოთხოვნით მომართა საკასაციო სასამართლოს. განმცხადებელი მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში აღადგინეს 2021 წლის აგვისტოში, ხოლო დანიშნეს ამავე თვის 30 რიცხვში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ არ არის განმარტებული უნდა გამოიწეროს თუ არა სახელფასო უწყისი დამსაქმებელთან სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდზე. ა. ტ-ი ითხოვს გადაწყვეტილების განმარტებას განაცდური თვეების სახელფასო სარგოს (დანამატებით) ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2021წ. განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. ტ-ი აღნიშნავს, რომ არ არის განმარტებული განაცდური სახელფასო სარგოს ანაზღაურების საკითხი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.04.2017წ. №MOD 2 17 00002891 ბრძანების ბათილად ცნობა, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელის საკითხის განხილვისა და ა. ტ-ის ... ...ის თანამდებობაზე დანიშვნის მოპასუხისათვის დავალება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ტ-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი არ წარმოადგენდა მოცემული დავის საგანს, ა. ტ-ს განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, პროცესის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დავას იხილავს სარჩელის ფარგლებში, სასამართლო ვერ გაცდება სასარჩელო მოთხოვნებს და უფლება არ აქვს მხარეს მიაკუთვნოს ის რაც არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდა დაუშვებელია.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2021წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინება. უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია ა. ტ-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხზე, რამეთუ იგი არ წარმოაგენდა განსახილველი დავის საგანს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, უცვლელად დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2021წ. განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით და განმარტების აუცილებლობა არსებობს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში.

შესაბამისად, განმარტებას ექვემდებარება მხოლოდ აღსრულებას ქვემდებარე სასამართლო აქტები და არა სარჩელის, საჩივრის ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2021წ. განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ტ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2021წ. Nბს - 1232 (კ-20) განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი