Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-418(კ-21) 19 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ხ-მა 2019 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2331/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ლ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2331/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ხ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით; ლ. ხ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მონიტორინგის შედეგად კომისიაზე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადასტურებულია, რომ ლ. ხ-ი არ ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. N17-ში (...ში), კერძოდ, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას ლ. ხ-ის დედის - შ. ხ-ისა და მეუღლის დის - თ. ჭ-ას მიერ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით განხორციელდა ვიზიტი ლ. ხ-ის ყოფილი მეუღლის - თ. ჭ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ი ... მკრ. კორპ. 109გ, სად. 4, სართ. 7), სადაც სააგენტოს თანამშრომლები გაესაუბრნენ კორპუსის მაცხოვრებლებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ იცნობდნენ თ. ჭ-ას და მის მეუღლეს - ლ. ხ-ს. ბინაზე მისვლისას ლ. ხ-ის შვილმა ადგილზე მისულ მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მისი მშობლები არ იმყოფებოდნენ სახლში და ერთად იყვნენ წასული სამეგრელოში ნათესავის გარდაცვალების გამო. კასატორის მოსაზრებით, განქორწინების მიუხედავად მოსარჩელის მეუღლესთან მასთან ერთად სამძიმარზე წასვლა ადასტურებს, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს მეუღლის მისამართზე. მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო კომისიის მიერ ამ ეტაპზე მას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, გამოიცა „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2331/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მონიტორინგის მასალები, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააკეთა არასწორი სამართლებრივი შეფასება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სრულად უგულებელყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესი, ასევე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა. ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ლ. ხ-ის მიერ გასაჩივრებულია „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2331/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი კანონიერების შეფასება, რადგან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა უნდა შემოწმდეს სხვა ასპექტებიც, მათ შორის - წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დაინტერესებული მხარეების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“. მითითებული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს და დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს ნგრევადსაშიშს, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება და დროებით ადგილზე არ ყოფნა არ შეიძლება გახდეს განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა ბუნებრივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ხ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა ... (ს.ფ. 16). აღნიშნული პირი იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ...ის ქუჩის N53-ში, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ.თბილისი, ...ის ქუჩის N17, ე.წ. ...ის შენობა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. N17-ში მდებარე შენობა (...ი) წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ს.ფ. 64).

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელე ლ. ხ-ი რეალურად არ ცხოვრობდა სადავო ფართში, რის გამოც უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 15 ნოემბრის სს „...ისა“ და შპს „...ის“ სააბონენტო გადახდის ქვითრის ასლი (ს.ფ. 19), რომლის მიხედვითაც, ლ. ხ-ი რეგისტრირებულია აბონეტად ...ის ქ. N17-ში და კომუნალური გადასახადების გადახდის ბოლო თარიღად მითითებულია 2019 წლის 3 დეკემბერი. მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა შეადგენს 110.00 კვტ-სტ, ღირებულება - 20.41 ლარი. შპს „...ის“ სააბონენტო გადახდის ქვითრის თანახმად, მოსარჩელის გადასახადი შეადგენს 2.50 ლარს. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული მეზობლების: გ. ბ-ას და ლ. ჯ-ას განმარტებით, ლ. ხ-ი მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად დადის რუსეთში, თუმცა მუდმივად ცხოვრობს თბილისში, ...ში, ...ის ქ. N17-ში, მეუღლესთან განქორწინებულია.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების (მოსარჩელის მეზობლების) საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ თბილისის დროებით დატოვება და სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად სხვა სახელმწიფოში წასვლა, არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. N17-ში მდებარე ...ის შენობაში. ასევე, მოსარჩელის მეუღლესთან ერთად სამძიმარზე წასვლა/ან მეუღლის ბინაში შვილის სანახავად მისვლა არ ნიშნავს ამ მისამართზე მოსარჩელის არცხოვრების ფაქტის დადასტურებას. ამდენად, ლ. ხ-ისთვის აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევსას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ნგრევადი ობიექტი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და რამ გამოიწვია მონიტორინგის დროს დევნილის რეგისტრირებულ მისამართზე არყოფნა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა