Facebook Twitter

ბს-1012(კ-20) 28 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-მა 15.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ბ. დ-ის ნაწილში კომისიის 27.10.2016წ. N539 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და კომისიისათვის გ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.10.2016წ. N539 საოქმო გადაწყვეტილება ბ. დ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია არქიტექტურის სამსახურის 05.02.2016წ. წერილის მიხედვით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ექცეოდა სარეკრეაციო ზონაში, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 03.10.2019წ. წერილით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, გ. დ-ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდის აგრეთვე მოპასუხე კომისია. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ შპს „...ს“ 11.10.2016წ. საექსპერტო დასკვნასა და დასკვნის 30.01.2018წ. განმარტებით ბარათზე, რომელთა მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის მე-2 ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული 154 კვ.მ. შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლების გათვალისწინებით, შენობის ხანდაზმულობა დასტურდება 2007 წლის 01 იანვრამდე, ამასთანავე, ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის ფიქსირდებოდა 2005-2007 წ.წ. სატელიტური რუკები, რომელზეც ჩანდა შენობა-ნაგებობა ბუნდოვანი სახით, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით 2006-2007 წ.წ. ორთოფოტოები ვერ მოწმდება, რუკების განახლების შემდეგ მათი ბაზიდან ამოღების გამო. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცულია აგრეთვე გ. შ-ის, მ. გ-ის და თ. ბ-ის 30.05.2014წ. ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ბ. დ-ი 2000 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ის მე-2 ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული 752 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. სადავო აქტში მართალია მითითებულია, რომ არ დადასტურდა ბ. დ-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, მტკიცებულებების, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით წარდგენილი საექსპერტო დასკვნის შეფასებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა ბ. დ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. საქმეში არსებული 2005 და 2006 წლების ორთოფოტოებიდან დგინდება, რომ განმცხადებლის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, ასევე ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით. გასათვალისწინებელია, რომ ნორმატიულად დაუშვებელია რეკრეაციული დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. სადავო აქტის გამოცემის დროისთვის ნაკვეთი ექცეოდა სარეკრეაციო ზონაში. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა შპს „...ს“ საექსპერტო დასკვნა და უგულებელყო ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.03.2018წ. წერილი. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. საქმის მასალებით, მათ შორის ფოტოსურათებითა და ორთოფოტოებით დასტურდება ამჟამად ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის, მისი კაპიტალური მიჯნით შემოსაზღვრის, ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. კასატორის მოსაზრება, რომ არ დგინდება კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საქმეში დაცულია შპს „...ს“ საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით, შენობის ხანდაზმულობა დასტურდება 2007 წლის 01 იანვრამდე. ამასთანავე, გ. შ-ის, მ. გ-ის და თ. ბ-ის ნოტარიალურად დამოწმებული ახსნა-განმარტების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ბ. დ-ი 2000 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ის მე-2 ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული 752 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული ნაგებობით. საქმეში წარმოდგენილ 2005წ. ორთოფოტოზე მართალია არ ჩანს დასრულებული შენობა-ნაგებობა იმ სახით, რა სახითაც დღეის მდგომარეობით არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნაკვეთი არ არის თავისუფალი, მასზე ფიქსირდება გარკვეული ობიექტები, ხოლო უშუალოდ კანონის ამოქმედების პერიოდში მომზადებული ორთოფოტო მხარეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განსხვავებულად მოწესრიგდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, განსხვავებულად ჩამოყალიბდა - გაფართოვდა, საკუთრების აღიარების წინაპირობები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). შესაბამისად, ამჟამად საკუთრების აღიარების საფუძველს ქმნის კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე არა მხოლოდ აშენებული შენობის არსებობა, არამედ აგრეთვე დანგრეული ან/და მშენებარე არასაცხოვრებელი ან საცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის ფაქტის დადასტურება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შპს „...ს“ საექსპერტო დასკვნის 30.01.2018წ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის ფიქსირდებოდა 2005-2007 წ.წ. სატელიტური რუკები, რომელზეც ჩანდა შენობა-ნაგებობა ბუნდოვანი სახით, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით 2006-2007 წ.წ. ორთოფოტოები ვერ მოწმდება რუკების განახლების შემდეგ მათი ბაზიდან ამოღების გამო. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის, წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობებს ქმნის.

კასატორის მოსაზრება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მისი დისკრეციის სფეროს განეკუთვნება არ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობას არ გულისხმობს და არ ათავისუფლებს აქტის გამომცემ სუბიექტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებისაგან. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (სზაკ-ის 53.4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტიდან არ იკვეთება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების გამოკვლევა. მართალია წარდგენილ მტკიცებულებებს არ აქვთ წინასწარ დადგენილი ძალა, თუმცა მათ გაზიარებაზე უარი სათანადოდ უნდა დასაბუთდეს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

რაც შეეხება ასაღარებელი ნაკვეთის სტატუს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. დ-ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი აღარ ექცევა სარეკრეაციო ზონაში, ამჟამად კონკრეტული ტერიტორია მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე საკასაციო პალატაში გაწეული საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ საკასაციო შესაგებელში მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საკასაციო პალატაში საქმის განხილვა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე გ. დათუანშვილის) მხრიდან საკასაციო შესაგებლის წარდგენა. ამასთანავე, სააპელაციო პალატაში ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2019წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ.ცინცაძე