საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-20(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. კ-ა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. კ-ამ 2018 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით და მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მის სასარგებლოდ უკანონოდ დაკავების, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო, მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5 169.84 ლარის ოდენობით (მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯი - 4118.84 ლარი, ექსპერტიზის საფასური - 51 ლარი, კვების ხარჯი - 1000 ლარი), ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურება - 20 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 500 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4 169,84 ლარის ოდენობით; საქართველოს მთავარ პროკურატურას მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1300 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 500 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4 169,84 ლარის ოდენობით; საქართველოს მთავარ პროკურატურას მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1300 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მხოლოდ ერთი გარემოება, რომ თავდაპირველი მოპასუხისა და აპელანტის - საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი.
კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს პროკურატურას მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 4 169.84 ლარისა და 1 300 ლარის გადახდა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, კასატორი აღნიშნავს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯს, ამგვარი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი - ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება დადასტურებული და აუცილებლობით გაწეული ხარჯი, რომ საპროცესო ხარჯი წარმოადგენს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს" თუმცა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ამგვარი არ დასტურდება. მოპასუხისთვის დაკისრებული 500 ლარი და 800 ლარი ანგარიშზე შეტანილია ჩარიცხვის აპარატიდან, თუმცა ვის ანგარიშზე მოხდა ჩარიცხვა გაუგებარია. ამასთან, გაუგებარია აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდა თუ არა ადვოკატის მომსახურების სანაცვლოდ, კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო დაკავებიდან და პატიმრობიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას, დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
საქმეზე დადგენილია, რომ მ. კ-ა 2015 წლის 24 დეკემბერს დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს XI განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის 2015 წლის 30 დეკემბრის №... წერილის საფუძველზე იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან. მ. კ-ა პატიმრობაში იმყოფებოდა 7 დღე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას მოეხსნა ყადაღა. აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით, თუმცა, საბოლოოდ, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. აღნიშნული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა მ. კ-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ საქმეში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრასა და აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე, რამაც პირის ღირსების შელახვა გამოიწვია. დასახელებული გარემოება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. კ-ას მიერ პატიმრობაში გატარებული 7 დღისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. იმავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მატერიალური ზიანად აკვალიფიცირებს ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება და სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო როგორც საქმეში წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, მ. კ-ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს წალენჯიხის რაიონი, სოფელი ნაკიფუ, იგი იძულებული იყო ყველა სასამართლო სხდომაზე გამოსაცხადებლად გაეწია ტრანსპორტირების ხარჯები. დასახელებული გარემოებები სადავო არ გამხდარა მხარეთა მიერ. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნითა და მოპასუხის ქმედების უკანონობით. საქმის მასალებით დადგენილია, აგრეთვე 2018 წლის 21 მარტს ლექსო არქანიას მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის დადგენილი საფასურის - 51 ლარის გადახდა. ამრიგად, დასტურდება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის და სახეზეა მატერიალური ზიანის სახით - 4169.84 ლარის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას კვების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევის ნამდვილობის და ასეთის ხარჯის გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარუდგენლობის გამო. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ადვოკატის ჰონორარის გადახდის ქვითრებით დადასტურებულია თანხის გადახდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისთვის, კერძოდ, ... ბანკში საქართველოს №... და №... ტერმინალების მეშვეობით, 2016 წლის 4 იანვარს 800 ლარის, ხოლო 2016 წლის 17 დეკემბერს - 500 ლარის გადახდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მ. კ-ას მიერ გაწეული ხარჯი გამოიწვია პროკურატურის მიერ მის მიმართ ჩატარებულმა ღონისძიებებმა, არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მ. კ-ასთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა და გამამართლებელი განაჩენი ერთობლიობაში ქმნის როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი დამატებით ვერ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე