საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-249(კ-20) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ც-ემ 2018 წლის 5 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებაში მის მიერ მითითებული ფაქტების კონსტატირების მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მანვე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178.3-ე მუხლზე. უხეშად დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები. არასწორად განმარტა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-162 თავი და 9117 -ე მუხლის მე-2 პუნქტი და 9115 მუხლი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
კასატორი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები იმ გარემოებაზე, რომ მოძრავი ნივთები არის მისი და მისი ძმის, ხოლო ფართი, სადაც ნივთები ინახება ირიცხება გარდაცვლილი სვეტლანა გნეტოვას სახელზე, ვისგანაც თანხმობას ითხოვდა აღსრულების ეროვნული ბიურო, რაც წარმოუდგენელია, რადგან გარდაცვლილი პირის თანხმობას არანაირი სამართლებრივი ნორმა არ ითვალისწინებს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მარინა ცხარაძისთვის ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის შესახებ აღმასრულებლის ქმედების კანონიერება, კონკრეტულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის საკუთრების/კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9113 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით. დასახელებული კანონის 9114 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია. ამავე კანონის 9115 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც დაუშვებელია ფაქტების კონსტატაცია, კერძოდ, ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით. ამავე კანონის 9117 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის განცხადების ან სასამართლო დავალების საფუძველზე ფაქტების კონსტატაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს აღნიშნულის დამაბრკოლებელი გარემოებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმასრულებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მხარეს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს აღსაწერი მოძრავი ნივთების ადგილსამყოფელის - უძრავი ქონების საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის წარუდგენლობაც მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ც-ემ 2018 წლის 10 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ...ის ქუჩაზე №13-ში, მე-3 სართულზე მდებარე ფართში განთავსებული გ. ც-ის და მ. ც-ის კუთვნილი მოძრავი ნივთების და ფართის აღწერა (ფოტო ასლებით) მოითხოვა. განმცხადებელს ფაქტების კონტატაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების საკუთრების/კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობა ფაქტების კონსტატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მიუთითებს აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის გარდაცვალებაზე, თუმცა, ეს ფაქტი, არ შეიძლება წარმოადგენდეს საკმარისს იმისთვის, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის თანხმობის გარეშე განახორცილოს მოქმედება ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებით.
საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ფართის აღწერის მოთხოვნით მხარე რეალურად ითხოვს საჯარო რეესტრში სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ფართის აღწერას, ისე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც მისი მემკვიდრეობა გარდაცვლილ მესაკუთრესთან და არც სხვა მემკვიდრ(ეებ)ის (არსებობის შემთხვევაში) თანხმობა - ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. მოცემულ შემთხვევაში კი სადავოს არ წარმოადგენს, რომ ფართი, რომლის აღწერასაც მხარე ითხოვს, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე. რაც შეეხება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართში განთავსებულ მოძრავი ნივთების აღწერას, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილი პირი (ან მისი მემკვიდრე(ეები) ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდრე არ დადასტურდება საპირისპირო. ამრიგად, აღმასრულებლის ქმედება წარდგენილ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მართებულია და არ იკვეთება მისი ქმედების უკანონობა, მით უფრო, იმ პირობებში, როცა მ. ც-ემ ვერ წარადგინა საკუთრების/კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად ვერ დაადასტურა სხვის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში არსებული მოძრავი ნივთების მისადმი კუთვნილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე