საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-591(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ. ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ხ. ხ-მა 2020 წლის 21 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2297/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2297/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე ხ. ხ-ის ოჯახის ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სააგენტოს საქმის გარემოებების ხელახლა განხილვა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტომ ჩაატარა ხელახალი წარმოება, განახორციელა მონიტორინგი და მოიპოვა ინფორმაცია, რომ მოსარჩელე სადავო მისამართზე არ ცხოვრობდა, რის გამოც მას მართებულად ეთქვა უარი გრძელვადიანი ფართით კრიტერიუმების გარეშე უზრუნველყოფაზე.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილთა მოსარჩელეთა მოთხოვნა და მოსარჩელე ხ. ხ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №1-ში, შპს „...ის“ (...ის) მე-4 სართულზე არსებული №69 ბინა. მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხ. ხ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, ამ გადაწყვეტილებით ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის ნგრევად ობიექტში, სადავო პერიოდში - 2015 წელს, ფაქტობრივად ცხოვრება. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოკავებული ჰქონოდა ფართი, სადაც განლაგებული ექნებოდა კუთვნილი ნივთები, სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველი იყო ემსჯელა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუმცა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არსადაა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სადავო მისამართზე ფაქტობრივ მაცხოვრებელს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება იმ არგუმენტს, რომ მოპასუხეებს შესაბამისი ფართების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდათ, რაც გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორის აზრით, აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხ. ხ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ. ხ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №1-ში მდებარე შპს „...ი“ (...ი), რომელიც წარმოადგენს ნგრევად შენობას. ხ. ხ-ის ოჯახს კი უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე სადავო შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების და ამასთანავე, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ხ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის №124 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ხ. ხ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და ამავე სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად საგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ ადგილზე დათვალიერების, გამოცხადების, გასაუბრების 2019 წლისა 2 და 5 სექტემბრის ოქმების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე 2015 წელს ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში.
საკასაციო პალატა, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაევალა მოსარჩელე ხ. ხ-ის 2015 წელს, ნგრევად შენობაში (ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №1, შპს „...ი“ (...ი)) ფაქტობრივად ცხოვრებასთან დაკავშირებული, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, რადგან სადავო პერიოდს სწორედ 2015 წელი წარმოადგენდა. შესაბამისად, 2019 წლის სექტემბერში იმავე მისამართზე მცხოვრები პირების გამოკითხვა და მათი განმარტება, რომ არ იციან სად ცხოვრობს დღეისათვის მოსარჩელე და მოსარჩელის დედის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეისათვის მასთან ერთად ცხოვრობს მისი შვილი - ხ. ხ-ი, არ შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად და ადეკვატურად გამოკვლევად, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2017 წლის 28 თებერვლის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და მოსარჩელე ხ. ხ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №1-ში, შპს „...ის“ (...ის) მე-4 სართულზე არსებული №69 ბინა. ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების სხდომებზე, მოწმის სახით გამოძახებულმა პირებმა (ყოფილმა მეუღლემ და მეზობელმა) დაადასტურეს მოსარჩელის აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრება. ამრიგად, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელე ხ. ხ-ის ოჯახის 2015 წელს ნგრევად შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის სათანადო დოკუმენტები, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს უარყოფდა ან გააქარწყლებდა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება და სხვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. შესაბამისად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება უკანონოა, რაც, თავის მხრივ, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს ქმნის. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ობიექტი არის ნგრევადი და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე