საქმე #ბს-168(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 31 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს 2019 წლის 12 დეკემბრის #LA 0 19 00033373 გადაწყვეტილების, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წლის 19 დეკემბრის #LA 8 19 00034208 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის შპს „...-თვის“ (ს/კ ...) სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება, თუ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი. სარჩელის თანახმად, საქმეს თან ერთვის ორდერი, რომელიც გაცემულია მხოლოდ 2 დღით. შესაბამისად, საქმეში არ მონაწილეობს ადვოკატი.
სადავო წერილის თანახმად, ბიუროს მიერ მიღებულ იქნა ადვოკატის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რასაც საფუძვლად დაედო „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი. ბიურომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს იურიდიული პირის დაცვას. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული მოსაზრების გათვალისწინების პირობებში, დაცვის უფლების გარეშე რჩება ბრალდებული, იურიდიული პირი, რაც კონსტიტუციური ნორმის უგულვებელყოფას ნიშნავს. მოსარჩელის განმარტებით, ადვოკატის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტითა და 327-ე მუხლით, რომელიც ცალსახად ადგენს ავოკატის დანიშვნის კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს 2019 წლის 12 დეკემბრის #LA 0 19 00033373 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წლის 19 დეკემბრის #LA 8 19 00034208 გადაწყვეტილება; სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს შპს „...-თვის“ (ს/კ ...) სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა დაევალა; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღასასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატის განმარტებით, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები პირდაპირ ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლისა და 45-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით კი, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სავალდებულო დაცვის შემთხვევას. დაცვის უფლება კი, კონსტიტუციით გარანტირებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს, მათ შორის, გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე უარის თქმასაც. კონკრეტულად, რა მიზეზით არ მოაწერა ბრალდებულის წარმომადგენელმა ხელი საპროცესო დოკუმენტაციას, ამის გამორკვევა და შეფასება, წინამდებარე საქმის განხილვის ფარგლებში, არარელევანტურია.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169.5 და 134.6 მუხლები. ასევე, სასამართლომ არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 327–ე მუხლი. საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს ამავე კოდექსის 38.13 და 44.3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ხსენებულ მუხლებში საუბარია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის უფლებაზე, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულისთვის სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნაზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მითითება არ არის. კასატორი მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38.6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სავალდებულო დაცვის შემთხვევები მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45–ე მუხლში, რომლის „ლ“ პუნქტის დათქმას, რომ სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასეთად ვერ ჩაითვლება ამავე კოდექსის 327–ე მუხლის ჩანაწერი.
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალური ნორმების ერთობლიობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან მიმართებით, ვინაიდან მასში მოცემულია სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის სპეციალური წესები/პროცედურა, ასევე, იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთაც სავალდებულო წესით შეიძლება დაენიშნოთ ადვოკატი – ესენი არიან ფიზიკური პირები, სხვადასხვა მოქალაქეობრივი სტატუსით. ხსნებული კანონის, როგორც სპეციალურ ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობას აღიარებს თავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46.5 მუხლი. სასამართლომ არასწორად განმარტა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი და სპეციალურ კანონთან შედარებით უპირატესობა მიანიჭა ზოგად ნორმებს, რომელიც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
კანონმდებლის მიზანი, როგორც „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებისას, არასოდეს ყოფილა იურიდიული პირისთვის სავალდებულო წესით, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ხარვეზს ადგილი არ ჰქონია და არ აქვს, სახეზეა კონკრეტული ნორმა, ვხედავთ კანონმდებლის ნებას და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო სწორედ ამ ნების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა #13/86714 წერილით მიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს და #092301117003 სისხლის სამართლის საქმეზე მოითხოვა ბრალდებული იურიდიული პირის - შპს „...-ის“ (ს/კ ...) ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მისთვის ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნა. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს 2019 წლის 12 დეკემბრის LA 0 19 00033373 სადავო გადაწყვეტილებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას უარი ეთქვა ბრალდებული იურიდიული პირისთვის ადვოკატის დანიშვნაზე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წლის 19 დეკემბრის #LA 8 19 00034208 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი სავალდებულოდ არ ითვალისწინებს იურიდიულ პირთათვის იურიდიული დახმარების გაწევას, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს უფლება აქვს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.
საქართველოს კონსტიტუციის 31.3 მუხლის თანახმად, დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები.
იურიდიული დახმარების შესახებ კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა. ამავე კანონის 1.2 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იურიდიული დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო აქტებით გარანტირებულია ყველა პირის, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის უფლება, დაიცვას მისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება (31.3 მუხლი) ერთნაირად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.19 მუხლის შესაბამისად, ბრალდებულს ფიზიკურ პირთან ერთად შეიძლება წარმოადგენდეს იურიდიული პირიც, მას საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის საფუძველზე, გააჩნია დაცვის უფლება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ იურიდიულ პირს - შპს „...-ს“ არ ჰყავს ადვოკატი. ამასთან, მისი დირექტორი უარს აცხადებს იურიდიული პირის სახელით უფლებამოსილების განხორციელებაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ბრალდებულისთვის ადვოკატის დანიშვნაზე უარის თქმით პირდაპირ ილახება პირის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლები იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირებად მიიჩნევენ „ფიზიკურ პირს“ და „მოქალაქეს“, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ გახდება სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული იურიდიული პირის დაცვის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის დაცვის უფლება თანაბრად არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური კი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებსა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობაზე დაფუძნებული იურიდიული დახმარების განხორციელებას, მხოლოდ ფორმალურ საფუძვლებზე მითითებით, არღვევს პირისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ დაცვის უფლებას და სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირს ტოვებს სავალდებულო დაცვის გარეშე. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი, პირდაპირ ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.
ამასთან, საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით კი, იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ პროკურორი აცნობებს იურიდიული პირის ადვოკატს და განუმარტავს მის უფლებას, გაეცნოს საქმის მასალებს. საქმის მასალების გაცნობის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს გამონაკლისს და არ ადგენს პროკურორის მხრიდან ამგვარი საპროცესო მოქმედების განხორციელებას იურიდიული პირის ინტერესების დამცველი სხვა პირის მიმართ, გარდა ადვოკატისა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა