Facebook Twitter

საქმე #ბს-529(2კ-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 8 ივნისს სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის #21-11/926 წერილის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8188 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის #21-11/926 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8188 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სს „...ას“, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

2021 წლის 15 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინა 2021 წლის 13 სექტემბრის საგადასახადო შეთანხმება და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 აგვისტოს განკარგულება დანართით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე სს „...ას“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია საგადასახადო შეთანხება, რის საფუძველზეც სს „...ამ“ იკისრა ძირითადი ვალდებულების გადახდა, ხოლო საურავი, რაზეც მიმდინარეობდა დავა, მხარეს ჩამოეწერა, შესაბამისად, დავის საგანი აღარ არსებობდა. ამასთან, მხარეებმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს პოზიცია დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განსახილველად საქმე გადაინიშნა 2021 წლის 30 სექტემბერს, ზეპირი განხილვის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის, საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის #21-11/926 წერილის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8188 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლის დავალება წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინა 2021 წლის 13 სექტემბრის საგადასახადო შეთანხმება და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 აგვისტოს განკარგულება დანართით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 აგვისტოს #1356 განკარგულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებულია 2021 წლის 13 სექტემბრის #2325-21 საგადასახადო შეთანხება, რომლითაც გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა - 414014 ლარით; ხოლო საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 აგვისტოს #1356 განკარგულების დანართის მიხედვით, სს „...ას“ საგადასახადო დავალიანება შეადგენდა - 864907.34 ლარს, მათ შორის, ძირითადი - 414014.14 ლარი, ჯარიმა - 11397.83 ლარი, საურავი - 439495.37 ლარი. საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელ თანხად მიეთითა - 414014.00 ლარი.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე სს „...ას“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია საგადასახადო შეთანხება, რის საფუძველზეც სს „...ამ“ იკისრა ძირითადი ვალდებულების გადახდა, ხოლო საურავი, რაზეც მიმდინარეობდა დავა, მხარეს ჩამოეწერა, შესაბამისად, დავის საგანი აღარ არსებობდა. ამასთან, მხარეებმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს პოზიცია დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და 2021 წლის 16 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე სს „...ას“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას სადავო აქტების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლის დავალება წარმოადგენდა. ხოლო იმ პირობებში, როდესაც სს „...ამ“ იკისრა ძირითადი ვალდებულების გადახდა, ხოლო საურავი, რაზეც მიმდინარეობდა დავა, მხარეს ჩამოეწერა, შესაბამისად, დავის საგანი აღარ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან, აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. მ-ს სს „...ას“ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 08.06.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს - 100 ლარი, ხოლო სააპელაციო საჩივარზე 11.06.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს - 150 ლარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი 100 ლარის ნახევარი - 50 ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის ნახევარი - 75 ლარი, სულ - 125 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ას“ სარჩელზე დავის საგნის არ არსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. სს „...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს ი. მ-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 08.06.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი - 100 ლარის ნახევარი - 50 ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 11.06.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი - 150 ლარის ნახევარი - 75 ლარი, სულ - 125 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. აბუსერიძე