საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-485(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. გ-მა 2019 წლის 3 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №791 და №908 განკარგულებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის №..., №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №791 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №791 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე კანონით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამავე ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საკუთრების უფლების აღიარებაზე მ. გ-ს მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე კომისიამ დაადგინა, რომ მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კანონის ამოქმედებამდე არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ განმცხადებელი ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით 2007 წლამდე, რაც კასატორის მოსაზრებით, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. გ-ისთვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის მხოლოდ №791 განკარგულებას, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში მ. გ-ის მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ასეთ შემთხვევაში პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის თებერვლისა და ოქტომბრის თვით დათარიღებული არაერთი ფოტომასალა, რომელთა მიხედვითაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ვენახი. მოსარჩელე კი აღნიშნულ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელ გარემოებად მიუთითებს, რომ ვენახს უვლის თავად და ის ფაქტი, რომ მიჯნა არ არსებობს, გამოწვეულია თავად ვენახის მწკრივებზე არსებული ე.წ ბოძების არსებობით, რომლებზეც გავლებულია მავთულები და ისინი ასრულებენ მიჯნის მაგივრობას. ამდენად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შესაბამისი მწკრივების მიხედვით არის გამიჯნული. საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოებისა და ასევე ფოტოზე აღბეჭდილი ვენახის ხილვადობის გათვალისწინებით, მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ შესაძლებელია უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყოს ერთიან სივრცეში და ფაქტობრივად გამიჯნული იყოს მოსაზღვრე დარჩენილი მიწის ნაკვეთებისგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება, რომ კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის შემოღობვისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სასაზღვრო მიჯნაში და არ იკვეთებოდა მისი მოვლა-სარგებლობის კვალი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი 1871 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მევენახეობისათვის განკუთვნილ მიწას. თუნდაც ვენახი თავდაპირველად გაშენებული არ ყოფილიყო მ. გ-ის მიერ, აღნიშნული ვერ გახდება იმის მტკიცების ცალსახა არგუმენტი, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე არ უვლიდა ვაზს და არ სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახით. ამდენად, მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობისა თუ სარგებლობის ფაქტის დადგენისთვის სავალდებულო არ არის, რომ მასზე გაშენებული ვაზის წარმოშობის პირველწყარო მოსარჩელე იყოს. ამ მხრივ საყურადღებოა გარემოება, რომ ვაზის დღეისათვის იმ მდგომარეობაში არსებობა, რაც საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალებშია აღბეჭდილი, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა ვენახით გაშენებული მიწის ნაკვეთით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №791 განკარგულება მიღებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მოთხოვნების დარღვევით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა საკითხი შესწავლილი და გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. კომისიის მიერ შეფასებას საჭიროებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე ადგილზე არსებული ვითარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის - კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №791 განკარგულების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული ოქმის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან სადავო აქტში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე