Facebook Twitter

საქმე #ბს-147(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 7 ივნისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სს „...ის“ სასრგებლოდ 8680,50 ლარის ოდენობით მიყენებული მატრიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, 2005 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრირებულ იქნა 21.06.2005წ. იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოვალე მ. კ-ას (სოლიდარული მოვალე - მ. გ-ა) მიმართ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სს „...ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გ. შ-ას კუთნილი უძრავი ქონება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

სენაკის რაიონული სასამართლოს 26.01.2007წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „...ის“ მოთხოვნა და მოპასუხეს სს „...ის“ სასარგებლოდ საკრედიტო დავალიანებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილებითვე დადგინდა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გ. შ-ას კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიქცეულ იქნა აღსასრულებლად.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, საქმეზე იძულებითი აუქციონი არ ინიშნებოდა, ხოლო საბოლოოდ, სამეგრელოსა და ზემო სვანეთი სააღსრულებო ბიუროს 09.02.2017წ. შეტყობინებით ბანკს ეცნობა, რომ მ. გ-ას მიმართ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე 2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა თ. გ-ას საკუთრების უფლება და აღნიშნულ ქონებაზე იპოთეკის უფლება არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, მოცემულ ქონებაზე ვერ გამოცხადდებოდა ონლაინ საჯარო აუქციონი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი თანდართულ გადაწყვეტილებასთან ერთად შეუსრულებელი სახით.

სარჩელის თანახმად, ბანკის სასარგებლოდ ვერ მოხდა სენაკის რაიონული სასამართლოს 26.01.2007წ. გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის აღსრულება, რითაც ბანკს ადგება ზიანი. გაურკვეველი საფუძვლით უფლებათა რეესტრში გაუქმებულია ბანკის იპოთეკის უფლება უძრავ ქონებაზე, რაც წარმოადგენდა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, სასამართლოს მიერვე დადგენილ, ერთადერთ საშუალებას. მოსარჩელემ 2017 წლის 26 იანვარს საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებაზე წარდგენილი და რეგისტრირებული დოკუმენტებისა და მონაცემების შესაბამისად ამონაწერის გაცემის მოთხოვნით, რაზეც რეესტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ 8680,50 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები მიუთითებენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებულ ზიანზე, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს შემდეგ ქმედებაში, კერძოდ, გააუქმა უძრავ ნივთზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთეკის ვალდებულება, მოახდინა ნასყიდობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ისე, რომ არ გადაიტანა ქონებაზე არსებული იპოთეკის ვალდებულება და იმ დღის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება არ იქნა დატვირთული იპოთეკით. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტები ვერ დასაბუთდა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს სხდომაზე გამოცხადებული საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ უნდა დასტურდებოდეს ზიანის მიყენების ფაქტი, ჩადენილი ზიანის მიმყენებლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და უნდა დასტურდებოდეს ზიანის მიმყენებლის ბრალი. ზიანის არსებობის ფაქტი არ ქმნის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. სადავო გადაწყვეტილებით კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზიანის დაკისრება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული კომპონენტის არსებობის პირობებში მაშინ, როდესაც ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სხვა კუმულატიური პირობები სააგენტოს მიმართ არ არსებობდა. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში სახეზე არ არის სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება.

კასატორის მითითებით, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია გ. შ-ას საკუთრების უფლება და აღნიშნული უძრავი ნივთი დატვირთულია სს „...ის“ იპოთეკის უფლებით. ხოლო #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია თ. გ-ას საკუთრების უფლება. არსებული მდგომარეობით, ძალაშია ზემოაღნიშნული რეგისტრაციები, რაც განხორციელდა შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომლის კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა.

...ის, როგორც კრედიტორის მოთხოვნის უფლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა იმ კუთხით, რომ სოლიდარულ მოვალეს - მ. გ-ას დაეკისრა ბანკის მიმართ თანხის გადახდა. ქონების იძულებითი რეალიზაციის ეტაპზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 სექტემბრის #09/07-2-3661-009/001 წერილით ...ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალის დასახელებაში და რეკვიზიტების გრაფაში მითითებული არის მხოლოდ ერთი მოვალე მ. გ-ა და ეთხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დანარჩენი მოვალეების - მ. კ-ას და გ. შ-ას, როგორც მოვალეების აღნიშვნა 1 თვის ვადაში. საქმეში არსებული მასალები მოწმობს, რომ აღნიშნული განხორციელებული არ ყოფილა.

კასატორის მითითებით, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანთან დაკავშრებით და მიზეზობრივი კავშირი სააგენტოს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

საფუძველს მოკლებულია მ. გ-ას მიმართ არსებული მოთხოვნის გამო აღსრულების მიქცევა გ. შ-ას ქონების მიმართ. ასეთ შემთვევაში გაუგებარი იქნებოდა თავდებობის ინსტიტუტისა და ბანკის მიერ თავდების მიმართ სარჩელის აღძვრის სტრატეგიის არჩევა. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...ს“ მოთხოვნის უფლება აქვს არა რეესტრის, არამედ მ. გ-ას მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სს „...ის“ სასრგებლოდ 8680,50 ლარის ოდენობით მიყენებული მატრიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის #2/2 გადაწყვეტილებაზე, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარდგენილ 2005 წლის 21 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებასა (#23438) და 2005 წლის 21 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებაზე მითითებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2005 წლის 21 ივნისს, სს „...ის“ ფოთის ფილიალსა და მ. კ-ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფილ იქნა გ. შ-ას კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ. სენაკი, ...ის ქ. ... . 2005 წლის 21 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა მ. გ-ას თავდებობა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #2/2) მოსარჩელე - სს „...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ. გ-ას სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის - 8463,80 ლარის გადახდა. მოპასუხე მ. გ-ას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300-301-ე მუხლების საფუძველზე, მოხდა გ. შ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, 71,4 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, მდებარე: ქ. სენაკი, ...ის ქ. ... და მ. კ-ას საკუთრებაში არსებული და დაგირავებული მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ამავე სამმართლოს მიერ 2007 წლის 5 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი #2/2. კრედიტორი: სს „...ი“; მოვალე: მ. გ-ა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #2/2-2007), გასწორდა სამოქალაქო საქმეზე (#2/2-2007) დაშვებული უზუსტობა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2007 წლის 5 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოპასუხის მ. გ-ას ნაცვლად მიეთითა მოპასუხე - მ. გ-ა (პ/ნ ...).

საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლო განხილვის მომენტისათვის (26.01.2007წ.) გარდაცვლილი იყო ძირითადი მოვალე - მ. კ-ა, ხოლო სოლიდარულ მოვალეს - თავდებს წარმოადგენდა მ. გ-ა, რომელიც სოლიდარულად აგებდა პასუხს კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ შესრულებულ ვალდებულებაზე. ამდენად, სწორედ სოლიდარული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...სა“ და მ. კ-ას შორის, 2005 წლის 21 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანების მ. გ-ასათვის დაკისრება.

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 09.02.2017წ. #09/07-2-3661-016/004 წერილით, კრედიტორ სს „...ს“ ეცნობა, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #2/2, რომლის თანახმად, მ. გ-ას დაეკისრა თანხის გადახდა სს „...ის“ სასარგებლოდ, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეალიზებულ უნდა ყოფილიყო სს „...ის“ სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული გ. შ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. სენაკი, ...ის ქ. ... (ყოფილი ..., საკადასტრო კოდი: ...). ამავე წერილით ბანკს ეცნობა, რომ 2009 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა თ. გ-ას (პ/ნ ...) საკუთრების უფლება. ამავე წერილის თანახმად, რადგან ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლება არ იყო რეგისტრირებული, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო ონლაინ საჯარო აუქციონი აღნიშნულ ქონებაზე. შესაბამისად, უბრუნებდნენ სააღსრულებო ფურცელს #2/2, თანდართულ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეუსრულებელი სახით.

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მე-5 მუხლის მიხედვით კი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი სსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, მიუთითებენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებულ ზიანზე, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს შემდეგ ქმედებაში, კერძოდ, გააუქმა უძრავ ნივთზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთეკის ვალდებულება, მოახდინა ნასყიდობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ისე, რომ არ გადაიტანა ქონებაზე არსებული იპოთეკის ვალდებულება და იმ დღის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება არ იქნა დატვირთული იპოთეკით.

რაც შეეხება საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოში მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი შეიძლება ჩაებას, საკასაციო სასამართლოს მითითებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 08.04.2021წ. #07365 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 434,03 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 303,8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა არ დკმაყოფილდეს;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.04.2021წ. #07365 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 434,03 ლარის 70 პროცენტი - 303,8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა