საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-511(კ-20) 19 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 17 ნოემბერს, ე. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1988 წლიდან ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 186.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით. აღნიშნულ მისამართზე დარეგისტრირებულია ელექტროენერგიის გადამხდელ აბონენტად და დღემდე იხდის გადასახადს. ამასთან, იგი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაში, განთავსებული აქვს კაფე-ბარი. უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობა დადასტურებულია ასევე, ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების განცხადებით.
მოსარჩელემ 2016 წლის 7 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 186.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 მარტის №24 ოქმით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. ასევე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №281 განკარგულებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 მარტის №24 ოქმის, ე. ჭ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2014 წლის 3 თებერვლის შპს ,,...ის“ მიერ შესრულებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 186.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 139.00 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობების, ე. ჭ-ის საკუთრებაში აღიარება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 მარტის N24 საოქმო გადაწყვეტილება, ე. ჭ-ის ნაწილში; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ჭ-ის 2016 წლის 7 სექტემბრის N27698/25 განცხადებასთან მიმართებაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული სამართლებრივი აქტის კონკრეტულ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულო პირობაა საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთანავე, იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. ამავე ნორმის მიხედვით ასევე აუცილებელია მასზე განთავსებული იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან იმყოფებოდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ძირითად საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ფაქტობრივად დროებით შენობად მიიჩნია, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
პალატის მოსაზრებით, კომისიის ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს თავად კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილი გარემოებებიდან, წინააღმდეგობაშია ასევე საქმეში არსებული შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოსურათების მონაცემებთან. კომისიას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ მიიჩნია
უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ შენობად.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურს წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ თუკი დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისიამ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რამდენიმე შენობა და აქედან მხოლოდ ერთი შენობის მცირე ნაწილი ექცევა საზოგადოებრივ სივრცეში, დაუსაბუთებელია კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების არგუმენტები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, რაიმე სახის განვითარების გეგმა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმის თვითმმართველობას არ გააჩნია, ამასთან, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე უძრავი ქონებები სახელმწიფოს მხრიდან უკვე აღიარებულია კერძო პირთა საკუთრებაში, რომელთა მიღების საფუძვლები და მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობასთან განსხვავებულობა ასევე არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში (ზაკ-ის 4.3 მუხლი).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №281 განკარგულების გაუსაჩივრებლობის მოტივით მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №281 განკარგულების გამოცემის წინაპირობა სწორედ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამართულ სხდომაზე 2017 წლის 14 მარტს მიღებული N24 საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის ბათილად გამოცხადება თანმდევი შედეგის სახით იურიდიულ ძალას აცლის მის საფუძველზე მიღებულ კომისიის №281 განკარგულებას. შესაბამისად, ამ აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაში მიუთითებლობა, რომლის დაზუსტების უფლება მხარეს სასამართლო დავის მიმდინარეობის ეტაპზეც გააჩნდა, ვერ გახდება სარჩელის უარყოფის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, კომისია გაეცნო ე. ჭ-ის 2016 წლის 7 სექტემბრის N27698/25 განცხადებას ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 186,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა–ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის ასევე, უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლით კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ჭ-ის მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად განხილვისათვის, მასზე უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობად განიხილება სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ განცხადება არ შეესაბამება კანონის აღნიშნულ მოთხოვნას, მიწის ნაკვეთზე განთავსებული დროებითი კონსტრუქციები არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული და არ შეესაბამება შენობის ზემოთ აღნიშნული ნორმით დადგენილ ნიშნებს და მოთხოვნებს. ხოლო ის ნაწილი შენობებისა, რომლებიც წარმოადგენს მიწასთან მყარად დაკავშირებულ კაპიტალურ ნაგებობას, იჭრება საზოგადოებრივ სივრცეში, რაც, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს განმარტებით: ,,ისიც აღსანიშნავია, რომ შენობის კედლის ნაწილი გადმოსულია ფეხით სავალი გზის მხარეს, რაც კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, ხოლო აპელანტის განმარტებით, აღნიშნული შენობის ნაწილი მის მიერ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ფეხით სავალი გზის მოწყობამდე, თუმცა თანახმაა მოშალოს და კომისიამ ამ ნაწილის გარეშე მოახდინოს უძრავი ქონების აღიარება". კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან მხოლოდ ერთი შენობა-ნაგებობის ერთი ნაწილი წარმოადგენს კანონით დადგენილ მიწასთან მყარად დაკავშირებულ კედელს და ეს ნაწილი გადმოსულია საჯარო სივრცეში. ანუ აღნიშნული შენობა-ნაგებობის დანარჩენი ნაწილები ლითონის კონსტრუქციებია, მსგავსად სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სხვა შენობებისა. შესაბამისად, შენობა-ნაგებობის იმ ნაწილის მოშლით, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეშია შეჭრილი, ვერც ამ კონკრეტული შენობის დანარჩენი ნაწილი და ვერც სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ლითონის კონსტრუქციები ვერ დააკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას კომისიის 2017 წლის 13 აპრილის N281 განკარგულების გაუსაჩივრებლობის თაობაზე და მიუთითებს, რომ ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რომელთა თანახმადაც: ა) კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით; ბ) კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. უნდა გაიმიჯნოს კომისიის მიერ მიღებული ოქმის და კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების ურთიერთმიმართება. უნდა შეფასდეს, ამ ორიდან რომელი წარმოადგენს აქტს, რომელი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ამ კუთხით, თუკი ზემოაღნიშნული მთავრობის დადგენილების მე-10 მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს, რომ ასეთ აქტს წარმოადგენს კომისიის განკარგულება, მაშინ გამოდის, რომ სწორედ კომისიის 2017 წლის 13 აპრილის N281 განკარგულება წარმოადგენს ასეთს, რაზეც სწორად გაამახვილა ყურადღება ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული აქტით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რასაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ე. ჭ-ის ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N24 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რომლითაც ე. ჭ-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 186.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ 139.00 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2014 წლის 3 თებერვლის შპს ,,...ის“ მიერ შესრულებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 186.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 139.00 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლების აღიარების დავალებას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
2019 წლის 11 დეკემბერს ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელდა ცვლილება, რის შედეგადაც, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება, კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების მიზნებისათვის განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობის ფაქტი.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა ეს არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; 2019 წლის 11 დეკემბერს ზემოაღნიშნულ მუხლში განხორციელდა ცვლილება, რის შედეგადაც, შენობის ცნება, კანონის მე-2 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა; ხოლო დროებითი შენობაა ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერება უნდა შემოწმდეს ზემოაღნიშნულ ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ვინაიდან, ე. ჭ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებებზე, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული დროებითი კონსტრუქციები არ იყო მიწასთან მყარად დაკავშირებული კაპიტალური ნაგებობები, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და კაპიტალური ნაგებობაა, იჭრება საზოგადოებრივ სივრცეში, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 7 სექტემბერს №27698/25 განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე, 186.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება.
სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის დასადასტურებლად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა შპს ,,...ის“ მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, რომელზეც ასახულია უფლებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ცალკეული ობიექტის არსებობის ფაქტი.
საქმის მასალებით დადგენილია და არც მოწინააღმდეგე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რა მიზნით მას 2007 წლამდე დაკავებული ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც მის მიერ ქვის მასალით აშენებულია მიწასთან მყარად დაკავშირებული სამი შენობა, ასევე განთავსებულია ლითონისაგან დამზადებული კონსტრუქცია. აღნიშნული გარემოება, გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებისა და ადგილზე დათვალიერების აქტებისა, ნათლად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, მართალია, აღნიშნულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არა კაპიტალური, არამედ დროებითი შენობა-ნაგებობა, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ასევე არ არის გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა.
ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია ზაკ-ის ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნის მითითებული აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა.
ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა მიიჩნევა თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აშენებულ შენობად, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ე. ჭ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მოტივად სწორედ იმ გარემოებაზეა მითითებული. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რამდენიმე შენობა და აქედან მხოლოდ ერთი შენობის მცირე ნაწილი ექცევა საზოგადოებრივ სივრცეში, დაუსაბუთებელია კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების არგუმენტები. შესაბამისად კომისიას უნდა ემსჯელა თუ რატომ არ აკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნა რომელიმე ნაწილში ამ კანონის პირობებს, რაც არ განუხორციელებია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, რაიმე სახის განვითარების გეგმა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმის თვითმმართველობას არ გააჩნია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი სახის წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №281 განკარგულების გაუსაჩივრებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №281 განკარგულების გამოცემის წინაპირობა სწორედ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამართულ სხდომაზე 2017 წლის 14 მარტს მიღებული N24 საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის ბათილად ცნობა თანმდევი შედეგის სახით იურიდიულ ძალას უკარგავს მის საფუძველზე მიღებულ კომისიის №281 განკარგულებას. შესაბამისად, ამ აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაში მიუთითებლობა, რომლის დაზუსტების უფლება მხარეს სასამართლო დავის მიმდინარეობის ეტაპზეც გააჩნდა, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე