Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-536(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ. ჯ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ჯ. ს-იმ 2020 წლის 12 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე სააგენტოსათვის, მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ფ. ჯ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის 2020 წლის 3 თებერვლის №... განცხადების არსებითად განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფოს ერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-121 მუხლის მე-2 ნაწილით, დადგენილია ჩამონათვალი სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციისა, იმისათვის, რომ სააგენტომ არსებითად განიხილოს განცხადება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, მათ შორისაა მოთხოვნა - განმცხადებელმა სააგენტოში წარადგინოს დადგენილი ფორმის განცხადება. სწორედ ამიტომ, სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №.../7 ხარვეზის დადგენის შესახებ წერილით ფ. ჯ. ს-ის განემარტა, რომ წარსადგენი იყო სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტი. ამდენად, განცხადების განხილვისთვის კანონით დადგენილ ვადაში განსაზღვრული დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განუხილველად იქნა დატოვებული ფ. ჯ. ს-ის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე 2020 წლის 3 თებერვლის №... განცხადება.

კასატორის მითითებით, სასამართლოების მიერ საქმის გამოკვლევისას არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ფ. ჯ. ს-იმ 2020 წლის 5 თებერვლის №... განცხადებით მოითხოვა ბინადრობის ნებართვის მინიჭება და არა ბინადრობის ნებართვის გაგრძელება. არასწორია სასამართლოს განმარტება, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიმართ არაერთხელ იყო გაცემული სააგენტოს მიერ ბინადრობის ნებართვა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომ სააგენტოში ინახებოდა განმცხადელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნება გამართლებული იმ პირობებში, როდესაც განმცხადებელმა ახალი განცხადებით მოითხოვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და მისი ოჯახის წევრებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლზე, რომელიც ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ხოლო მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებლი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წრდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით ნორმატიულად დადგენილი უფლება - განცხადება დატოვოს განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ფ. ჯ. ს-ის 2020 წლის 3 თებერვლის განცხადება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, დარჩა განუხილველად.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №.../7 გადაწყვეტილებით ფ. ჯ. ს-ის დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა სააგენტოში, კერძოდ წარსადგენი იყო სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 4 ივლისის №494/ს ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმა სასურველი ბინადრობის ნებართვის მითითებით და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი და ამ ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (განცხადების განუხილველად დატოვებას) ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არსებითად საფუძვლად დაედო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ფ. ჯ. ს-ის მიერ სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა. კერძოდ, სასურველი ბინადრობის ნებართვის მითითებით განცხადების ფორმისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე ((გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ფ. ჯ. ს-ი წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩაზე N...-ში, მე-2 სადარბაზოში, მე-11 სართულზე მდებარე 131.70 კვ.მ. ფართის №146 ბინის თანამესაკუთრეს. შპს „...ის“ 2018 წლის 29 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეფასების თარიღისთვის შეადგინა 401 000 ლარი (შეფასების თარიღის დღისთვის მოქმედი კურსით 150 690 აშშ დოლარი). რაც შეეხება, სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 4 ივლისის №494/ს ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმის წარდგენის საკითხს, სასურველი ბინადრობის ნებართვის მითითებით, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ფ. ჯ. ს-ის 2020 წლის 3 თებერვლის განცხადება, რომელშიც, მართალია, არ არის მონიშნული ბინადრობის ნებართვის სახე, თუმცა როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №.../7 წერილში (გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ), ასევე სადავო 2020 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებაში სააგენტოს მიერ პირდაპირ არის მითითებული, რომ ფ. ჯ. ს-ის მიერ 2020 წლის 3 თებერვლის განცხადებით მოთხოვნილი იყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებაც სააგენტოს მიერ განხორციელდა სწორედ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის ფარგლებში. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ფ. ჯ. ს-ის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობდა ფ. ჯ. ს-ისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალებისა და აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობის გამო მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის გაუქმებისა და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის დავალების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 19 მაისს №07252 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე