საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1314(კ-20) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. გ-ემ 2018 წლის 30 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2018 წლის 28 მარტის №450 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, კომისიისთვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №84-ში მდებარე 78 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის №450 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ნ. გ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2005 წლის 14 დეკემბერს უძრავი ქონების გადაცემის №1-5655 აქტის საფუძველზე, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივმა შპს „...“ გადასცა 2980.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩა №84-ში. ამ უძრავ ქონებაზე 2006 წლის 17 ოქტომბერს დარეგისტრირდა (ს/კ ...) შპს „...ს“ საკუთრების უფლება. მოგვიანებით, 2007 წლის 23 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, სიტუაციური ნახაზითა და ორთოფოტოებით (აეროგადაღებებით) დასტურდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მასზე არსებული შენობით მოქცეულია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რუკაზე კი, მითითებული შენობა დატანილია, როგორც ასაღები ნაგებობა, სწორედ აღნიშნული ნაგებობა ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოზე (აეროგადაღებაზე). 2010 წლის და 2014 წლის ორთოფოტოებით (აეროგადაღებებით) კი დგინდება, რომ შენობამ შეიცვალა გაბარიტები. ამდენად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობის ნაწილზე კანონის ამოქმედებამდე დასტურდება შპს „...ს“ საკუთრების უფლება, რაც ადმინისტრაციული როგანოს მხრიდან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. გ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე დასტურდება შპს „...სა„ და სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის, მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვეთნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. კომისიის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე დასტურდებოდა თუ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის №450 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს არ აკმაყოფილებდა, ასევე ამავე კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, კერძოდ, 2005 წლის 14 დეკემბერს უძრავი ქონების გადაცემის №1-5655 აქტის საფუძველზე, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივმა შპს „...“ გადასცა 2980.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩა №84-ში. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2006 წლის 17 ოქტომბერს დარეგისტრირდა (ს/კ ...) შპს „...ს“ საკუთრების უფლება. 2007 წლის 23 მაისს კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, სიტუაციური ნახაზითა და ორთოფოტოებით (აეროგადაღებებით) დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მასზე არსებული შენობით მოქცეულია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რუკაზე კი, მითითებული შენობა დატანილია, როგორც ასაღები ნაგებობა, სწორედ აღნიშნული ნაგებობა ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოზე (აეროგადაღებაზე). 2010 წლის და 2014 წლის ორთოფოტოებით (აეროგადაღებებით) კი დგინდება, რომ შენობამ შეიცვალა გაბარიტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის ამოქმედებამდეც - 2007 წლის ივლისამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი წარმოშობს ფიზიკური პირის უფლებას შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, მიუხედავად ამ ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების არსებობისა, თუ ადგილი არა აქვს საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის განმაპირობებელ კანონით გათვალისწინებულ გარემოებებს. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №84-ში მდებარე 78 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის 1998 წლიდან მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად წარედგინა მიწის ნაკვეთის კოორდინატებისა და მასზე არსებული ნაგებობის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოწმეების - თ. მ-ას, ნ. გ-ის, ი. ა-ის, დ. კ-ასა და გ. ქ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება. წარდგენილი მტკიცებულებები უარყოფილ იქნა უძრავ ქონებაზე 2005-2007 წლებში შპს „...ს“ უფლების არსებობასა და ამ ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვაზე მითითებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შპს „...მა“ საკუთრების უფლება სახელმწიფოს სასარგებლოდ მხოლოდ 2007 წელს დათმო. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან განკარგულებაში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე