Facebook Twitter

საქმე #ბს-212(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 13 დეკემბერს მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც აქვს I ჯგუფის ინვალიდის სტატუსი და 2015 წლიდან გადის მკურნალობის კურსს. მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრობს 86 წლის დედასთან ერთად დის - მა. გ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში.

მოსარჩელის მითითებით, მას და მის ოჯახს, არასდროს მიუღიათ ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში. მათი საცხოვრებელი პირობები კი არის ძალიან მძიმე და ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუფერებელი.

მოსარჩელემ 2019 წელს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, სააგენტომ 2019 წლის 22 ნოემბერს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის #39 ოქმის საფუძველზე, უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას არ ჩაჰბარებია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის #39 ოქმი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კი მიღებული გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია.

ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის #04-2110/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელე მ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მხარედ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის #04-2110/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის #04-2110/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 22 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრების გამო.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მ. გ-ის ოჯახის კრიტერიუმების შეფასებისას, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8.5 ქულა, ამასთან, ვინაიდან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობდა სხვის სახლში, აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა 1.5 ქულა, სოციალურ კრიტერიუმში სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით - 2.5 ქულა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი გამო - 3 ქულა, ომის ვეტერანის კრიტერიუმში კი - 1.5 ქულა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია და სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი იძლევა იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მ. გ-ის მიმართ იმ ნაწილში, რომ მოსარჩელის ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა განსახლებას, დის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრების გამო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების განაცხადის განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სწორედ განმცხადებლის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ მ. გ-ი 1993 წლიდან ცხოვრობს დის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რისთვისაც არ იხდის ქირას, ამასთან, დას აქვს სხვა საცხოვრებელი. ასევე დადგენილია, რომ მ. გ-მა მოიპოვა 8.5 ქულა, რაც მისი განაცხადის განსახილველად დასაშვებობის ზღვარს აკმაყოფილებდა, თუმცა პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს განცხადების განხილვის ყველა ეტაპზე, კენჭისყრისას კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს ერთნაირი ქულის მქონე განმცხადებლებს შორის ვის ესაჭიროებოდა სასწრაფო, გადაუდებელი განსახლება. განსახილველ შემთხვევაში, დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელი არ არის. გადაწყვეტილების მიღების დროს სააგენტოს მიზანი არ იყო დისკრიმინაციული მოპყრობა, მ. გ-ისთვის უარის თქმა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით. პირს, რომელიც წლებია ცხოვრობს ქირის გარეშე, დის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო დას აქვს სხვა საცხოვრებელი, პრიორიტეტი არ მიენიჭა სხვა პირებთან შედარებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საკითხის განხილვის ეტაპზე საცხოვრებლით დაკმაყოფილდა ის ოჯახები, რომელთაც 9 და მეტი ქულა ჰქონდათ მინიჭებული და არც ერთი ისეთი ოჯახი არ დაკმაყოფილებულა საცხოვრებელი ფართით, ვისაც 9 ქულაზე ნაკლები ჰქონდა.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მასალები სრულყოფილად გამოიკვლია და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რასაც ადასტურებს მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად მოსარჩელეს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის #04-2110/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელე მ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 12 აპრილიდან) 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილად არის მიჩნეული, რომ მ. გ-მა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირია, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, მთაწმინდა, ...ას ქ. #34. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საცხოვრებლის მიღების თაობაზე კრიტერიუმების შეფასების შედეგად, მ. გ-ის ოჯახს მიენიჭა ჯამში 8.5 ქულა, მათ შორის: 1. საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; 2. სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.5 ქულა; 3. შშმპ (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 3 ქულა; 4. ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.

ასევე დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 22 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრების გამო.

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმიდან ირკვევა, რომ მ. გ-ის განცხადება განხილულ იქნა მისი ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების მიზნით. ასევე დადგენილია, რომ 143 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით, განხორციელდა 168 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 8.5 და მეტი ქულა, თუმცა 2-ოთახიანი ბინებით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვათ 9 და მეტი ქულის მქონე ოჯახებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 8.5 ქულის მქონე არც ერთი ოჯახი არ დაკმაყოფილებულა ოროთახიანი ბინით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი საგრძნობლად რთულდება აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მ. გ-ის დის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 12 აპრილიდან) 6.6 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ – #8 დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა არის 1-2 მოსახლე, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა შესაბამისობაშია ერთოთახიან ბინასთან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოხსენებული წესის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდენენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში.

განსახილველ შემთხვევაში, მ. გ-ის მიერ შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო, თუმცა განაცხადს აკეთებს სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ დედასთან - ვ. გ-თან ერთად, რომელიც დაემატა განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მართალია, ერთ და ორსულიან ოჯახებზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის საორიენტაციო სტანდარტს ერთოთახიანი ბინა წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევაში საგულისხმოა განმცხადებელთა საპირისპირო სქესი (მარტოხელა მშობელი (დედა) და სრულწლოვანი შვილი). ამდენად, განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილება და საცხოვრებელი ფართით განსახლების მომდევნო ეტაპზე, მისი განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მ. გ-ის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა