საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-254(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ბ. ხ-მა 2019 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №04/57187, 2019 წლის 8 თებერვლის №04/6539, 2019 წლის 18 თებერვლის №04/8155, 2019 წლის 19 ივლისის №04/39556 წერილობითი მიმართვების ბათილად ცნობა, ასევე, ერთიან ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანის გზით, ბ. ხ-ის ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულად ცნობის მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად მიეთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წაყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 134 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №04/57187, 2019 წლის 8 თებერვლის №04/6539, 2019 წლის 18 თებერვლის №04/8155, 2019 წლის 19 ივლისის №04/39556 წერილობითი მიმართვები და მოპასუხეს ერთიან ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა და მოსარჩელის 2013 წლის 1 ივნისამდე ქალაქ თბილისში რეგსიტრირებულად ცნობა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, თუ დევნილი ოჯახი ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული. საკასაციო საჩივრის თნახმად, მოსარჩელეს დევნილის სტატუსი 2014 წლის 30 მაისის №935 ბრძანებით მიენიჭა, შესაბამისად, ის დევნილთა მონაცემთა ბაზაში 2014 წელს დარეგისტრირდა, რაც გამორიცხავს მის მოსარჩელის ქალაქ თბილისში 2013 წლამდე რეგისტრაციას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბ. ხ-ის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად და სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ბ. ხ-ისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივისამდე დევნილის სტატუსით დაურეგისტრირებლობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის 21-ე პუნქტი, რომელიც ადგენს დევნილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სამინისტროსთვის ერთი თვის ვადაში შეტყობინების ვალდებულებას. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების წინაპირობა, რასაც დევნილი ოჯახების ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციის მიღებისას კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი. აქედან გამომდინარე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ისინი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არიან დაკავშირებულნი.
ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც მოითხოვს ქალაქ თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფას, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნინულ პირობებს, ერთი მხრივ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, მეორე მხრივ, რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო არ განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ. ხ-ი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მის ოჯახს მინიჭებული აქვს დევნილის რეგისტრაციის ნომერი - ..., შესაბამისად, დევნილის სტატუსი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული არ იყო. ასევე სააგენტოს მიერ ბ. ხ-ს უარი ეთქვა სადავო აქტებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ბ. ხ-ის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 23 ოქტომბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი. მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, სამინისტრომ მხოლოდ 2014 წლის 30 მაისის №935 ბრძანებით მიანიჭა ბ. ხ-ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რითაც სამინისტროს 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მიუღებელი შემწეობის - 1843 ლარის გადახდა დაეკისრა ბ. ხ-ის სასარგებლოდ, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და საქმეზე დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მიიჩნევს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსარჩელის ნება გამოხატული იყო 2013 წლის 1 ივნისამდე, კერძოდ, მან 2009 წელს აღძრა სარჩელი დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მასზე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებული იქნა დაგვიანებით, 2014 წელს. ბ. ხ-მა 2018 წლის 21 სექტემბერს №95461 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რის პასუხადაც 2018 წლის 26 ოქტომბერს №04/57187 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ თბილისში საცხოვრებლით დაკმაყოფილებულნი იქნებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც დევნილთა მონაცემთა ბაზაში 2013 წლის 1 ივნისამდე არიან დარეგისტრირებულნი. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. ხ-ი წლებია ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მისი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია ქაალქ თბილისთან და მისი მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე დაკმაყოფილდა ჯერ კიდევ 2009 წელს. ამდენად, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის წლების განმავლობაში ქალაქ თბილისში ცხოვრებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის 2013 წლის 1 ივნისამდე არაერთხელ მიმართვის ფაქტი, ასევე, ქალაქ თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე დევნილად რეგისტრირება არ განხორციელდა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სრულყოფილად და კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება და მოპასუხის მიერ სასამარათლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა დაგვიანებით, აღნიშნული გარემოებები სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე