საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-180(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ა-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. ა-მა 2019 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2333/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2333/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე ლ. ა-ის ოჯახის, ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააგენტომ ლ. ა-ის განაცხადი განიხილა კრიტერიუმების გარეშე, ვინაიდან საქმე ეხებოდა ნგრევად ობიექტს. მოსარჩელეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა დედა, და, ორი შვილი და ორი დისშვილი. 2019 წლის 11 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის შდეგად, მისამართზე: ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე ინდ. საწარმო „...ში“ სააგენტოს თანამშრომლებს დახვდათ მოსარჩელის დედა, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს შვილებთან, შვილიშვილებთან და სიძესთან - კ. შ-თან ერთად“. დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა კ. შ-ის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ..., მე-... მკ/რ. კორპ-..., ბინა N..., სადაც მონიტორინგის ჯგუფს დახვდა მარიამ გოგსაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ბინა ნაქირავები ჰქონდა კ. შ-ისგან 500 ლარად, ხოლო მეპატრონე ცხოვრობდა ...ში ოჯახთან ერთად. მონიტორინგი განხორციელდა აგრეთვე ...ის რაიონში, კ. შ-ის დედასთან, რომელმაც განმარტა, რომ ...ში ცხოვრობენ თვითონ და მისი მეუღლე, ხოლო შვილი - კ. შ-ი ცოხვრობს თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში. მოკვლევის მასალების საფუძველზე, კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №39) მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის საფუძვლით. ამასთან, აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. სააგენტომ შეისწავლა ლ. ა-ის საქმე, დაადგინა, რომ აუცილებელ და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა, როგორც ნგრევად ობიექტში არმცხოვრები პირი. მას აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი, თუმცა აღნიშნული უარი ხელს არ უშლის სააგენტოს, რომ კრიტერიუმების საფუძველზე, კიდევ ერთხელ განიხილოს მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. შესაბამისად, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. ა-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, უდავოდ დადგენილია, რომ თბილისში, მეველეს ქუჩაზე №5-ში მდებარე სამსართულიანი შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაცია საჭიროებს დროულად აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარებას, ხოლო იმავე შენობაში შესახლებული სხვა დევნილი ოჯახები, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილნი არიან გრძელვადიანი საცხოვრებლით, ხოლო ლ. ა-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე კერძოდ, მამამთილის სახელზე რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო.
ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ა-ს და მის მეუღლეს - კ. შ-ს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნიათ, ხოლო ქალაქ თბილისში, ...ში, მე... მ/რ, მე-... კორპუსში მდებარე №88 ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გარი შკუბულიანის საკუთრების უფლებით და აღნიშნული უფლება რეგისტრირებულია 2007 წელს.
საკასაციო პალატა, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ლ. ა-ი დევნილად დამისამართებულია და დროებით საცხოვრებლად შესახლებულია ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე სამსართულიან შენობაში (ინდ. საწარმო „...“ (...ი)). ლ. ა-ს ჰყავს მეუღლე - კ. შ-ი და შვილები - გიორგი და ანა შკუბულიანები. ამასთან, ლ. ა-ის ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, მოსარჩელის მეზობლებმა (ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე სამსართულიან შენობაში მცხოვრები) - ლ. ქ-მა, ი. ჩ-ამ და ი. ბ-ამ დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ლ. ა-ი მის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ნამდვილად მუდმივად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში. ამასთან, არც ლ. ა-ს და არც მის მეუღლეს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე შენობა (ინდ. საწარმო „...“). მითითებული შენობა კი არის ნგრევადი ობიექტი. ამასთან, მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ამრიგად, იგი შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების გარეშე უნდა დაექვემდებაროს განსახლებას. მამამთილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი კი არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთან, არ გამორიცხავს მოსარჩელის დასახელებულ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებად მიჩნევას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ობიექტი არის ნგრევადი და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე