Facebook Twitter

№ბს-952(კ-20) 13 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ლ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 23 იანვარს მ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის №615 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თელავში, ...ის №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობით - 882 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის №615 განკარგულება; მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მ. ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომიისიის სააპელაციო საჩვარი; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი შემდეგი გარემოებები, კერძოდ:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2004 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ. თელავი, ...ი, №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი - 1867 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს.კ. ..., რეგისტრირებული იყო მ. ლ-ის საკუთრების უფლება.

2018 წლის 18 ივლისს მ. ლ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. თელავში, ...ი №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია განსახილველად გადააგზავნა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი თ. ო-ის და გ. გ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების თანახმად, მ. ლ-ს ქ. თელავი, ...ი №1-ში 2003 წლიდან კანონიერ ფლობაში ჰქონდა 1867 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ....), ამასთანავე, იმავე წლიდან მის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული ჰქონდა და ამუშავებდა არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 882 კვ.მ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას №1-24 კვ.მ.

მ. ლ-ის განცხადებაზე თანდათული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების და ორთოფოტოს თანახმად, მ. ლ-ის მიერ ქ. თელავში, ...ი №1-ში დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 882 კვ.მ, რომელზედაც განთავსებული იყო მიწისქვეშა შენობა-ნაგებობა №1, დანიშნულება - დამხმარე, სართულიანობა - 0, განაშენიანების ფართი - 24 კვმ. აღნიშნული ნაკვეთი იყო მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს.კ. ... მიმდებარე მიწის ნაკვეთი და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების №488 აქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 2 ნოემბრის №27 ბრძანებით შექმნილმა ჯგუფის წევრებმა მ. ლ-ის განცხადების შესასწავლად ადგილზე დაათვალიერეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და დაადგინეს, რომ ქ. თელავი, ...ი №1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო მ. ლ-ის საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე, მაგრამ დაახლოებით 120 კვ.მ ფართობი სცდებოდა ბუნებრივად (შემაღლებულ) საზღვრებს, სადაც მოქცეული იყო მიწისქვეშა შენობა-ნაგებობა ფართობით 24 კვ.მ, კერძოდ, აქ განთავსებული იყო ასანიზაციის ორმო და ქსელი, რომელიც დაფარული იყო ეკალ-ბარდით.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული კომისიის №27 სხდომის ოქმის თანახმად, არ დაკმაყოფილდა მ. ლ-ის განცხადება და უარი ეთქვა ქ. თელავი, ...ი №1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს საკუთრებად აღიარებაზე, 2018 წლის 2 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების №488 აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის განკარგულებით მ. ლ-ს უარი ეთქვა ქ. თელავი, ...ი №1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე, რომელთა მიხედვითაც, განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის მიჯნის და მიჯნის შიგნით განთავსებული საკანალიზაციო ჭის ფაქტების კონსტანტაცია და რომლითაც დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო შემოსაზღვრული, მოვლილი და მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო წყლის მილი.

ამასთან, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 12 ივნისს მხარეთა მონაწილეობით ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილი იყო, რომ მ. ლ-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ქ. თელავში, ...ი №1-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმდებარედ. მიწის ნაკვეთი მთლიანად იყო შემოსაზღვრული რკინის მავთულბადის ღობით. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 882 კვ.მ. აღნიშნულ ფართობზე განთავსებული იყო საკანალიზაციო ჭა და მილი, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ შენობას და მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობისათვის იყო განკუთვნილი. საკანალიზაციო ჭა იყო დაცული და გადახურული მიწისქვეშა ბეტონის ნაგებობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბალახი იყო მოცელილი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ...ას ქალაქის საკანალიზაციო ქსელი არ გააჩნდა, თუმცა ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული გარემოებებისათვის ყურადღება არ მიუქცევია და არ გამოუკვლევია.

სააპელაციო სასამართლოს ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო 2018 წლის 16 ნოემბერს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №27 სხდომის ოქმი, რომლითაც მ. ლ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, დათარიღებული იყო 2018 წლის 30 ნოემბრით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოებში საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედასტურებინა, რომ ოქმზე დატანილი თარიღი აღიარების კომისიის მიერ შეცდომით იქნა მითითებული. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ სადავოდ ქცეული განკარგულება მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2018 წლის 28 დეკემბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, რაც ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელე მ. ლ-ის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მიღებული განკარგულების კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის ჩაბარება.

ამდენად, რაიონული სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარის ჩართვის შემთხვევაშიც მოხდებოდა იგივე გადაწყვეტილების მიღება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 2 ნოემბრის №27 ბრძანებით შექმნილმა დროებითმა ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ესწრებოდა მ. ლ-ის შვილის ქმარი - გ. გ-ი, დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ასაღიარებელი 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 120 კვ.მ მიწის ფართობი იყო სრულებით მოუვლელი და შემოუღობავი, ამასთან ბუნებრივად იყო განცალკევებული როგორც უკვე რეგისტრირებული, ისე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთიდან და ესაზღვრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ .... საკანალიზაციო ჭა კი საერთოდ არ ჩანდა მაყვლის ბარდებში.

კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ 2019 წლის 12 ივნისს ჩანიშნული ადგილზე დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გაესუფთავებინა და შემოეღობა მოსარჩელეს, მას შემდეგ რაც მან გაიგო, რომ სასამართლო ადგილზე დათვალიერებისთვის მიდიოდა. ამდენად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - მ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2004 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ. თელავი, ...ი №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, (დაზუსტებული ფართობი - 1867 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (ს.კ. ...)) რეგისტრირებულია მ. ლ-ის საკუთრების უფლება.

2018 წლის 18 ივლისს მ. ლ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. თელავში, ...ი №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია განსახილველად გადააგზავნა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი თ. ო-ის და გ. გ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების თანახმად, მ. ლ-ს ქ. თელავი, ...ი №1-ში 2003 წლიდან კანონიერ ფლობაში აქვს 1867 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ....). ამასთან, იმავე წლიდან მის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული აქვს და ამუშავებს არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 882 კვ.მ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას №1-24 კვ.მ.

მ. ლ-ის განცხადებაზე თანდათული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების და ორთოფოტოს თანახმად, მ. ლ-ის მიერ ქ. თელავში, ...ი №1-ში დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობია 882 კვ.მ, რომელზედაც განთავსებული არის მიწისქვეშა შენობა-ნაგებობა №1, დანიშნულება - დამხმარე, სართულიანობა - 0, განაშენიანების ფართი - 24 კვ.მ. აღნიშნული ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტირერებული მიწის ნაკვეთის ს.კ. ... მიმდებარე ნაკვეთი და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების №488 აქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 2 ნოემბრის №27 ბრძანებით შექმნილმა ჯგუფის წევრებმა მ. ლ-ის განცხადების შესასწავლად ადგილზე დაათვალიერეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და დაადგინეს, რომ ქ. თელავი, ...ი №1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მ. ლ-ის საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარეა, მაგრამ დაახლოებით 120 კვ.მ ფართობი სცდება ბუნებრივად (შემაღლებულ) საზღვრებს, სადაც მოქცეულია მიწისქვეშა შენობა-ნაგებობა ფართობით 24 კვ.მ, კერძოდ, აქ განთავსებულია ასანიზაციის ორმო და ქსელი, რომელიც დაფარულია ეკალ-ბარდით.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული კომისიის №27 სხდომის ოქმის თანახმად, არ დაკმაყოფილდა მ. ლ-ის განცხადება და განმცხადებელს უარი ეთქვა ქ. თელავი, ...ი №1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებაზე, 2018 წლის 2 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების №488 აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის განკარგულებით მ. ლ-ს უარი ეთქვა ქ. თელავი, ...ი №1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარებაზე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ 2019 წლის 2 აპრილის ოქმის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი არის შემოსაზღვრული, მოვლილი და მიწის ნაკვეთზე განთავსებული არის წყლის მილი.

თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 12 ივნისს მხარეთა მონაწილეობით ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მ. ლ-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. თელავში, ...ი №1-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმდებარედ. მიწის ნაკვეთი მთლიანად არის შემოსაზღვრული რკინის მავთულბადის ღობით. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობია 882 კვ.მ. აღნიშნულ ფართობზე განთავსებულია საკანალიზაციო ჭა და მილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ შენობას და მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობისათვის არის განკუთვნილი. საკანალიზაციო ჭა დაცულია და გადახურულია მიწისქვეშა ბეტონის ნაგებობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბალახი არის მოცელილი.

ამასთან, ...ის თელავის სერვის ცენტრის 2019 წლის 25 მარტის №3655/30/01 წერილის თანახმად, ...ას ს/კ ... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი) ქალაქის საკანალიზაციო ქსელი არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ დაექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშაკომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღიარებას არ ექვემდებარება, იმ შემთხვევაში, თუ მასზე განთავსებულია მიწისქვეშაკომუნიკაციები, წყალმომარაგების/კანალიზაციის ობიექტები და ა.შ.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს, ამასთან, იგი შემოღობილია და მოქცეულია რკინის მავთულბადის ფარგლებში. მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობის ფაქტს ადასტურებს მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ახსნა-განმარტებები. თუმცა აქვე, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (დაახლოებით 120 კვ.მ ფართი) განთავსებულია საკანალიზაციო ჭა და მილი, რომელიც ადგილზე დათვალიერების შედეგად რაიონული სასამართლოს განმარტებით მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობას ემსახურება. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ...ის თელავის სერვის ცენტრის 2019 წლის 25 მარტის №3655/30/01 წერილი, მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ქალაქის ქალაქის საკანალიზაციო ქსელის არ არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლა და იმ მტკიცებულებების სათანადო შეფასება, რომლებიც განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა შესწავლისას არსებითად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, მიწის ნაკვეთზე განთავსებული საკანალიზაციო ქსელი და ჭა წარმოადგენს ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტს თუ განკუთვნილია მხოლოდ მ. ლ-ის კერძო სარგებლობისათვის, ვინაიდან, საქმეში დაცული ...ის თელავის სერვის ცენტრის 2019 წლის 25 მარტის №3655/30/01 წერილის თანახმად, შპს „...ას“ საკადასტრო კოდის ... მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელი არ გააჩნია.

ამასთან, ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე სრულად უარის თქმის შესახებ, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტებში მსჯელობს და მიუთითებს მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნაწილის - 120 კვ.მ-ის შემაღლებულ ტერიტორიაზე მდებარეობისა და მასზე ასანიზაციის ორმოსა და ქსელის არსებობს ფაქტზე, თუმცა საერთოდ არ მსჯელობს დარჩენილ 762 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა