ბს-72 (კს-21) 20 ოქტომბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ. ლ-ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2020წ. განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ლ-მა 25.03.2019წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მიწის ნაკვეთზე შერჩეული პროექტის მშენებლობის შესაძლებლობის განსაზღვრაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.09.2018წ. №4173420 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.02.2019წ. №98 ბრძანების ბათილად ცნობის და №AR1630529 განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2020წ. გადაწყვეტილებით ხ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17.09.2018წ. №4173420 გადაწყვეტილება და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ. ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით (განცხადების ნომერი: AR1630529), ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 14.02.2019წ. №98 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2020წ. განჩინებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2020წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2020წ. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ჩაბარდა 29.09.2020წ., მოპასუხეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 13.10.2020წ. ჩათვლით, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 15.10.2020წ., გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატის მითითებით საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, რადგან სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2020წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 30.09.2020წ. და არა 29.09.2020წ., როგორც ეს მიიჩნია სასამართლომ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს კერძო საჩივარზე თანდართულ რეგისტრაციის ბარათზე, რომელზეც გადაწყვეტილების არქიტექტურის სამსახურში რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 30.09.2020წ.. აღნიშნულ დოკუმენტზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისას დაცულია გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2020წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცულ არქიტექტურის სამსახურისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 29.09.2020წ. და ფიქსირდება შესაბამისი ხელმოწერა (ს.ფ. 222). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის სსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 13.10.2020წ. 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა 15.10.2020წ. (ს.ფ. 238), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს კერძო საჩივარზე თანდართულ რეგისტრაციის ბარათზე მითითებით. აღნიშნული დოკუმენტით გადაწყვეტილების რეგისტრაცია ფიქსირდება სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, სადაც რეგისტრაციის თარიღად მითითებულია განსხვავებული დრო - 30.09.2020წ.. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩაბარებული დოკუმენტის ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის თარიღს, რომელსაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტთან შედარებით უპირატესობა არ აქვს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დოკუმენტის არქიტექტურის სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან, ვინაიდან საქმეში დაცულ არქიტექტურის სამსახურისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 29.09.2020წ.. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მართებულად იხელმძღვანელა სასამართლოში დაბრუნებული არქიტექტურის სამსახურისათვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტით. საპროცესო კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს გზავნილის ჩაბარებას ორგანიზაციისათვის და არა მიღებული დოკუმენტის ამ ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციას (სსსკ-ის 73.8). ამდენად, კერძო საჩივარზე დართული რეგისტრაციის ბარათზე განთავსებული თარიღი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის რელევანტური არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა (სსსკ-ის 63-ე მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2020წ. განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი