Facebook Twitter
საქმე №ბს-996(კ-20) 20 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე


სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე


კასატორი (მოსარჩელე) – მ. ზ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; წარმომადგენლები – ს. გ-ე, ც. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 21 აგვისტოს მ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
სარჩელის თანახმად, მ. ზ-ე 2007 წელს ჩაირიცხა შპს „...ის“ ბათუმის ფილიალში, სადაც სწავლობდა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, რაც დაასრულა 2011 წლის 25 ივნისს, რის შემდეგაც მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2019 წლის 22 ივლისს მ. ზ-ემ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რათა დადგენილიყო 2012 წელს შპს „...ის“ მიერ გაცემული ბაკალავრის №... დიპლომის (სარეგისტრაციო ნომერი ...) ნამდვილობა, რის პასუხადაც განემარტა, რომ მისი დიპლომი ვერ აკმაყოფილებდა არსებულ საგანმანათლებლო სტანდარტებს, რის გამოც უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ მ. ზ-ისათვის შპს „...ის“ მიერ გაცემული ბაკალავრის ... #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ივლისის MES 0 19 00976351 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შპს „...ის“ მიერ მ. ზ-ის სახელზე გაცემული ... #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს „...მა“ 2012 წლის 15 მარტს მ. ზ-ის სახელზე გასცა დიპლომი ... №..., რომლის თანახმად, შპს „...ის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის 2011 წლის 26 ივნისის №7 გადაწყვეტილებით მ. ზ-ეს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
მ. ზ-ემ 2019 წლის 20 ივლისის განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „...ის“ მიერ მასზე გაცემული ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 3 დეკემბერს შპს „ს...ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია, რომლითაც ნება დართო ...ის შექმნის საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში გაეტარებინა ...ი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.
ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 31 იანვრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ს...ის ...ი“.
სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-19/206 გადაწყვეტილებით შპს „ს...ს“ მიენიჭა აკრედიტაცია. აკრედიტაციის მოქმედების ვადა განისაზღვრა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომდევნო აკრედიტაციის დასრულებამდე, კერძოდ, მას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 მარტის №256 ბრძანებით ცვლილება შევიდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 19 მარტის №... და 2007 წლის 24 დეკემბრის №... ბრძანებების საფუძველზე, შპს „ს...ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „...ი“.
შპს „...მა“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში.
არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიაში დაფიქსირებულია, რომ მ. ზ-ე შპს „...ში“ ჩაირიცხა 2007 წლის 15 ოქტომბრის №37 ბრძანების საფუძველზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ივლისის MES 0 19 00976351 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ მ. ზ-ის მიერ შპს „...ში“ სწავლის პერიოდი, მისთვის 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ნამდვილობის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) ჩარიცხვა და მიღებული განათლების სახელმწიფო აღიარების თაობაზე ცენტრისთვის განცხადებით მიმართვა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 26 აგვისტოს MES 6 19 01090016 წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მ. ზ-ის მიერ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 აგვისტოს MES 2 19 01098302 წერილის თანახმად, მ. ზ-ე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა შორის არ იძებნება.
სასამართლომ განმარტა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), მე-5 მუხლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სასამართლოს მითითებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
სასამართლოს მითითებით, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამრიგად, სასამართლოს შეფასებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ივლისის MES 0 19 00976351 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ მ. ზ-ეს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, შესაბამისად, მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება, მისთვის 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით, მათ შორის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 აგვისტოს MES 2 19 01098302 წერილით დადგენილი იყო და მოსარჩელე მხარეც არ ხდიდა სადავოდ, რომ 2007 წელს მ. ზ-ე შპს „...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად არ იყო საჭირო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.
სასამართლოს მითითებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახლადაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს. მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2011 წელს შპს „...ის“ მიერ მ. ზ-ის სახელზე გაცემული ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ივლისის MES 0 19 00976351 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
ამასთან, სააპელაციო პალატამ აპელანტის მიერ მითითებულ კანონიერ ნდობასთან მიმართებით დამატებით მიუთითა, რომ კანონის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მ. ზ-ეს ვერ ექნებოდა კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან იგი შპს „...ში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რაც გამორიცხავდა მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საგანანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი როგორც სტუდენტი არ იყო ინფორმირებული, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის სამომავლოდ აუცილებელი გახდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ საგანანმანათლებლო დაწესებულებას განაცხადის მიღების ეტაპზე მისთვის არ მოუთხოვია ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულოდ ჩაბარება, რის საფუძველზეც წარმოეშვა კანონიერი ნდობა, რომ მის მიერ გავლილი კურსის დასრულებისას მიღებული დიპლომი იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კანონმდებლობასთან, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტირებული იყო სახელმწიფოს მიერ. კასატორის განმარტებით, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინაღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციონირებას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს მ. ზ-ისათვის შპს „...ის“ მიერ გაცემული ბაკალავრის ... #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ივლისის MES 0 19 00976351 გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს. მოსარჩელე ითხოვს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შპს „...ის“ მიერ მის სახელზე გაცემული ... #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. სადავო აქტის თანახმად, მ. ზ-ე შპს „...ში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, მას არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით. სადავო აქტში ასევე მითითებულია, რომ არ არსებობს შპს „...ის“ მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ ინსტიტუტს ინსტიტუციური აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, შპს „...ს“ კი არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. შესაბამისად, მ. ზ-ის შპს „...ში“ სწავლის პერიოდი, მისთვის 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის ორი წინაპირობა - 1. სრულად არააკრედიტებულ (არაღიარებულ) რეჟიმში მიღებული განათლება და 2. სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, დასახელებულია საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებშიც.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. მითითებული კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); ხოლო ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, კანონმდებლობა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
ამასთან, 2005 წლიდან ამოქმედდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობები, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე ლიცენზირებისა და აკრედიტაციის წესი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით, ამასთან, შემოღებულ იქნა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი - ინსტიტუციური აკრედიტაცია, რომელსაც მოჰყვებოდა პროგრამული აკრედიტაცია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით აკრედიტაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით. მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ; ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.
საგულისხმოა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით, კერძოდ, 88-ე მუხლის 11 პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 3 სექტემბერს შპს „ს...ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია, რომლითაც ნება დართო ...ის შექმნის საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში გაეტარებინა ...ი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.
ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 31 იანვრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ს...ის ...ი“.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-19/206 გადაწყვეტილებით, შპს „ს...ს“ მიენიჭა აკრედიტაცია. აკრედიტაციის მოქმედების ვადა განისაზღვრა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომდევნო აკრედიტაციის დასრულებამდე, კერძოდ, მას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 მარტის №256 ბრძანებით ცვლილება შევიდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 19 მარტის №... და 2007 წლის 24 დეკემბრის №... ბრძანებების საფუძველზე, შპს „ს...ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „...ი“.
შპს „...მა“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში.
არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიაში დაფიქსირებულია, რომ მ. ზ-ე შპს „...ში“ ჩაირიცხა 2007 წლის 15 ოქტომბრის №37 ბრძანების საფუძველზე.
ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ინსტიტუტს ინსტიტუციური აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, შპს „...ს“ კი არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელე მ. ზ-ე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გამორიცხავდა შპს „...ის“ მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ცნობას, რამეთუ დასახელებული ნორმით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, ხოლო შპს „...ი“ მ. ზ-ის სწავლის პერიოდში არ წარმოადგენდა ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებას. მოცემული დაწესებულება 2007 წლიდან ვერ მოხვდებოდა იმ დაწესებულებათა სიაში, სადაც სტუდენტები შესაძლოა ჩარიცხულიყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. შესაბამისად, მ. ზ-ე არააკრედიტებულ დაწესებულებაში ვერ ჩაირიცხებოდა და არც ჩარიცხულა ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით.
ამასთან, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მ. ზ-ე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, რაც ასევე წარმოადგენდა მოსარჩელითვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. კერძოდ, 2005 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით. ამასთან, პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ჩატარდა 2005 წლის ზაფხულში.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება მიაქციოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ინსტიტუტის ჩამოყალიბების მიზნებს, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდა არის პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენდა ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ესწავლათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნიდა სიებს შესაბამის ფაკულტეტებს; ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებული იყო აბიტურიენტები მიეღო მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-9 მუხლის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფდნენ აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას. ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას. ცნობარში აისახებოდა საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომელზეც იწარმოებოდა აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ზ-ე შპს „...ში“ ჩაირიცხა 2007 წლის 15 ოქტომბრის №37 ბრძანების საფუძველზე. საქმის მასალებით, მათ შორის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 აგვისტოს MES 2 19 01098302 წერილით დგინდება და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ 2007 წელს მ. ზ-ე შპს „...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს არ აქვს მოპოვებული სწავლის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამასთანავე, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მ. ზ-ის შპს „...ში“ სწავლების პერიოდი, მისთვის 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
რაც შეეხება კასატორის მითითებას კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ განმარტებებს, რომლის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, შესაბამისად, დიპლომის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-516-516(კ-18), 19.07.2018; №ბს-812(კ-18), 04.10.2018; №ბს-987(კ-19), 05.03.2020; №ბს-672(კ-20), 15.10.2020). ამდენად, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ადასტურებს დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის შესაძლებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ კანონიერ ნდობას გამორიცხავს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც შპს „...ში“ სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ იგი წარმოადგენდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და ამასთან, თავად მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით გამორიცხავს კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურეობის შედეგად გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტს სახელმწიფო არ სცნობს და არ უკავშირებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და






დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე