საქმე #ბს-191(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 11 სექტემბერს თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დამატებითი დოკუმენტების მოძიების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ივლისის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში 622 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ამხანაგობა „...დან“ გაყვანილ იქნა უ. ს-ე, მისი ადგილი კი დაიკავა თ. ბ-ემ, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, თუმცა სააღრიცხვო ბარათის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ვინმე უ. ს-ის საკუთრების უფლება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშული რეგისტრაცია უკანონოა და სადავო მიწის ნაკვეთზე უნდა განხორციელდეს თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით თ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არ შეაფასეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტები: რ. ა-ის, ე. ნ-ას და ა. წ-ის თანხმობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; მებაღეობის ამხანაგობა „...ის“ თავმჯდომარის წერილი, ამხანაგობაში უ. ს-ის ნაცვლად თ. ბ-ის შეყვანასთან დაკავშირებით; უ. ს-ის განცხადება მებაღეობის ამხანაგობა „...დან“ გასვლისა და მის ნაცვლად თ. ბ-ის შეყვანის შესახებ; სახელმწიფო სერვისების განივითრების სააგენტოს #01/196947 წერილი, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ უ. ს-ე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N#... გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ N... მიწის განაწილების სია (რომელიც მითითებულია უ. ს-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...)) არ ინახება საჯარო რეესტრში.
აღნიშნული დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე უ. ს-ის საკუთრების უფლება წარმოადგენს თუ არა კანონის შესაბამის რეგისტრაციას თვისი არსით. ასევე, თ. ბ-ეს გააჩნია თუ არა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები და რამდენად თანმიმდევრული იყო ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტების გამოცემისას, ასევე შესწავლილ იქნა თუ არა ყველა დოკუმენტი და დაცულია თუ არა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესები.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან ერთი მხრივ, არ არსებობს უფლების სუბიექტი, მეორე მხრივ, არ არსებობს უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი, სახეზეა უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კასატორის მითითებით, უტყუარად დასტურდება მებაღეობის ამხანაგობა „...ში“ უ. ს-ის ნაცვლად თ. ბ-ის შეყვანა, ასევე უ. ს-ის ნება მებაღეობის ამხანაგობა „...დან“ გასვლისა და მის ნაცვლად თ. ბ-ის შეყვანის შესახებ.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ მებაღეობის ამხანაგობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ ამხანაგობაში უ. ს-ე ჩანაცვლდა თ. ბ-ით, რომლითაც ასევე იდენტიფიცირდება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომერი, უნდა ჩაითვალოს პირის მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ხდებოდა წიგნაკის გაცემა და მხოლოდ მისი ხელმოწერაც კი საკმარისია წიგნაკის მართლზომიერ მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევისთვის. კასატორი ასევე მიუთითებს წერილზე, რომლითაც თავჯდომარე ადასტურებს თ. ბ-ის შეყვანას მებაღეობის წევრად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ბ-ემ 2018 წლის 29 ივნისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე 622 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე. დამატებითი დოკუმენტების მოძიების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ივლისის #... სადავო გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2018 წლის 6 აგვისტოს #... სადავო გადაწყვეტილებით კი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; იმავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევა, 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ნორმაში არსებული ჩანაწერი „სხვა დოკუმენტი“ - ტოვებს შესაძლებლობას მარეგისტრირებელმა ორგანომ, გარდა ჩამოთვლილისა, დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ადგენს პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს, მიიჩნიოს მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ბ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ წარდგენილა ისეთი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტზე. უ. ს-ის 1995 წლის 5 სექტემბრის განცხადება და მებაღეობის ამხანაგობა „...ის“ თავმჯდომარის 1995 წლის 6 სექტემბრის წერილი ამხანაგობაში უ. ს-ის ნაცვლად შეყვანის თაობაზე კი, ვერ იქნება მიჩნეული სადავო მიწის ნაკვეთზე მისი მართლზომიერი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა სტანდარტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის არც აღნიშნული ამხანაგობის წესდება, არც მის საქმიანობასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტაცია და არც სხვა მტკიცებულება თ. ბ-ის ამხანაგობაში შეყვანის თაობაზე.
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციით კი დასტურდება, რომ თეთრიწყაროს რაიონის, სოფ. ...ის (1995, 2002, 2004, 2006 წწ და ორი სია თარიღის გარეშე) მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში მოქალაქე თ. ბ-ე არ ფიქსირდება. ამასთან, ... წელს დაბადებული თ. ბ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება არც საკომლო ჩანაწერებში. დადგენილია, რომ 2002 წლის 5 აპრილის #... სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0,091 ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრედ აღრიცხულია ს-ე უ. .
ამასთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 თებერვლის #57-ე განკარგულება, რომლითაც თ. ბ-ეს უარი ეთქვა სოფელ ...ში 622 კვ.მ მიწის ფართობზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს ადგილობრივი მაცხოვრებლების თანხმობას, რომ თ. ბ-ემ მოახდინოს სადავო მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო მიწის ნაკვეთზე თ. ბ-ის საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ზემოაღნიშნული თანხმობა ვერ შექმნის სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 01.03.2021წ. საგადახდო დავალებით მ. ბ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. თ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.03.2021წ. საგადახდო დავალებით მ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა